თანამედროვე ჰეროსტრატეები
3 ათეული წლის წინ მიუნხენის ძველი პინაკოთეკის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა დიურერის სამ სურათს მჟავა გადაასხა. გამოირკვა, რომ დამნაშავეს ხელოვნების ნიმუშები პირველად არ გაუფუჭებია. დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ამას პროტესტის ნიშნად ჩადიოდა, თავისი ყადაღადადებული ქონების გასაპროტესტებლად.
1959 წელს ვინმე „ფილოსოფოსმა“, როგორც თავის თავს უწოდებდა, იმავე გალერეაში მჟავა შეასხა რუბენსის მონუმენტურ ტილოს. ეს იყო ფსიქიკურად დაავადებული მაწანწალა, რომელსაც კაცობრიობის ომებისაგან ხსნა განეზრახა.
მიუნხენის გალერეას ამით არ ამოუწურავს „სტუმრების“ ნუსხა. ერთმა 33 წლის ჰოლანდიელმა რემბრანდტის „ღამის მზირებს“ დანა ჩასცა. იგი თავს ღვთის ძედ მიიჩნევდა. ხოლო უნგრელი ემიგრანტი, რომელმაც წმ. პეტრეს ტაძარში მიქელნჯელოს „პიეტა“ ჩაქუჩით დაამსხვრია, თავს ახალ იესოს უწოდებდა. ამსტერდამში ვიღაცამ ბრეიგელის ტილო დასერა, სანტ-პეტერბურგში კი რემბრანდტის „დანაე“ დაასახიჩრეს.
ყველა ამ ფანატიკოსს, რომლებიც სახელის მოპოვებას ესწრაფოდნენ წინამორბედი ჰყავდა – ბერძენი ჰეროსტრატე, რომელმაც ჩვ. წ. აღ-მდე 356 წელს არტემიდე ეფესელის ტაძარი, მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი – დაწვა.
ამჟამად მიუნხენის ძველი პინაკოთეკა ამერიკელი სპეციალისტების წყალობით სიგნალიზაციის ეფექტური სისტემითაა დამონტაჟებული. გალერეის თითოეული კედელი „მგრძნობიარეა“. ახალი სისტემა არა მარტო განგაშს ტეხს, არამედ დამნაშავესაც იჭერს. ყოველი დარბაზის ჭერში ჩაყენებულია ვიდეოკამერები, რომლებიც თვალყურს ადევნებს დამთვალიერებლებს.
ჰეროსტრატემ მსოფლიოს ერთი საოცრებათაგანი იმისთვის დაწვა, რომ ისტორიაში შესულიყო. დღეს კი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ერთ დაუწერელ კანონს მისდევენ: თანამდეროვე ჰეროსტრატეების გვარ-სახელი არ გამოქვეყნდება, ამიტომ კულტურულ ღირებულებათა შემუსვრით ახლა პოპულარობას ვერავინ მოიპოვებს.