რას ეძებ?

ისტორია კულინარია საქართველო

„თათარიახნი“ – ქართული სახელდახელო სუფრა

„თათარიახნი“ - ქართული სახელდახელო სუფრა

ქართულ ენაში სიტყვა „სუფრამ“, რომელიც სპარსული წარმოშობისაა („სოფრე“) და პირდაპირი მნიშვნელობით მაგიდაზე გადაფარებულ ქსოვილს ნიშნავს, პურის საჭმელად მომზადებული მაგიდის, პურობის, ნადიმის, ქეიფის, სმა-ჭამის მნიშვნელობა მიიღო (ქგლ). მას მრავალი სინონიმი ეძებნება. ესაა ტაბლა (იგივე მაგიდა), სერობა, პურობა, ნადიმი, ტრაპეზი (ბერძ.) და ა.შ., რომლებსაც ბიბლიის ქართულ თარგმანებსა და სხვა წერილობით წყაროებსა თუ ლექსიკონებში ვხვდებით.

ტრადიციული ქართული სუფრის სილამაზეზე, მის განსაკუთრებულ, ორიგინალურ თავისებურებებზე, საწესჩვეულებო ხასიათზე ბევრს წერდნენ ადრე და წერენ ახლაც. ამ მხრივ უაღრესად საინტერესო ცნობებია დაცული როგორც საკუთრივ ქართულ წყაროებში, ნარატიულ თხზულებებსა თუ ფოლკლორულ ძეგლებში, ასევე უცხოელ ავტორთა, მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებში. უცხოელ ავტორთა უმრავლესობა მოხიბლულია ქართული სუფრით, სტუმართმოყვარეობით, ეტიკეტით.

უნდა გავაცალკეოთ საოჯახო და საზოგადოებრივი სუფრები. საოჯახო სუფრებიდან აღსანიშნავია ყოველდღიური და წლის კალენდარულ ციკლთან დაკავშირებული სადღესასწაულო თუ რიტუალური (საშობაო, საახალწლო, სააღდგომო…). საზოგადოებრივ ტრაპეზებს მიეკუთვნება გაფართოებული მასშტაბის სუფრები: საქორწილო, სახატო-სათემო დღეობების, რთვლის დღესასწაულის და სხვანი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სახელდახელო სუფრაც, რომელიც დაუპატიჟებლად მოსული სტუმრის პატივსაცემად იმართებოდა.

ძველად, ხალხური წარმოდგენით, სტუმართან პურის გატეხა (პურობა) ღმერთთან ზიარებას და მისი მფარველობის მოპოვებას ნიშნავდა. იტყოდნენ – სტუმარი ღვთისააო, ე.ი. მას ღვთისგან მოვლენილ პირად თვლიდნენ.

სახელდახელო სუფრა – ყოველდლიური, რიტუალური, საქორწილო, სადღესასწაულო-სალხინო თუ სამგლოვიარო ხასიათის სუფრებს შორის ორიგინალური თავისებურებით გამოირჩევა სახელდახელო სუფრა, რომელიც „თათარიახნის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი. ტერმინი „თათარიახნი“ თურქულია, ნიშნავს შიკრიკისათვის მომზადებულ ხორციან – წვნიან საკვებს (თურქულად „თათაარ“ შიკრიკია, ხოლო „იახნი“ – მოხრაკული ხორცი). ქართულში ეს ტერმინი დღემდე შემორჩა, როგორც სასწრაფოდ მომზადებული კერძისა და ნაუცბათევად გაწყობილი სუფრის აღმნიშვნელი სიტყვა.

ძველად ქართლში სახელდახელო, ტრაპეზისათვის საგანგებო, მცირე ზომის სამფეხა ტაბლა-მაგიდების გამოყენება სცოდნიათ. იგი, როგორც წესი, კერასთან ახლოს, კედელზე, ჰქონდათ ჩამოკიდებული. საჭიროების შემთხვევაში ჩამოიღებდნენ და გააწყობდნენ. ოჯახის უფროსი სუფრის თავში, კერის მარჯვენა მხარეს, დაჯდებოდა, სტუმარი კი მის გვერდით მოთავსდებოდა. პირველი, რითაც სტუმარს ასეთ შემთხვევაში გაუმასპინძლდებოდნენ, პურ-ღვინო იყო და, ვიდრე ოჯახის წევრთა სადღეგრძელო შეისმებოდა, თათარიახნიც მომზადდებოდა.

ქართლში დღესაც განსაკუთრებულ პატივსაცემად ითვლება სტუმრის მიღება ზამთრობით კერასთან ახლოს, ხოლო ზაფხულობით – მარანში, სადაც, ღვინის გარდა, ერბოს, ჭირნახულსა და მთელი წლის სარჩოს ინახავენ. დლეს თათარიახნი, როგორც კერძი, ყოფაში თითქმის აღარსად გვხვდება თავდაპირველი სახით (ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთი წარმოადგენს). ახლა მას უწოდებენ სახელდახელოდ მომზადებულ რომელიმე კერძს (თუნდაც ერბოკვერცხს), ნაუცბათევად გაშლილ სუფრას და ადამიანის მოქმედებასაც კი (გურიაში „გახაზირება” რომ ჰქვია), რაც, ჩვენი აზრით, კულტურის ელემენტების დროსა და სივრცეში გავრცობის, ტრანსფორმაციისა და სახეცვლილების შედეგი უნდა იყოს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *