თენგის ცერცვაძის რჩევები კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ
კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რეკომენდაციებით მიმართავს.
ცერცვაძის განხადებით, იმ ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, ან მცირესიმპტომიანები არიან, არ სჭირდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოძრაობა, სწორი კვება და სითხეების მიღება.
„დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო, ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.
რჩევები შემდეგნაირია: უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხეები, ამასთან სასურველია სითხის ნაწილი იყოს სუფთა წყლის და არა წვენების, ან სხვა სახით. იმოძრავეთ, უძრაობა ზოგიერთი გართულებების, მაგალითად თრომბოებოლიის რისკს უწყობს ხელს. თუ თქვენ უსიმპტომო ხართ, იგულისხმება, რომ არ ხართ ცუდად და შეგიძლიათ იმოძრაოთ, ეს შეიძლება იყოს სიარული, ჩაბუქვნები, აერობიკა და სხვა ნებისმიერი სახის მოძრაობა.
ასევე, თუ თქვენ ტემპერატურის მცირე მატება გაქვთ, შეგიძლიათ სახლში მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მაგრამ თუ ტემპერატურა 38-ზე ნაკლებია, არ არის აუცილებელი მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი საკვებით ვიკვებოთ, იყოს ნაკლები მარილი, შაქარი, ასევე ნაკლები იყოს ცხოველური ცხიმები – კარაქი ჩანაცვლდეს ზეთით და მივიღოთ ბოსტნეული საკმარისი რაოდენობის.
უნდა ვეცადოთ მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, C ვიტამინს, D ვიტამინს, თუთიას და სხვა. ამის გარდა, სადავოა საკითხი, მივიღოთ ვიტამინები, თუ არა, ამასთან დაკავშირებით არსებობს განსახვევებული აზრი მსოფლიოში. ცუდი არ იქნება, თუ მივიღებთ D ვიტამინს, დაახლოებით 2 ათასიდან მაქსიმუმ 5 ათასამდე ერთეულს, თუმცა ჯობია, გავიკეთოთ ანალიზი D ვიტამინზე. C ვიტამინიც დღეში დაახლოებით 1 გრამი შეიძლება მივიღოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.