სუეცის არხი: ადგილი, სადაც აფრიკა აზიას უერთდება
სუეცის ყელზე, იმ ადგილას, სადაც აფრიკა აზიას უერთდება, გაჭრილია სუეცის არხი, საინჟინრო-სამშენებლო სასწაული, რომელიც 193 კილომეტრზეა გადაჭიმული ხმელთაშუა ზღვიდან სუეცის ყურესა და წითელ ზღვამდე.
ამ ადგილას არხის გაჭრის ისტორია თითქმის 4000 წლის წინ იწყება. ევროპისა და აზიის სანაოსნო გზით დაკავშირება რომ ვაჭრობას წაადგებოდა, ამას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები მიხვდნენ და პირველი მმართველი, რომელმაც არხის გაჭრა მოინდომა, ფარაონი სენუსერტ II (ძვ.წ. 1897-1878 წწ) იყო. როგორც ჩანს, მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ დაუსრულებელი არხის ნანგრევები XIX საუკუნის შუა წლებამდე შემორჩა.
ნექო II-ის (ძვ.წ. 610-595) ბრძანებით გაჭრილი არხი დიდ მწარე (მლაშე) ტბას, რომელზეც თანამედროვე არხი გადის, მდინარე ნილოსის განშტოებასთან და შესაბამისად, ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებდა. როგორც ამბობენ, არხის გაყვანას 100000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ წითელ ზღვასთან მისი დაკავშირება მაინც ვერ მოხერხდა. პირველად ეს პტოლემე II ფილადელფოსმა (ძვ.წ. 285-246 წწ.) შეძლო. ამგვარად აღმოსავლეთი და დასავლეთი სანაოსნო გზითაც დაუკავშირდა ერთმანეთს. პერიოდულად მივიწყებულ არხს რეგიონული დომინანტი სამეფოები ათასი წლის განმავლობაში აღადგენდნენ ხოლმე, სანამ საბოლოოდ არ შეწყვიტეს მისით სარგებლობა.
მართალია, ნაპოლეონ ბონაპარტმა XVIII საუკუნის მიწურულს ახალი არხის გაყვანის სურვილი გამოთქვა და 1798 წელს ინჟინრები და კარტოგრაფებიც გაგზავნა ეგვიპტეში, მაგრამ ტექნიკური დეტალები მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში დაზუსტდა და ეგვიპტის ვალის (მეფისნაცვლის) საიდ ფაშასგან ნებართვაც მიიღეს. „სუეცის არხის კომპანიის“ (ფრანგი ბიზნესმენის, ფერდინანდ დე ლესეპსის მიერ დაარსებული ეგვიპტური კორპორაცია, რომლის აქციონერთა უმეტესობა ფრანგი იყო) მიერ აგებული თანამედროვე სუეცის არხი 1869 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა.
10-წლიან მშენებლობაზე 1.5 მილიონი ადამიანი მუშაობდა. ერთზოლიანი არხის სიგრძე თავდაპირველად 164 კილომეტრი იყო.მას შემდეგ არხი ჩრდილოეთისკენ დააგრძელეს. ის დღეს ხმელთაშუა ზრვის სანაპიროზე პორტ-საიდთან სრულდება. არხის სამხრეთ ბოლოში ქალაქი სუეცი მდებარეობს. არხი ზღვის დონეზეა გაჭრილი, რაბები არ აქვს. დინების სიღრმე 20 მეტრია; სიგანე 205-დან 225 მეტრამდე მერყეობს და ძალიან დიდი სუპერტანკერების გარდა, ყველანაირი საზღვაო ტრანსპორტის გატარება შეუძლია.
სუეცის არხით ყოველწლიურად 20000-მდე გემი სარგებლობს და თითოეული მათგანი არხში გასვლის სანაცვლოდ საშუალოდ 250 000 აშშ დოლარს იხდის. სუეცის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სანაოსნო გზაა, რადგან ინდოეთის ოკეანისა და შორეული აღმოსავლეთისკენს მიმავალ გზას ათასობით კილომეტრით ამოკლებს და გემებს აფრიკისთვის შემოვლა აღარ უწევთ.