რას ეძებ?

ისტორია მეცნიერება რელიგია საინტერესო

ტოტემიზმი, ანუ ცხოველთა თაყვანისცემა

ტოტემიზმი, ანუ ცხოველთა თაყვანისცემა


ერთ-ერთ ავსტრალიელ აბორიგენს მოგზაურმა ჰკითხა: ,,ვინა ხარ შენ?“ აბორიგენმა უყოყმანოდ უპასუხა: ,,მე ვარ კენგურუ“. რასაკვირველია, ველურს აზრადაც არ მოსვლია თავი კენგურუდ გამოეცხადებინა, უბრალოდ, იგი იმას გულისხმობდა, რომ კენგურუს გვარიდან იყო, რომ მისი გვარის ტოტემად ითვლებოდა.

რა დაედო საფუძვლად ტოტემური რწმენის წარმოშობას, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული და ნაწილობრივ, ამა თუ იმ სახით, დღესაც შემორჩა, რა როლი შეასრულა მან საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში?

ტოტემიზმი რელიგიის ერთ-ერთი უმარტივესი ფორმაა. ზოგი ავტორის აზრით, იგი პირველყოფილ ადამიანთა საზოგადოების უპირველეს რელიგიურ ფორმადაც უნდა ჩაითვალოს. სიტყვა ტოტემი ალგონკინელ ინდიელთა ენებისაგან წარმოდგება და ,,მის გვარს“ ნიშნავს. ადამიანთა ესა თუ ის ჯგუფი, გვარი თუ ტომი თავის წინაპრად, მამად, უფროს ძმად, ან საერთოდ მფარველად ამა თუ იმ ცხოველს, ფრინველს, მწერს, იშვიათ შემთხვევაში კი უსულო საგანსაც ასახელებდა.

ტოტემიზმის ინტენსიური შესწავლა XVIII საუკუნიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ტოტემიზმის შესახებ დიდხანს მიმდინარეობდა დისკუსია, დაიწერა ბევრი სტატია და წიგნი, გამოქვეყნდა მრავალტომიანი გამოკვლევები, დავა ამ ფორმის გამო დღესაც გრძელდება. მკვლევართა შორის უთანხმოებას განსაკუთრებით ის ფაქტი იწვევს, რომ ტოტემიზმში რელიგიის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, ძალზე გამოკვეთილია სოციალური მხარე. აქედან გამომდინარე, ბევრი მკვლევარი საერთოდ უარყოფს ტოტემიზმს როგორც რელიგიის ფორმას და მას ნახევრად სოციალურ ან სულაც სოციალურ მოვლენად აცხადებს. გარდა ამისა, ტოტემიზმში არის ბევრი სხვა საკითხიც, რომლებზედაც მეცნიერებს განსხვავებული, ზოგჯერ საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები აქვთ გამოთქმული.

ტოტემიზმის კვალი საკმაოდ კარგად არის შემონახული თითქმის მთელ მსოფლიოში. მას შეიძლება წააწყდეთ როგორც განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ხალხებში, ისე ცივილიზებულ საზოგადოებაში გადმონაშთის სახით. ტოტემიზმის ელემენტები განსაკუთრებით თვალსაჩინოა ოკეანიის ხალხებში. ინდონეზიაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში. მის გადმონაშთებს ვხვდებით ციმბირის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებშიც. მაგრამ ტოტემიზმის კლასიკური ქვეყანა ავსტრალიაა.

მაინც რა არის ტოტემიზმის არსი, მისი ძრითადი დანიშნულება? ზოგიერთი ავტორის აზრით, ეს არის დიდი სოციალური მოვლენა ადამიანთა ცხოვრებაში, მთელი საზოგადოების, მისი კუთვნილი ტერიტორიის, ამ ტერიტორიაზე არსებულ უსულო საგანთა თუ სულიერთა მეორეული გადანაწილება, სხვაგვარად – გვარებად დაყოფა (არნოლდ ვან გენეპი). სხვათა შეხედულებით, ტოტემიზმი არის სპეციფიკური დამოკიდებულება სოციალურ ჯგუფსა და ტოტემს შორის, მათი ერთობის გრძნობა, რაც ამ მოვლენის ძირითადი ნიშანია (ბერნჰარდ ანკერმანი).

ზოგი ფიქრობს, რომ ტოტემური ფსიქოლოგია ანიმისტურამდელ აზროვნებას უნდა დავუკავშიროთ (რიჰარდ ტურნვალდი), ზოგის აზრით კი ტოტემური ცხოველი კლანის წმიდა ცხოველია, რომლის სისხლი ღვთაებასთან კლანის ერთობის სიმბოლოა (რობერტსონ სმიტი). მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ტოტემი – ეს არის ღვთაების ელემენტარული ფორმა, ტომის ერთობის მატერიალური სიმბოლო (ემილ დიურკჰაიმი).

ერთერთი პოპულარული შეხედულებაა, რომ ტოტემიზმში უნდა გავარჩიოთ ორი შრე: ნამდვილი ტოტემიზმი, რომელსაც ბევრი მკვლევარი პროტოტემიზმს უწოდებს, და შემდეგდროინდელი ტოტემიზმი. პროტოტემიზმი ანუ ნამდვილი ტოტემიზმი – ეს არის პირველყოფილ ადამიანთა შორის გავრცელებული რწმენა ნახევრად ცხოველური წინაპრებისა, რომელთა სახეები სათავეს ერთგვარი მითიური ,,ნადირთ პატრონისაგან” იღებენ (ად. იენსენი). სხვათა აზრით, ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ „საკულტო ტოტემიზმი” და ,,სოციალური ტოტემიზმი”. ამ ორი ფორმიდან პირველადი იყო ,, საკულტო ტოტემიზმი”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავდაპირველად წარმოიქმნა რელიგიური იდეები და შემდეგ ისინი ადამიანთა ჯგუფებზე, გვარსა თუ კლანზე გავრცელდა (ა. ელკინი, პ. პეტრი). ამ შეხედულებას ერთი ნაკლოვანი მხარე აქვს, იგი უარყოფს ტოტემიზმს, როგორც კოლექტიურ მოვლენას და უპირატესობას მის წარმოშობაში ინდივიდუალური რელიგიის ფორმებს ანიჭებს.

ტოტემიზმი ზოგიერთი ავტორის აზრით, არის რელიგიის ფორმა, რომლითაც ადამიანებმა ცხოველებზე გადაიტანეს თავიანთი საზოგადოების სოციალურ-გვაროვნული წყობა, რომ ტოტემიზმი შეიძლება ჩაითვალოს ფრატრიის, გვარისა თუ კლანის იდეოლოგიურ კავშირად ცხოველთა ამა თუ იმ სახეობასთან. ასეთი ტოტემური კავშირის მიზანი ის იყო, რომ ორ ეგზოგამურ გვარს ერთმანეთთან საქორწინო ურთიერთობა დაემყარებინა.

მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ტოტემიზმი გვარზე ადრე წარმოიშვა, რომ წარმოშობა განსაზღვრა საზოგადოების მიერ დაკავებულმა ტერიტორიამ, ამ ტერიტორიაზე გავრცელებულმა ცხოველებმა, ფრინველებმა, მცენარეებმა, რომელთაც ზოგი მეცნიერი საწარმოო ძალებს უწოდებს.

ზოგი ავტორი ამტკიცებს, რომ ტოტემიზმი არის პირველი ფორმა ნათესაობრივი ურთიერთობის რელიგიური გაცნობიერებისა, რაც მოხდა პალეოლითის დროს პრიმიტიული სამონადირეო-შემგროვებლური მეურნეობის საფუძველზე. ასევე არის მისაზრება, რომ ტოტემიზმი გვაროვნობამდელ სტადიაში, ადამიანთა ცხოვრების პირობებში ჩაისახა, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნადირობის დროს მონადირეთა შენიღბვის ჩვეულებას. ამ ჩვეულებამ, სავარაუდოდ, წარმოშვა ცხოველთან ადამიანის სიახლოვის იდეა.

ბევრი მეცნიერის აზრით ტოტემისტური შეხედულებები საზოგადოებაში ჩამოყალიბდა იმ ხალხებში, რომელთა ძირითადი საქმიანობაც მონადირეობა და შემგროვებლობა იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი თავისი დაბალი, პრიმიტიული საწარმოო ტექნიკის გამო ცხოველზე უკეთესად როდი გრძნობდა თავს. პირველყოფილი ადამიანები ნაკლებად უპირისპირდებოდნენ და შესაბამისად, ნაკლებადაც სწავლობდნენ ბუნების მოვლენებს. მაგრამ მაინც კანონზომიერად ისმის კითხვა რამ მიიყვანა ადამიანი იმ აზრამდე, რომ ესა თუ ის ცხოველი, ფრინველი, მწერი, მცენარე მისი წინაპარი, მამა, ძმა ან მფარველი იყო? ამ კითხვაზე სამეცნიერო ლიტერატურაში, სამწუხაროდ, ერთი პასუხი არ არსებობს. ზოგის აზრით, ტოტემად ირჩევდნენ გვარის დასახლების ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებულ ცხოველებს, მეორეთა შეხედულებით – ისეთს, საკვებად რომ გამოდგებოდა, მესამეთა მიხედვით კი – ცხოველს, რომელსაც გვარი ,,საექსპორ-
ტოდ” იყენებდა. ზოგი ასე ფიქრობს: ერთმა კლანმა ისწავლა გამოეყენებინა ესა თუ ის ცხოველი, მისი ჩლიქები ან ტყავი. ცხოველისადმი ეს დამოკიდებულება აღნიშნული კლანის, გვარის კულტურის დამახასიათებელი ნიშანია. ვინაიდან, ადამიანს ბუნების შემადგენელ ნაწილად მიაჩნდა თავი, მას არ შეეძლო არ ეგრძნო ინტიმური კავშირი თავის კლანს, გვარსა და იმ ცხოველს შორის, რომელიც სხვა კლანებისა და გვარებისაგან განასხვავებდა.

რაღა არ იყო ტოტემად გამოცხადებული: ლომი, ვეფხვი, მგელი, ტურა, ირემი, ცხენი, კენგურუ, არწივი, ყვავი, მუხა, კურდღელი, მწერი. თუ რა პრინციპით ირჩევდნენ ტოტემს, ამის დადგენა ზუსტად არ ხერხდება. მაგრამ ავსტრალიაში შემჩნეულია ერთი კანონზომიერება: იმ ადგილებში, სადაც ზღვა ან დიდი მდინარე იყო, ტოტემად უმეტესად ზღვის ცხოველებს და დიდ თევზებს ირჩევდნენ. იმ ადგილებში, სადაც დიდი წყლები არ იყო, ასეთი ტოტემების რაოდენობა 8 პროცენტამდე დადიოდა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ტოტემთა უმრავლესობა საკვებად გამოდგებოდა. ავსტრალიაში ცნობილი ორასი ტოტემიდან ისეთი იყო 150. დანარჩენი 50, როგორც ვარაუდობენ, ანალოგიის გზით უნდა იყოს წარმოშობილი.

როგორი იყო ადამიანთა ჯგუფისა და ტოტების ურთიერთკიდებულება? როგორც წესი, ტოტემზე ტაბუ იყო დადებული და ხელის ხლება არ შეიძლებოდა. ტომის წევრები ყოველმხრივ გამოხატავდნენ მოწიწებას და თაყვანისცემას ტოტემის მიმართ და ცდილობდნენ მის გამრავლებას, წელიწადის ერთი დღე განკუთენილი იყო ტაბუს დროებითი და რიტუალური დაკვლისათვის, რასაც თან ახლდა გარკვეული წეს-ჩვეულებების შესრულება, შემდეგ ტომის ბელადი დაანაწილებდა დაკლული ცხოველის სხეულს და პატარ-პატარა ნაწილებით აწვდიდა ტომის წევრებს ამ სიტყვებით: ,,წელს შენ ბევრ ხორცს შეჭამ“, ხორცის შეჭმის შემდეგ ტომისა თუ გვარის წევრზე თითქოსდა გადმოდიოდა ის ზებუნებრივი ძალა, რაც ტოტემს მიეწერებოდა.

ადამიანთა ჯგუფის დამოკიდებულება თავისი ტოტემისადმი ავსტრალიელთა მაგალითზე კარგად აქვს აღწერილი ცნობილ ინგლისელ ეთნოგრაფსა და რელიგიათმცოდნეს ჯეიმს ფრეზერს. ,,ცენტრალურ ავსტრალიაში, – წერს იგი, – ტომები დაყოფილია ტოტემურ კლანებად, თითოეულ მათგანს ეკისრება თავისი ტოტემების გამრავლება მაგიური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით. ტოტემი უმეტესად საკვებად გამოსაყენებელი ცხოველი და მცენარეა, მთავარი შედეგი, რასაც შესრულებული რიტუალისაგან ელიან, არის ტომის ან გვარის უზრუნველყოფა საჭმლით ან რაიმე აუცილებელი საგნებით.

1900 წ. ავსტრალია, ვარამუნგას ტომი – ტოტემური რიტუალი

ხშირად ასეთი რიტუალების შესრულება სასურველი შედეგის იმიტაციაა. მაგალითად, თეთრი კაკადუს ტომის ბელადი თავის ტოტემს გამრავლებაში იმით ,,ეხმარება”, რომ ხელში უჭირავს ამ ფრინველის ფიტული და ბაძავს მის ყვირილს. ემუს კლანის მამაკაცები, იმისათვის, რომ ფრინველს გამრავლებაში შეუწყონ ხელი, მიწაზე ხატავენ მის წმიდა გამოსახულებას, განსაკუთრებით იმ ნაწილებისას, რომლებიც საჭმელად გემრიელია, ნახატს გარს შემოუსხდებიან და მღერიან. შემდეგ გამოდიან თავდახურული მოცეკვავეები, რომელთა დანახვაზე ემუს პატარა თავი და გრძელი კისერი მოგაგონდებათ. ისინი განასახიერებენ, როგორ დგას ფრინველი, როგორ აქნევს თავს და აქეთ-იქით იყურება.

გამრავლებისათვის შესრულებულ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებს ცენტრალურ ავსტრალიაში, არენდას ტომში ინტიჩუმა ერქვა. ზოგიერთი მკვლევარი ამ წეს-ჩვეულებებს ძირითადად აცხადებდა ტოტემიზმში. ზოგ შემთხვევაში გამრავლების რიტუალებს თან სდევდა ცხოველის რიტუალური შეჭმაც.

ტოტემიზმის რიტუალებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა წმიდა ემბლემებს, რომელთაც ჩურინგები ეწოდებოდა. ეს იყო ქვისაგან ან ხისაგან გაკეთებული სიმბოლურნაყშიანი საგნები. ამ ემბლემებს საიდუმლო ადგილებში მალავდნენ – ხეობაში, ტბორებთან, იქ, სადაც გვარის წმიდა ნაწილები ინახებოდა და სადაც ტრადიციულად ტოტემური წეს-ჩვეულებები თუ რიტუალები სრულდებოდა.

არენდას ტომში საკმარისი იყო ასეთი სიმბოლო ქალს ენახა, რომ მას სიკვდილი არ ასცდებოდა. ჩურინგებს ზოგჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე თვით ტოტემურ ცხოველს.

ტოტემიზმში არჩევენ რამდენიმე სახეობას: ფრატრიისას, ჯგუფურს (გვარის, კლანის), სქესობრივს, ინდივიდუალურს.

ფრატრია იყო ტომის ქვედანაყოფი, რამდენიმე გვარის ერთობა, რომელსაც საერთო ტოტემი ჰქონდა და რომლის ქორწინება იკრძალებოდა. ძალზე ხშირად ტომი იყოფოდა ორ ფრატრიად, რომელთაც ერთმანეთთან ქორწინების უფლება ჰქონდათ.

ჯგუფური (გვაროვნული, კლანისა) ტოტემიზმი ფრატრიის ქვედანაყოფი იყო. გვარი ძირითად, რეალურ სოციალურ ერთეულს წარმოადგენდა და ტოტემიზმის ეს სახეობაც უმთავრესად ითვლებოდა.

ძალზე თავისებური იყო სქესობრივი ტოტემიზმი, აქ მამაკაკაცებს თავიანთი ტოტემი ჰქონდათ, ქალებს კი – თავიანთი. როგორც დაადგინეს, სქესობრივი ტოტემები ფრინველები და ღამურები იყო. ამ ტოტემის მოკვლა ან შეჭმა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, ზოგჯერ მამაკაცები ქალების გასაბრაზებლად მათ კლავდნენ, რის პასუხადაც ქალები უსწორდებოდნენ მამაკაცების ტოტემს.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ტოტემიზმს, იგი ძირითადი არ იყო. გვარის ყველა წევრი უსიტყვოდ სცემდა თაყვანს გვარის საერთო ტოტემს, მაგრამ ზოგიერთს ინდივიდუალური ტოტემიც ჰქონდა.

ტოტემიზმის წარმოშობიდან და მისი გავლენის დაცემიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მისი ცალკეული ელემენტები წეს-ჩვეულებების, ტრადიციებისა და რიტუალების სახით დღესაც არის გავრცელებული და ალბათ გადმონაშთის სახით კიდევ დიდხანს იარსებებს…


ავტორი: თეიმურაზ ფანჯიკიძე

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *