გეორგიევსკის ტრაქტატი – რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოს გაუქმების ანალიზი
გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიის სამხრეთის საზღვრების საგარეო პოლიტიკური რთული სისტემის ნაწილი იყო. მისი შინაარსობრივი ბირთვი იყო რუსული დიპლომატიის მიერ 1760 წლიდან შობილი იდეა, მეგობრული ადგილობრივი მმართველების სამფლობელოებით რუსეთის იმპერიის სამხრეთ საზღვარზე შეექმნათ „ბარიერი“. მას ერთგვარი ბუფერის როლი უნდა ეთამაშა რუსეთს, თურქთსა და ირანს შორის იმისათვის, რომ ამ სახელმწიფოებს შორის შემცირებულიყო სახიფათო „ხახუნი“.
სხვადასხვა მიზეზის გამო ეს პროექტი ჩავარდა. როგორც ჩანს, გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დროს რუსეთის იმპერიის მმართველ წრეებს და მეფე ერეკლე II-ს არ ესმოდათ ან ანგარიშს არ უწევდნენ ერთმანეთის ჭეშმარიტ მიზნებსა და მოტივებს. პეტერბურგში უნდოდათ, სამხრეთკავკასიაში „ბარიერის“ შექმნით თურქეთთან და ირანთან სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობა შეემცირებინათ.
რუსულ მმართველ ზედაფენას დიდი სტრატეგიული მიზნების მიღწევა მცირე სამხედრო-პოლიტიკური დანაკარგებით სურდათ. ზუსტად ამით აიხსნება, რომ ერეკლე II-ის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, რაც შეიძლება მეტი რუსული ჯარი გამოეგზავნათ, აღმოსავლეთ საქართველოში შეყვანილი იქნა მხოლოდ ეგერების (გერმ.: Jäger – მონადირე,- ბევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მსუბუქი ფეხოსნის ჩინი) ორი ბატალიონი, რომელთა მანდატი უპირველესად სამეფოს დაცვა იყო. მაგრამ საქართველოს მეფეს სხვა გეგმები ჰქონდა. რუსული ჯარები მას არა თავდაცვისთვის, არამედ დაპყრობითი, აგრესიული პოლიტიკისათვის სჭირდებოდა. მეფე ერეკლე II-ს მიზანი იყო, რეგიონალური ჰეგემონი გამხდარიყო რუსულ ხიშტებზე დაყრდნობით.
ასეთი პოლიტიკა წინასწარ განწირული იყო წინააღმდეგობისათვის როგორც თურქეთისა და ირანის, ასევე სხვა სამხრეთკავკასიური მმართველების მხრიდან. სწორედ ეს გარემოებები არ გაითვალისწინეს პეტერბურგში. რუსულმა მმართველმა წრეებმა აშკარად ვერ შეაფასეს თურქეთისა და ირანის მხრიდან აღმოსავლეთ საქართველოზე ზეწოლის ხარისხი მისი რუსეთის პროტექტორატიდან გამოსაყვანად. შესაბამისად, გეორგიევსკის ტრაქტატი 1784-1786 წლებში იქცა ჯერ თურქი და ლეკი რაზმების მასობრივი თავდასხმებით ქართლ-კახეთის აოხრების, ხოლო შემდეგ, 1787 წელს თურქეთის მიერ რუსეთისათვის ომის გამოცხადების მიზეზად. საბოლოოდ კი დამთავრდა სპარსელების მიერ 1795 წელს თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს განადგურებით. თავის მხრივ ამან 1796 წელს რუსეთ-სპარსეთის ომი გამოიწვია. ამ მოვლენების ფონზე პეტერბურგში მიხვდნენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფო სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სუსტი იყო, რომ რუსეთის მოკავშირის და სამხრეთკავკასიური „ბარიერის“ გადამწყვეტი ელემენტის როლი ეთამაშა.
სპარსული ლაშქრობის დროს პეტერბურგიდან შეეცადნენ ერეკლე II-ის ყურადღება მიექციათ სამეფოს შიდა წესრიგის დამყარების და შეიაღარებული ძალების გაძლიერებისაკენ. 1796 წლის 30 აპრილის წერილში პ.ა.ზუბოვი სპეციალურად უსვამდა ხაზს, რომ სამეფოს შიგნით წესრიგის დამყარების გარეშე რუსული ჯარის ძალისხმევა უშედეგო, ხოლო სუსტი ქართული სახელმწიფო მოკავშირეებისათვის უსარგებლო იქნებოდა.
მეფის პასუხი გულახდილი იყო: „ერთმმართველობის დამყარება და სამთავროების გაუქმება, მოხუცებულობის გამო მას არ შეუძლია“. შედეგად უკვე 1796 წელს როგორც პეტერბურგისთვის ისე თბილისისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი უნდა გამოენახათ.რუსულ ტახტზე პავლე I-ის ასვლამ ამ საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე წლით გადაავადა. ახალმა იმპერატორმა შეწყვიტა სპარსეთის სამხედრო კამპანია. მან გააგრძელა 1790 წლების პირველი ნახევრის პოლიტიკა. პეტერბურგი ისევ ცდილობდა ნაკლები სამხედრო დანახარჯებით, დიპლომატიაზე აქცენტირებით შეექმნა ალიანსი სამხრეთკავკასიელ მმართველებთან და პირველ რიგში ქართლ-კახეთის სამეფოსთან.
ამის შესახებ ნათლადაა ნათქვამი იმპერატორის 1797 წლის 5 იანვრის რესკრიპტში (ლათ.: rescriptum – სიტყვასიტყვით, – წერილობითი პასუხი, რუსთის იმპერიაში -იმპერატორის პირადი წერილი) გენერალ-ანშეფ (ფრანგ.: général en chef) ი.ვ.გუდოვიჩისადმი: „В разсуждении царя карталинского…, соблюдать с сим владетелем всякое пристойное сношение, и его удерживать в добром согласии и единодушии с владельцами и областями, России более приверженными, дабы, в случае надобности, соединенными силами все они могли стать против покушающихся наших врагов, и мы колико можно меньше имели надобности вступаться за них вооруженною рукою“.
თბილისში კი დაინტერესებული იყვნენ სამხრეთკავკასიაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მუდმივი ყოფნით. რუსეთის ტახტზე იმპერატორ პავლე I-ის ასვლის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, 1797 წლის თებერვალში ერეკლე II-მ მისალოცად და აღა მახმად ხანისაგან ქვეყნის დასაცავად რუსული ჯარის საქართველოში დატოვების თხოვნით პეტერბურგში გააგზავნა თავისი სრულუფლებიანი მინისტრი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე. ირანის მმართველისგან მომავალი საფრთხე არ გამქარალა. რუსული ჯარის სამხრეთკავკასიიდან გაყვანამ ხანი წაახალისა და მან ურჩი ვასალების მიმართ ახალი სადამსჯელო ექსპედიციის მომზადება დაიწყო. ქართველ მეფეს მან მრისხანე ფირმანი გაუგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა.
(ცნობილია ქართველი მეფეებისადმი გამოგზავნილი რამდენიმე ფირმანის შესახებ: „თქვენმა უმაღლესობამ კარგათ იცის, რომ თქვენ ყოველთვის ირანთან გქონიათ მეგობრობა და სამეზობლო სალამი. ეხლა ეს დაგირღვევიათ და რუსებს მოჰკიდებიხართ, თქვენ ერთი ჭკვიანი კაცი ხართ, ეს როგორ გეკადრებათ, ამიტომ ვისურვებ, რომ თქვენ წინათვე შეგატყობინოთ, რომ რუსებთან შეერთება დახსნათ, თორემ თუ ამას არ იზამთ, მაშინ ჩვენ მოვალთ და ქართველთა და რუსთა სისხლს დავაქცევთ და მტკვრის მსგავსათ მდინარეთ გავაკეთებთ, ამის მოწერა ჩვენ მიტომ მოვინდომეთ, რომ შენ შენი თავი იცნა და რუსებთან შეერთება დახსნათ“.
1799 წ. თბილისში ოსმალთაგან დეპუტაცია მოვიდა და მეფე გიორგი XII-ს თხოვდნენ: „თქვენ ოღონდ საქართველოს რუსებს ნუ მისცემთ, ოღონდ რუსებს ნუ შემოუშვებთ საქართველოში და ჩვენ პირობას მოგცემთ, რომ დღეის შემდეგ თქვენი შემწუხებელი აღარც სპარსნი ექმნენ და აღარც ოსმალნი. გარდა ასეთის პირობის ჩვენ დაგიბრუნებთ თქვენ ყველა წართმეულ საქაროველოს ალაგებს და მასთან სამხედრო იარაღით ღა ჯარითაც დაგეხმარებით“.
1799 წლის ბოლოს ან 1800 წ. დასაწყისში მეფე გიორგის აღა მახმად ხანისა ძმისშილის, ბაბა ხან ფეთ ალი შაჰისაგანაც მოუვიდა დეპუტაცია. ბაბა ხანმა ბიძის მტრობის მაგიერ ქართველებთან მეგობრობა ისურვა მეფე გიორგის შემოუთვალა: „ოღონდ თქვენ რუსებს ნუ უკავშირდებით, რუსებს საქართველოში ნუ შემოიყვანთ და ჩვენ მოგცემთ პირობას, რომ დღეის შემდეგ, ერთმა სპარსმაც აღარ შემოადგას ფეხი საქართველოში. ამას ჩვენ გადმოგცემთ შირვანს, ბაქოს, ერევანს, გარდა და სხვა ადგილებსაც, დაგეხმარებით ჯარით, საომარის იარაღით და სხვა ფრითაც, ოღონდ რუსები ნუ მოგყავთ, თორემ ბოლოს ეს ჩვენთვისაც ცუდი იქნება“. იმპერატორი პავლესთან კონსულტაციის შემდეგნ გიორგი მეფემ ეს წინადადება უარყო. ყეინი მეფე ერეკლეს ასე ეხვეწებოდა: „ოღონდ თქვენ ქართველებმა რუსებთან კავშირი მოსპეთ და ჩვენ თქვენ სასარგებლოდ შევასრულებთ ყოველისფერს ისე, როგორც თქვენი უმაღლესობა ისურვებს და იკადრებს“).
პეტერბურგმა მეფის თხოვნა გაითვალისწინა, – საქართველოში დატოვეს ორი ბატალიონი. ერეკლემ ელჩს ასევე დაავალა რუსეთის ხელმძღვანელობისათვის გადაეცა რუსეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ურთიერთობის ახალი პროექტი. მეფის დავალებით, 1797 წლის 11 ივნისს გარსევან ჭავჭავაძემ იმპერატორს შესაბამისი მოხსენებით მიმართა. ამ დოკუმენტის პუნქტები ორ აზრობრივ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველი ეხებოდა რუსული ჯარებით საქართველოს სამეფოს დაცვას, მეორე კი – შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. მეფე ისევ ითხოვდა სამეფოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის დატოვებას იმ მოცულობით, რაც 1796 წლამდე იყო მანამდე, სანამ „მიმდინარე მშფოთვარე გარემოებები არ ჩაივლიდა“.
ერეკლე იმპერატორს სთავაზობდა გეორგიევსკის ტრაქტატის პირობას დაბრუნებოდნენ და აღმოსავლეთ საქართველოში ფეხოსანი ჯარისა და არტილერიის ორი ბატალიონი მუდმივად განთავსებულიყო. ამასთან, ის პირობას დებდა, რომ რუსულ კონტინგენტს იმპერატორის უზენაესი ნების გარეშე სამეფოს საზღვრებს მიღმა არ გამოიყენებდა. ერეკლე II ასევე დებდა პირობას, რომ იმპერატორის სანქცირების გარეშე არათუ არ შეეცდებოდა საკუთარი მფლობელობის გაფართოებას მეზობლების ხარჯზე, არამედ მათთან დიალოგსაც კი არ წამოიწყებდა.
ამით მეფე ფაქტობრივად უარს ამბობდა გეორგიევსკის ტრაქტატის იმ პუნქტებზე, რომელთა მიხედვით რუსეთის ხელისუფლება პირობას დებდა მას დახმარებოდა თურქებისაგან ახალციხის, ყარსის დაბრუნებაში და ერევნისა და განჯის დამორჩილებაში. მეფის მეორე წინადადება მთლიანად გადიოდა გეორგიევსკის ტრაქტატის ჩარჩოებიდან, რადგან სამეფოს შიდა საქმეებს ეხებოდა. ცხადი ხდებოდა, რომ რუსული ბატალიონები მეფეს მხოლოდ გარეშე მტრებისაგან სამეფოს დასაცავად კი არა, არამედ ერთგვარ შინაგან ჯარებად, ხელქვეითთა შესაკავებლად და დასამორჩილებლად სჭირდებოდა.
ქვეშევრდომთა „შეკავების“ და „დამორჩილების“ ხსენება შემთხვევითი არ იყო, რადგან მეფეს აწუხებდა ტახტისმემკვიდრეობის საკითხი, რაც მან თვითონვე გაართულა. 1791 წელს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მეფე გიორგი უნდა გამხდარიყო, მის შემდეგ კი ტახტის მემკვიდრე გახდებოდა მისი შვილი დარეჯან დედოფალთან – ბატონიშვილი იულონი. მოგვიანებით, გონს მოსული მეფე წარუმატებლად ცდილობდა ამ ბრძანების დეზავუირებას. თავისი შეცდომის გამოსასწორებლად ერეკლე II რუსეთის იმპერატორს, როგორც თავისი სამეფო ნების შესრულების გარანტს თხოვდა, დაედასტურებინა, რომ მისი მემკვიდრე იყო გიორგი. ამგვარად ცდილობდა პატარა კახი გარდაცვალების შემდეგ შვილებში ტახტისთვის ბრძოლა გამოერიცხა.
მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენის საწინააღმდეგო აზიური სამართალწარმოების შემორჩენილი წესების აღმოსაფხვრელად ის ასევე ითხოვდა, საქართველოს სამეფოზე გავრცელებულიყო სახელმწიფოს მართვის რუსული კანონი. ასე ცდილობდა ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის დახმარებით შუასაუკუნეობრივი სუსტი მონარქია ევროპული ტიპის თანამედროვე სახელმწიფოდ ექცია.