რას ეძებ?

ბუნება სხვა

ეიხლერის ტიტა (წითელი ტიტა)

ეიხლერის ტიტა (წითელი ტიტა) - (tulipa eichleri regel)

ეიხლერის ტიტა უძველესი და უიშეიათესი ენდემური სახეობაა. ეს ყვავლი მოხდენილი, კოხტა ფორმისაა და ფერთა სიუხვის გამო ოდითგანვე ითვლებოდა ხალხის უსაყვარლეს მცენარედ. მრავალი საუკუნის წინ ის ველურად ხარობდა საქართველოში, შუა აზიაში, სპარსეთში, სირიასა და თურქეთში.

ტიტას სამშობლო შუა აზიაა, წარმოშობის მეორე ცენტრი კი – ამიერკავკასია. თუ ეს ასეა და ამაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა, მაშინ ცხადია, რომ ამიერკავკასიაში, მათ შორის საქართველოშიც, ტიტებს ევოლუციური განვითარების დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან სახეობის წარმოშობასა და ჩამოყალიბებას ხანგრძლივი გეოლოგიური პერიოდი ესაჭიროება.

ტიტა მრავალწლოვანი ბოლქვიანი, გეოფიტი, ეფემეროიდი, მაღალდეკორატიული სახეობაა. ხარობს მხოლოდ მცხეთის, საგურამოსა და ქიზიყის მიდამოებში. ბუნებრივ პირობებში იზრდება მშრალ, კლდოვან ფერდობებზე, მთის ქვედა სარტყელში. აქვს კვერცხისებრი ფორმის ბოლქვი, რომელზეც ტყავისებრი გარსია შემოხვეული ქერქლების სახით; მალალი, შებუსვილი, 20-60 სმ-მდე სიმალლის ღეროთი, კაშკაშა წითელი ყვავილით. ყვავილის საფრის გარეთა ფოთლები მოგრძო ელიფსურია, შიგნით კი კვერცხისებრი. ყვავილის შიგნით ფუძესთან განლაგებულია არშიაშემოვლებული შავი ლაქა და შავი მტვრიანები.

ვეგეტაცია ეწყება მარტიდან, ყვავილობს აპრილიდან, თესლმსხმოიარობს ივნისიდან. ყინვა და გვალვაგამძლეა. მრავლდება სწრაფად, ვეგეტაციურად, ბოლქვითა და თესლით. თესლით გამრავლება უმთავრესად სელექციური მიზნებისთვის გამოიყენება.

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქართლში, ტიტა უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი. ამ მოსაზრების დასტურად შეიძლება გამოგვადგეს ისტორიული მასალა, რომელთა შორის ყველაზე საიმედო და საინტერესოა „ლამაზ გორაზე“ (ბოლნისის რაიონი) ბოლოდროინდელი არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობის შედეგები. აქ აღმოჩენილ რამდენიმე სტელაზე გამოსახულია ჯვრები, რომელთა ქიმებზე ამოკვეთილია ტიტას ყვავილები.

როგორც ჯუანშერ ამირანაშვილი აღნიშნავს, I-V საუკუნეების ქრისტიანულ რელიგიურ ხელოვნებაში არ ყოფილა მიღებული ჯვარცმის გამოსახვა. ქვის ჯვრების ზედაპირი მუშავდებოდა სადა სახის ჩუქურთმებით, შუა ჯვარედინზე თავსდებოდა ორნამენტი, ხოლო ჯვრის ქიმებზე – რელიეფური ტიტას ყვავილი.

თქმულების თანახმად, ქრისტეს მამამ, იოსებმა, მიიტანა ტაძარში კვერთხი, რომელიც შემდგომ აყვავებულა. ამ მოვლენის გამო ჯვრის ქიმებს უკეთდებოდა ყვავილოვანი განშტოებანი და ეწოდებოდა „აყვავებული ჯვრები“. ამ ტიპის ჯვრები მიეკუთვნება IV-VII საუკუნეებს, რადგან ამ პერიოდში ფართოდ ვრცელდება მათი გამოსახულება ქრისტიანულ სამყაროში.

როგორც: ჯ. ამირანაშვილი აღნიშნავს, თავდაპირველად ქიმებს აყვავებული ყვავილით გამოსახავდნენ მხოლოდ ძლევის ჯვარზე, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო სიცოცხლესა და აღორძინებასთან. ამიტომ „ლამაზ გორაზე“ ნაპოვნ ჯვრებს უნდა ჰქონოდა ორმაგი დანიშნულება – აღორძინებისა და ძლევისა.

აყვავებული ჯვრების შესახებ არსებულმა გამოკვლევებმა დაგვიდასტურა, რომ მათზე გამოსახული ყვავილი ტიტაა. ნიკო ჩუბინაშვილის ნაშრომში ვხვდებით რამდენიმე სურათს სტელაზე გამოსახული ტიტას ყვავილით; გვერდით კაპიტელებზე ცალ-ცალკე, ვაზის ტოტის ბოლოში და სხვ. სტელებზე მცენარეთა სხვადასხვა გამოსახულება ჩვენში შემოსულა ალმოსავლეთიდან ჩვ.წ-მდე I საუკუნეში – ვაზი, როგორც ქართველი კაცის ყოფისა და სიცოცხლის სიმბოლო, ხოლო ტიტა – აღორძინებისა და ძლევისა.

ევროპულ ქვეყნებში ეიხლერის ტიტამ დიდი წვლილი შეიტანა გამძლე და მაღალდეკორატიული ჯიშების გამოყვანის საქმეში. ამ სახეობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. ის გამოირჩევა ვირუსულ დაავადებათა მიმართ მდგრადობით, ხანგრძლივი ყვავილობითა და ყვავილების მოხდენილი და ლამაზი ფორმით.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ალმოსავლეთ საქართველოს ფლორის უიშვიათეს ვიწროლოკალურ ენდემურ სახეობას. გამოიყენება დეკორატიულ, ლანდშაფტურ არქიტექტურაში და სათაიგულედ. მათზე გააქტივებული ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად, ბუნებრივ პირობებში უკვე ერთეულების სახით გვხვდება.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *