რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო

თურქეთის სრუტეების კრიზისი / მცირე ისტორიული ექსკურსი

თურქეთის სრუტეების კრიზისი / მცირე ისტორიული ექსკურსი

თურქეთის სრუტეების – ბოსფორის და დარდანელის – კრიზისი ცივ ომამდე, 1936 წელს მონტრეს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყო და ცივი ომის დროს გაგრძელდა. პირველი ფაზა – 1936 წლის 20 ივლისიდან 1946 წლის 6 აგვისტომდე დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომამდე სსრკ ცდილობდა ხელშეკრულება გადაესინჯა და სრუტეებზე ორმხრივი კონტროლი დაეწესებინა.

მეორე ფაზა, ცივი ომის დროინდელი, 1946 წლის 7 აგვისტოდან,ომის შემდეგ იღებს სათავეს. ამ დღეს სსრკ-მ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, სადაც აღნიშნავდა,რომ სრუტეების რეჟიმი შავი ზღვის ქვეყნებისათვის უსაფრთხო არ იყო (საბაბად მოიტანეს,რომ ომის დროს სანამ თურქეთი ნეიტრალური იყო,გერმანული და იტალიური გემები თავისუფლად გაატარეს). როცა საკითხი გაიტანეს პოტსდამის კონფერენციაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა ჯერ განაცხადა,რომ ეს თურქების და საბჭოელების „შინაური“ საქმე იყო, თუმცა მალე პოზიცია შეიცვალა და არ უნდოდა, რომ სრუტეებზე საბჭოთა გავლენა დამყარებულიყო.

1946 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე სსრკ-მ გაზარდა საზღვაო ყოფნა შავ ზღვაზე და თურქეთის სანაპიროების ახლოს მანევრებს ატარებდა. თურქებმა საშველად ამერიკელებს მიმართეს. ტრუმენმა შავ ზღვაში შენაერთი გაგზავნა. 9 ოქტომბერს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ თანადგომა გამოუცხადეს თურქეთს. თურქეთმა ნეიტრალიტეტი დატოვა და ამერიკელებისგან ტრუმენის დოქტრინის ფარგლებში 100 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. 26 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა თავისი საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი უკან გაიყვანა.თითქოს სიტუაცია უნდა დაწყნარებულიყო, მაგრამ სსრკ-მ ახალი განზომილება შემოიტანა კონფლიქტში.

ცოტა უკან დავიხიოთ.

ნიკიტა ხრუშჩოვმა თავის მემუარებში(მისმა შვილმა სერგეიმ მისი ასლი გააკეთა, როცა ნიკიტა ჰოსპიტალიზებული იყო 1970 წელს,ორიგინალი კგბ-ს მისცა,რომელიც ისედაც წაართმევდა მას,ხოლო ასლი გამოქვეყნდა დასავლეთის პრესაში და განრისხება გამოიწვია სსრკ-ში) აღნიშნა,რომ ლავრენტი ბერია შეუჩნდა სტალინს, რათა თურქეთისთვის წაერთმია საქართველოს სსრ-ს სასარგებლოდ მიწები, რომლებიც ისტორიულად ამ ქვეყანას ეკუთვნოდა.

1945 წლის 14-20 დეკემბერს ცენტრალურ ქართულ და რუსულ გაზეთებში: “კომუნისტში“, “ზარია ვოსტოკაში“,“პრავდაში“ და „იზვესტიაში“ აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის წერილი „ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა თურქეთის მიმართ“, გამოქვეყნდა.მომყავს ნაწყვეტი:

„წარმატებული განმათავისუფლებელი ომის შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია ემზადება იბრძოლოს მშვიდობისათვის და აყვავებისთვის, თავისუფლების მოყვარულ ხალხს უნდა დაიკავოს მისი სამართლიანი ადგილი. ქართველი ხალხი, ხალხი, რომელმაც გაიღო უკიდურესი მსხვერპლი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.ამ ხალხმა დაიმსახურა უფლება სამართლიანი მოთხოვნისა.ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო პუბლიკის აზრს თურქეთის მიერ მიტაცებულ ჩვენს უძველეს მიწებს მიაქციოს ყურადღება. ეს არათუ უმნიშვნელო ტერიტორიული ზიანია, არამედ დანაშაული ჩვენი ხალხის იდენტობის წინაშე. დანაშაული, რომელმაც ჩვენი ეროვნული სხეული შუაზე გახლიჩა. ეს არის მოთხოვნა მიწისა, რომელიც ასწლეულების ხანგრძლივობის ბრძოლების მიზეზი გახდა, რომელსაც ჩვენმა ხალხმა გაუძლო. ეს წერილი მთავრდება მოთხოვნით:ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს მათი მშობლიური მიწა უკან. მხარე, რომელიც არასოდეს მიუტოვებია და შეუძლებელია მიატოვოს.“

არსებობდა სამი საბჭოთა გეგმა:

პირველი გეგმა – მოიცავდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ყარსის, ბათუმის ოლქებს და ერივანის საგუბერნატოროს სურმალის უეზდს (ქალაქი იგდირი და შემოგარენი);

მეორე გეგმა – მოიცავდა საქართველოს სსრ-ს პრეტენზიებს ჭოროხის გასწვრივ და აღმოსავლეთ ლაზეთს, აგრეთვე სომხეთის სსრ-ს პრეტენზიებს ალაშკერტის (ახლანდელი ელეშკირტის) მიმართ (ბაიაზეთი (ახლანდელი დოგუბაიაზითი დამატებული ყარსზე და სურმალიზე));

მესამე გეგმა—მოიცავდა თურქეთის ტრაბზონის, გუმუშანეს და გირესუნის ოლქებს მდინარე თერმეს გასწვრივ და ანატოლიის აღმოსავლეთის დიდ ნაწილს (ერზურუმი, ვანი, მუში, ბითლისი).

გარდა ამისა, სსრკ გეგმავდა ჩაესახლებინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სირიიდან, ლიბანიდან,რუმინეთიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, პალესტინიდან, ეგვიპტიდა, ერაყიდან და საფრანგეთიდან საბჭოთა სომხეთში დაბრუნებული 150 000-მდე სომეხის ნაწილი.

მთელ ამ გეგმებს თურქეთთან ერთად აშშ-ც ეწინააღმდეგებოდა. 1952 წელს თურქეთი შეუერთდა ნატო-ს და ამ ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილება დიდი ომის გარეშე შეუძლებელი გახდა.ბოლოს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სსრკ-ს ახალმა ლიდერშიპმა სიტუაციის დაწყნარება ამჯობინა.

კრიზისის ოფიციალური დამთავრების თარიღად 1953 წლის 30 მაისი ითვლება.

წყარო: მსოფლიო ისტორია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *