ვიქტორ ბელენკო: გაქცევა საბჭოთა კავშირიდან
დღეს დაახლოებით ორმოცდაათამდე რუსული წარმოების გამანადგურებელი დაფრინავს აშშ-ს საჰაერო სივრცეში – მოძველებული MIG-15-დან თანამედროვე MIG-29-მდე. მათი უმეტესობა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის პაქტის შეწყვეტის შემდეგ ღია ბაზარზე იქნა შეძენილი. საბჭოთა პერიოდში ამერიკელებს არ ჰქონდათ საბჭოთა საბრძოლო მანქანების შეძენის შესაძლებლობა, თუმცა შეერთებული შტატები მზად იყო ყველაფრისთვის, რომ როგორმე ეს მოეხერხებინა.
1976 წლის 6 სექტემბერს მოხდა საგანგებო შემთხვევა: სასწავლო ფრენის დროს შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ აეროდრომზე, პრიმორიეში, უფროსი ლეიტენანტი ვიქტორ ბელენკო აფრინდა სუპერთანამედროვე MiG-25-ით და ბაზაზე აღარ დაბრუნებულა.
MiG-25 არ იყო უბრალო თვითმფრინავი, არამედ საბჭოთა ინჟინრების ნამდვილი სიამაყე. მაღალი სიმაღლის მოიერიშე-გამანადგურებელს, ნატოს კლასიფიკაციით, „მფრინავი მელა“ ეწოდა. დასავლეთში ამ თვითმფრინავს უნიკალურ მახასიათებლებს მიაწერდნენ, მაგრამ მისი რეალური შესაძლებლობების შემოწმების არანაირი გზა არ არსებობდა: საბჭოთა კავშირმა იცოდა, როგორ შეენარჩუნებინა თავისი საიდუმლოებები.
ბელენკოს გაქცევის დიდი ხნის განმავლობაში არ სჯეროდათ: იმედოვნებდნენ, რომ მოხდა ავარია, ტექნიკური გაუმართაობა, ან თვითმფრინავი მოხვდა ცუდი ხილვადობის ზონაში და შეეძლო კურსიდან გადახვევა. პილოტის ძებნა შეწყდა მხოლოდ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზარის შემდეგ, რა დროსაც საბჭოთა მეთაურებს აცნობეს, რომ ბელენკო დაეშვა ჰაკოდატეს აეროპორტში, კუნძულ ჰოკაიდოზე და შეერთებულ შტატებს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
შეიარაღებულ ძალებში სამსახური და ახალგაზრდობა
ვიქტორ ბელენკო დაიბადა ნალჩიკში, 1947 წლის 15 თებერვალს, მუშათა კლასის ოჯახში. 1965 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით. 1967 წელს ჩაირიცხა არმავირის პილოტთა უმაღლეს სამხედრო საავიაციო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1971 წელს. იგი გაგზავნეს სტავროპოლის მფრინავების და ნავიგატორების უმაღლეს სამხედრო საავიაციო სკოლაში ინსტრუქტორ პილოტად.
ჯარში მსახურებისას მახასიათებლებსა და ატესტაციებში მას დადებითად ახასიათებდნენ. იყო სკკპ-ს წევრი. აირჩიეს კომკავშირისა და პარტბიუროს წევრად. 1975 წელს გადაიყვანეს შორეულ აღმოსავლეთში (მისი თხოვნით) და დაინიშნა მე-11 საჰაერო თავდაცვის არმიის 530-ე მოიერიშე საავიაციო პოლკში (პრიმორსკის ტერიტორიის ჩუგუევსკის ოლქი) უფროს პილოტად. მართავდა მოიერიშე-გამანადგურებელ MiG-25P-ს.
გაქცევა
1976 წლის 6 სექტემბერს, დილის 6:45 საათზე ბელენკო აფრინდა სოკოლოვკას აეროდრომიდან (სოფელ სოკოლოვკასთან, ჩუგუევკას რაიონულ ცენტრთან ახლოს) სავარჯიშო ფრენის შესასრულებლად. დილას, 7:40 საათზე გამანადგურებელმა საბჭოთა-იაპონიის საზღვარი გადაკვეთა. დილის 9:15 საათზე იაპონურმა რადიომ გადასცა, რომ თვითმფრინავი MiG-25P, რომელსაც საბჭოთა პილოტი ბელენკო მართავდა, დაეშვა ჰაკოდატეს აეროპორტში (კუნძული ჰოკაიდო). ამის შემდეგ, იაპონიის ხელისუფლებამ გაავრცელა ოფიციალური შეტყობინება, რომ ბელენკომ მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. 9 სექტემბერს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს.
მას შემდეგ რაც მეწყვილე ჩამოიტოვა, ბელენკო დაეშვა დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე, იმისათვის, რომ ის ვერ გამოევლინა ვერც საბჭოთა და ვერც იაპონურ რადარებს. როდესაც იაპონიის საჰაერო სივრცეში ღრმად შეაღწია, ბელენკო ავიდა დაახლოებით 6000 მ სიმაღლეზე, რის შემდეგ ის იაპონურმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს. იაპონელებმა ვერ დაუკავშირდნენ ბელენკოს, რადგან MiG-25-ის რადიო დაყენებული იყო სხვა სიხშირეზე. უცნობი დამრღვევის დასაკავებლად იაპონელებმა გამანადგურებლები ააფრინეს, თუმცა, იმ დროისთვის, როდესაც ისინი გამოჩნდნენ, ბელენკო კვლავ დაეშვა დაბლა და გაქრა რადარებიდან. ბელენკო აპირებდა ჩიტოსეს ავიაბაზაზე დაშვებას, მაგრამ საწვავის ნაკლებობის გამო იძულებული გახდა დაშვებულიყო უახლოეს აეროდრომზე, რომელიც აღმოჩნდა ჰაკოდატე. ჰაკოდატეს ასაფრენი ბილიკის არასაკმარისი სიგრძის გამო MiG-25 ასაფრენ ზოლს გასცდა და აეროპორტის ტერიტორიის საზღვარს მიუახლოვდა. კაბინიდან გამოსვლისას ბელენკომ პისტოლეტიდან ორი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია
1976 წლის 28 სექტემბერს, მოსკოვის დროით 12:05 საათზე, TASS-მა გაავრცელა პრესრელიზი სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური რეაქციის ტექსტით აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ, პირველ რიგში, ვ.ი. ბელენკომ ჰაკოდატის აეროდრომზე “საგანგებო” დაშვება განახორციელა, მეორეც, იგი “გადაიყვანეს” შეერთებულ შტატებში მისი ნების საწინააღმდეგოდ, მესამე, იაპონური მხარის ქმედებები თვითმფრინავთან და პილოტთან მიმართებაში არ შეიძლება იყოს სხვაგვარად კვალიფიცირებული, თუ არა როგორც ”არამეგობრული” სსრკ-სთან მიმართებაში და ის ”ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს”. ოცი წუთის შემდეგ გავრცელდა TASS-ის განმარტებითი მასალა, რომელშიც ბელენკოს ჰაკოდატეში დაჯდომა აღწერილი იყო როგორც “გაურკვეველ ვითარებაში”. დასავლურ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს იმის შესახებ, რომ ბელენკოს გაქცევა იყო მიზანმიმართული და არა იძულებითი, უწოდეს “პროპაგანდისტული კამპანია”.
გაქცევის მიზეზები
ბელენკოს პიროვნების ყოვლისმომცველმა შესწავლამ, მისმა ქცევებმა სამსახურში და ყოველდღიურ ცხოვრებაში აჩვენა, რომ მას არაერთხელ ჰქონია მწვავე კონფლიქტური სიტუაციები ხელმძღვანელობასთან. ასე რომ, სტავროპოლის საავიაციო სკოლაში მსახურებისას მან გამოთქვა დაჟინებული სურვილი, დაეტოვებინა ინსტრუქტორის პოზიცია, რადგან ის ეძებდა სხვადასხვა შესაძლებლობებს საბრძოლო პოლკში გადასასვლელად. თუმცა, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამავე მიზეზით, მან დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა და მკვეთრად გაუმწვავდა ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. 1975 წელს მან სკოლის ხელმძღვანელს გაუგზავნა მოხსენება საბჭოთა ჯარიდან გათავისუფლების თხოვნით, ის ამტკიცებდა, რომ არ სურდა მსახურება მეთაურებთან, რომლებიც მუდმივად ბოროტად იყენებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს.
1975 წელს გადაიყვანეს შორეულ აღმოსავლეთში. ახალ ადგილზე მსახურებისას პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბელენკომ თავისი დადებითი მხარეები წარმოაჩინა. მან წარმატებით დაასრულა მისთვის ახალი ტიპის MiG-25P თვითმფრინავის გადამზადების კურსი, დაინიშნა ესკადრილიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, არჩეულ იქნა ესკადრელიის პარტიული ბიუროს მდივნად. იგი კეთილსინდისიერად ეპყრობოდა სამსახურეობრივ მოვალეობებს.
დაახლოებით 1976 წლის ივლისიდან მის ქცევებში უცნაურობების გამოვლენა დაიწყო. ის ხშირად ნერვიულობდა. მტკივნეულად განიცდიდა კაპიტნის სამხედრო წოდების მინიჭების და მასზე დაპირებული ესკადრელიის შტაბის უფროსის პოზიციაზე დანიშვნის შეფერხებას.
6 სექტემბერს, მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციისა, ის გეგმიურ ფრენებში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახეს. ბედის ირონიით, „კაპიტნის“ წოდების მინიჭების საბუთები მას სწორედ იმ დღეს მიუვიდა, როდესაც მან თვითმფრინავი იაპონიაში გაიტაცა.
იაპონიის ხელისუფლების პოზიცია და ქმედებები
საბჭოთა ხელმძღვანელობამ თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ MiG-25-მა დაარღვია იაპონიის სახელმწიფო საზღვარი, შესაბამისად, მისი დაბრუნება მოხდებოდა მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ. გამანადგურებელი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ის დაშალეს ნაწილებად. ყველა საიდუმლო ინფორმაცია ამერიკელების ხელში აღმოჩნდა.
სსრკ იაპონიას დაემუქრა შორსმიმავალი შედეგებით, თუ თვითმფრინავს დროულად არ დააბრუნებდენ. დაიწყო მოლაპარაკებები საბჭოთა დელეგაციასთან, რომელსაც სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი ა.ა. გრომიკო ხელმძრვანელობა, ხოლო იაპონიის მხარეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზენტარო კოსაკა. გრომიკომ მოითხოვა თვითმფრინავისა და პილოტის დაუყოვნებლივ დაბრუნება (რომელიც იმ დროისთვის უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა), რაზეც კოსაკამ უპასუხა, რომ იაპონური მხარე მზად იყო თვითმფრინავის დაბრუნებაზე მოლაპარაკებისთვის, ამისათვის მან სთხოვა სსრკ-ს ელჩს იაპონიაში დ.ს. პოლიანსკის დაკავშირებოდა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
1976 წლის 2 ოქტომბერს ჰიტაჩის პორტში MIG-25 საბჭოთა მხარეს გადაეცა. თვითმფრინავი მოიყვანეს დაშლილ მდომარეობაში 13 კონტეინერით, რომელსაც ასევე აკლდა ნაწილები. მიყენებული ზიანის ასანაზრაურებლად იაპონელებს საბჭოთა კავშირმა უჩივლა, თანხა 7 მილიონ რუბლს შეადგენდა. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნუგეში იყო: საბჭოთა კავშირის ზარალმა მინიმუმ 2 მილიარდი რუბლი შეადგინა. თვითმფრინავის სსრკ-ზე გადაცემის შემდეგ, იაპონიამ გამოსცა ინვოისი 40,000 აშშ დოლარის ოდენობით იაპონიის აეროპორტში უცხოური თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი პარკირების ორგანიზებისთვის, უსაფრთხოების სერვისების, ტექნიკური მომსახურების, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების გადახდაზე, მათ შორის აეროდრომის ინფრასტრუქტურის დაზიანების შეკეთებაზე, თუმცა, ინვოისი საბჭოთა მხარეს არ გადაუხდია.
ცხოვრება აშშ-ში
1976 წლის 9 სექტემბერს, გაფრენიდან სამი დღის შემდეგ, ბელენკო გადაიყვანეს შეერთებულ შტატებში, სადაც მიიღო მუდმივი ბინადრობის ნებართვა და მალევე მოიპოვა პოლიტიკური თავშესაფარიც.
აშშ-ის კონგრესმა 1980 წლის 14 ოქტომბერს მიიღო კანონი № 96-62 „ვიქტორ ივანოვიჩ ბელენკოს აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ“. მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებას ხელი პირადად პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მოაწერა. ბელენკო მუშაობდა საჰაერო კოსმოსურ ინჟინრად და კონსულტაციას უწევდა შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს. მისი სამხედრო პირადობის მოწმობა და ფრენის ჟურნალი ინახება ვაშინგტონში, CIA-ს მუზეუმში.
შეერთებულ შტატებში ყოფნის პირველ თვეებში ბელენკოსთან 24 საათის განმავლობაში მუშაობდენ არამხოლოდ CIA-ს ოფიცრები, არამედ საბჭოთა ავიაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურიდან, ასევე პროფესიონალი ექიმები და ფსიქოანალიტიკოსები.
როგორც მასთან ერთად მომუშავე ერთ-ერთი დაზვერვის ოფიცერი აღნიშნავდა, გადრა იმისა, რომ მან შეერთებულ შტატებს გადასცა ფასდაუდებელი ინფორმაცია საბჭოთა კავშირის მოწინავე ტექნოლოგიებზე და თვითფრინავის საიდუმლო აღჭურვილობაზე, ის იყო ტექნიკური, ტაქტიკური და ოპერატიული ინფორმაციის “ოქროს მაღარო”. გარდა ზემოაღნიშნულისა, სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს საბჭოთა ავიაციის შორეული აღმოსავლეთის ბაზების კარტოგრაფიული ინფორმაციისა და ტოპოგრაფიული მონაცემების გარკვევა, საბრძოლო მომზადების ყოველდღიური საქმიანობის და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება, საბჭოთა მფრინავების საათობრივი და წუთიერი განრიგის დადგენა.
ვიქტორ ბელენკო დროის უმეტეს ნაწილს ვაშინგტონში ატარებდა, სადაც შეთავსებით რამდენიმე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობდა: ის იყო ფედერალური სამთავრობო უწყებების კონსულტანტი საბჭოთა ავიაციის საკითხებში და ასევე კონსულტანტი სამხედრო ინდუსტრიაში თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიებისთვის, ეხმარებოდა მათ იარაღებისა და საბორტო აღჭურვილობის სრულყოფაში საბჭოთა ავიაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას ასევე ხშირად იწვედნენ ლექციებზე ამერიკულ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
თვითმფრინავის გატაცების სტრატეგიული და საგარეო ეკონომიკური შედეგები
თვითმფრინავის ანალიზის საფუძველზე, ამერიკელი ტექნიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ MiG-25 არ გამოდგებოდა SR-71 ტიპის მაღალი სიმაღლის სადაზვერვო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც ჩამოუვარდებოდა მთელი რიგი საფრენი თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლებით. გარდა ამისა, ამერიკელებმა შეძლეს გაცნობოდნენ თვითმფრინავის შეიარაღების საკონტროლო სისტემას და მიეღოთ სანდო ტექნიკური მონაცემები მისი რეალური საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ.
ძალების ბალანსისა და მათი განლაგების თვალსაზრისით, ბელენკოს გაქცევამ გავლენა მოახდინა საბჭოთა ბლოკის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში გამანადგურებელთა ფლოტის გადანაწილებაზე. გადაწყდა MiG-25-ის ნაჩქარევად ექსპორტი სხვა მოკავშირე სოციალისტურ ქვეყნებში, სანამ ის სრულებით მოძველებული და გამოუსადეგარი გამხდარიყო. ირიბად ბელენკოს გაქცევამ გავლენა მოახდინა სამუშაოს მიმდინარეობაზე ინტენსიფიკაციის მიმართულებით, და დააჩქარა შეიარაღებაში MiG-31-ის მიღება. სსრკ იძულებული შეიქმნა შეეცვალა საბჭოთა საჰაერო ძალების ფორვარდული ბაზირების მთელი ტექნიკური კომპონენტი.
საბჭოთა ხელოვანებსა და არტისტებს ბელენკოს გაქცევამ დიდი ხნით ჩაუკეტა გზა იაპონიისკენ. ჩაიშალა გასტროლები საბჭოთა მუსიკალური ჯგუფებისთვის, მათთვისაც კი, ვინც უკვე მიიღო საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და იაპონიაში შესვლის ვიზები. გასტროლები გაუქმდა საბჭოთა კავშირის მმართველი ორგანოების მიერ ახსნა-განმარტების გარეშე.
დასკვნა
ვიქტორ ბელენკოს სამშობლოს ღალატისთვის დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ალბათ ამის გამო არც კი ცდილობდა მოენახა საკუთარ ნათესავებთან დაკავშირების გზები. საბჭოთა კავშირში მან დატოვა დედა, ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგაც კი, ბელენკო მათ არასოდეს დაკავშირებია.