რას ეძებ?

პოლიტიკა საზოგადოება საქართველო

ვლადიმერ პუტინის ხუთი ტყუილი საქართველოს შესახებ

ვლადიმერ პუტინის ხუთი ტყუილი საქართველოს შესახებ

ტყუილი N1 – „1774 წელს სამხრეთ ოსეთი ცალკე შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“.

ამ წინადადებაში თითოეული სიტყვა მისი თარიღის ჩათვლით ტყუილია. იმ დროს ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ საერთოდ არ არსებობდა. მას შემდეგ რაც ერეკლე მეორემ რუსეთის იმპერიასთან 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა, 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო შეიერთა, ხოლო რასაც დღეს სამხრეთ ოსეთს უწოდებენ, იყო ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია. ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“ ჩნდება რუსეთის იმპერიის დროს მე-19 საუკუნის 30-იან წლებში. 1843 წელს თავად რუსებმა შექმნეს ოსეთის ოკრუგი ტფილისის გუბერნიაში და 1859 წელს ისევ გააუქმეს. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დღევანდელი ფორმით კი 1922 წლის აპრილში დაპყრობილ საქართველოში ბოლშევიკებმა შექმნეს.

ტყუილი N2 – „აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა რუსეთის შემადგენლობაში 1810 წელს. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ გერმანიის დახმარებით დაიპყრო აფხაზეთი და სასტიკად ექცეოდა მას“.

აფხაზეთის სამთავრო ნამდვილად ცალკე, თავად შერვაშიძეების მეთაურობით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო იყო დაშლილი. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აფხაზეთის ანალოგიურად საქართველოს სხვა რეგიონებიც – იმერეთი, ქართლ-კახეთი, სვანეთი, გურია, სამეგრელო – შევიდა. მანამდე, აფხაზეთი, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე უწყვეტად იყო დაკავშირებული ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცესთან. რაც შეეხება 1918 წელს, გერმანიის და საქართველოს გაერთიანებულმა შენაერთებმა კი არ დაიპყრეს აფხაზეთი, არამედ ჩაახშეს ბოლშევიკური აჯანყება, ხოლო იმავე წლის 11 ივნისს აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თანხმობით აფხაზეთი ავტონომიის სახით შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. ეს ფაქტი კი საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო 1920 წლის 7 მაისს საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ტყუილი N3 – „საქართველო 1919-1920 წლებში სამხრეთ ოსეთს უსასტიკესად ექცეოდა, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით გენოციდად შეიძლება შეფასდეს“.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ოსურ მოსახლეობაში ბოლშევიკებს ჰქონდათ სერიოზული გავლენა და არაერთი აჯანყება მოაწყვეს ქვეყნის წინააღმდეგ. რეაგირება კი ისეთი იყო, როგორც შეიარაღებული აჯანყების დროს ნებისმიერი ქვეყანა მოიქცეოდა – მკაცრი, მაგრამ მას გენოციდთან არაფერი ქონდა საერთო. მთავრობის ექსპედიციები რეგიონში მიმართული იყო არა ეთნიკური ოსების წინააღმდეგ, არამედ ბოლშევიკური გამოსვლების ჩასახშობად. საქართველოს ხელისუფლება განურჩევლად ეროვნებისა ერთნაირი სიმკაცრით ებრძოდა ბოლშევიკურ გამოსვლებს – იქნებოდა ის ოსების, აფხაზების, ქართველების თუ ნებისმიერი სხვის მიერ ორგანიზებული. საქართველოს სახელმწიფოს ოსების გენოციდში დადანაშაულება, ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის რუსულ პროპაგანდას, როდესაც რუსეთის სახელმწიფო არხები ადანაშაულებდნენ ქართველებს ასევე გენოციდსა და ათასობით ოსის განადგურებაში, მაშინ როდესაც მოგვიანებით, მათივე ოფიციალური მონაცემებით, დაღუპული ოსების რაოდენობა ასს არ აღემატებოდა.

ტყუილი N4 – „აფხაზეთი საბჭოთა კავშირში როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა და სტალინმა ის საქართველოს დაუბრუნა. სტალინი და ბერია უმკაცრეს ზომებს ატარებდნენ ეთნიკური აფხაზების წინააღმდეგ“.

1921 წლის მარტიდან 1931 წლის თებერვლამდე, საქართველოს დაპყრობის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ აფხაზეთი ჩამოაცილა საქართველოს რესპუბლიკას და ფორმალურად, სსრკ-ს შემადგენლობაში ცალკე რესპუბლიკის სახით შეიყვანა. თუმცა იმ პერიოდის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ თავად ბოლშევიკურ წრეებში აფხაზეთი ვითომ დამოუკიდებლობის წლებშიც საქართველოს ავტონომიურ რეგიონად მოიაზრებოდა და გადაწყვეტილებები ძირითადად თბილისთან თანხმდებოდა.

თავად საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, სადაც აფხაზეთი და აჭარა საქართველოს ავტონომიურ რეგიონებად არიან მოხსენიებული. აფხაზეთის დამოუკიდებელ სტატუსს 1931 წელს მოეღო ბოლო, როდესაც ოფიციალურადაც, თავის ბუნებრივ, ავტონომიურ ფორმას დაუბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში. რაც შეეხება აფხაზების წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებს, აფხაზეთში ლავრენტი ბერიას მიერ გატარებული რეპრესიები არაფრით იყო უკეთესი ან უარესი საქართველოს სხვა მხარეებში ჩატარებულ რეპრესიებზე. ვერავინ იტყვის, რომ ბერიამ დაინდო ქართველები ხოლო აფხაზებს მუსრი გაავლო.

სტალინური ტერორის დროს ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და არასამართლიანია პრეზიდენტ პუტინის მიერ ბერიას და სტალინის ქართულ წარმომავლობაზე მინიშნება. ორივე მათგანი იყო საბჭოთა რუსი პოლიტიკოსი და ძალიან არასწორია, სადაც რუსეთს სჭირდება მათი რუსებად წარმოჩენა (მაგალითად ნაციზმის დამარცხებაში), ხოლო სადაც არა (დიდი ტერორი), მათი ქართველებად გასაღება.

ტყუილი N5 – „ზვიად გამსახურდიამ საქართველოში ყველა ავტონომია გააუქმა, მათ შორის აჭარის და აფხაზეთის“.

ეს ყველაზე მარტივი და ბანალური ტყუილია პრეზიდენტ პუტინის ტყუილებს შორის. არც ზვიად გამსახურდიას და არც სხვა რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ხელი არ უხლია არც აფხაზეთის და არც აჭარის ავტონომიებისთვის. ქართული კანონმდებლობით დღესაც ორივე რეგიონი არის ავტონომიური რესპუბლიკა. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ სტატუსს, 1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო კანონი ავტონომიური ოლქის ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ, ხოლო 1990 წლის 20 სექტემბერს, იმავე სახალხო დეპუტატთა საბჭომ, შიშით რომ საქართველო დატოვებდა საბჭოთა კავშირს, მიიღო კანონი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩენის და მის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შეჩერების შესახებ, რაც უკანონო ქმედება იყო. ამის პასუხად, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს უმაღლესმა საბჭომ 1990 წლის 11 დეკემბერს მთლიანად გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს