ზიგმუნდ ფროიდი / მეხსიერების ცთომილებები
მეხსიერების ცთომილება (Irrtumer) დავიწყებისგან, რომელსაც მცდარი გახსენება მოსდევს, მხოლოდ ერთით განსხვავდება: შეცდომა (არასწორი გახსენება) ასეთად არ აღიქმება და სარწმუნოობას იძენს. თუმცა სიტყვის „შეცდომა“ გამოყენება სხვა პირობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ „შეცდომის“ შესახებ ვსაუბრობთ, ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ „არასწორი გახსენება“ მაშინ, როდესაც აღდგენილ ფსიქიკურ მასალაში ხაზი უნდა გაესვას ობიექტური რეალობის ხასიათს, ანუ, როდესაც გახსენებას ექვემდებარება არა ჩემი შინაგანი ფსიქიკური ცხოვრების ფაქტი, არამედ რაღაც, რაც დასტურს ან უარყოფას ექვემდებარება სხვა ადამიანთა მოგონების დახმარებით. მეხსიერების შეცდომების საპირისპირო მხარეს ამ გაგებით არცოდნა წარმოადგენს.
ჩემს წიგნში „Die Traumdeutung“ (1900) მე დიდი ოდენობით ისტორიული და ფაქტობრივი მასალა დავამახინჯე და ფრიად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც წიგნის გამოსვლის შემდეგ მათზე მიმითითეს. უფრო საგულდაგულო განხილვისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულის მიზეზს არა ჩემი არცოდნა, არამედ შეცდომები – მეხსიერების ცთომილებები წარმოადგენდა, რომელთა ახსნა ანალიზის გზითაა შესაძლებელი.
ა) 266-ე გვერდზე მე ვამბობ, რომ შილერი მარბურგში დაიბადა, ესაა სახელწოდება ქალაქისა, რომელიც ასევე შტირიაშიც გვხვდება. შეცდომა დაშვებულია ერთი სიზმრის ანალიზის გადმოცემისას, რომელიც მე ღამის მგზავრობისას ვიხილე, როდესაც გამცილებელმა გამაღვიძა და დაიყვირა „მარბურგი!“ ამ სიზმარში დასმული იქნა კითხვა შილერის ერთი წიგნის შესახებ. მაგრამ შილერი დაიბადა არა საუნივერსიტეტო ქალაქ მარბურგში, არამედ შვაბურ მარბახში. ვამტკიცებ, რომ ეს ყოველთვის ვიცოდი.
ბ) 135-ე გვერდზე მე ჰანიბალის მამას ჰასდრუბალი ვუწოდე. ეს შეცდომა ჩემთვის ყველაზე მეტად დასანანი იყო, მაგრამ, იმავდროულად, ყველაზე მეტად დამარწმუნა მსგავსი შეცდომების ხასიათზე ჩემეული შეხედულების სისწორეში. იშვიათად თუ მოიძებნება მკითხველი, რომელიც ბარკიდთა ისტორიაში მეტად იყოს ჩახედული, ვიდრე თავად ავტორი, რომელსაც ეს შეცდომა გაეპარა. ჰანიბალის მამა იყო ჰამილკარ ბარკა, ჰასდრუბალი ჰანიბალის ძმაა, ასევე ერქვა მის ცოლისძმასა და მის წინამორბედს მხედართმთავრის პოსტზე.
გ) 177-ე და 370-ე გვერდებზე მე ვამტკიცებ, რომ ზევსმა დაასაჭურისა და ტახტიდან ჩამოაგდო მისი მამა კრონოსი. ეს ბოროტება მე შეცდომით მთელი თაობით წინ გადავწიე: ბერძნულ მითოლოგიაში ასე კრონოსი მამამისს, ურანოსს მოექცა.
როგორღა უნდა აიხსნას ის, რომ აქ მეხსიერებამ მიღალატა, როდესაც სხვა შემთხვევებში, როგორც მკითხველი თავად დარწმუნდება, ჩემთვის ყველაზე მეტად დაშორებული და ნაკლებგამოყენებადი მასალაა ხელმისაწვდომი? გარდა ამისა, როგორ მოხდა, რომ სამი საგულდაგულო კორექტურისას გამომრჩა ეს შეცდომები, თითქოს უსინათლო ვყოფილიყავი?
გოეთემ ლიხტენბერგის შესახებ ბრძანა: როდესაც ის ხუმრობს, მის ხუმრობაში პრობლემა იმალება. ჩემი წიგნის აქ მოტანილი ადგილების შესახებ ანალოგიის მიხედვით შეიძლებოდა გვეთქვა: იქ, სადაც შეცდომა გვხვდება, მის უკან განდევნა იმალება. ან, უფრო ზუსტად, არაგულწრფელობა, დამახინჯება, რაც საბოლოოდ განდევნას ეფუძნება. ამ წიგნში მოტანილი სიზმრების ანალიზისას მე იძულებული ვიყავი, სიზმრის თემის ბუნებიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, შემეწყვიტა ანალიზი და არ მიმეყვანა იგი ბოლომდე, მეორე მხრივ კი, შემერბილებინა ესა თუ ის კერძო შემთხვევა მისი ოდნავ დამახინჯებით.
სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელი გახლდათ, მაშინ საერთოდ უარი უნდა მეთქვა მაგალითების მოტანაზე; მე არჩევანი არ მქონდა, ეს გარდუვალად გამომდინარეობდა სიზმრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებიდან: წარმოადგენდეს გამოხატვას განდევნილი, ანუ გაცნობიერებას დაუქვემდებარებელი მასალისთვის. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ მაინც საკმარისად დარჩა ისეთი, რასაც მეტისმეტად წესიერი ადამიანებისთვის შოკის მოგვრა შეეძლო. სწორედ ამ დამახინჯებას ან ჩემთვის ცნობილი გაგრძელების განცდას არ ჩაუვლია უკვალოდ. ის, რის დათრგუნვასაც მე ვცდილობდი, არცთუ იშვიათად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ იკვლევდა გზას იმ სფეროსკენ, რომელიც ჩემ მიერ გადმოცემაში იყო ჩართული, იქ კი ჩემთვის შეუმჩნეველი შეცდომების სახით ვლინდებოდა. სამივე ზემომოტანილ შემთხვევაში საფუძვლად ერთი და იგივე თემა დევს: ამ შეცდომათა წყარო იმ განდევნილ აზრებშია, რომლებიც ჩემს გარდაცვლილ მამას ეხება.
მაგალითი ა) ვინც არ დაიზარებს და ზემომოტანილი სიზმრის ანალიზს წაიკითხავს, შეამჩნევს, რომ ნაწილობრივ პირდაპირ, ნაწილობრივ კი მინიშნებების გზით მე ანალიზი იმ აზრებთან შევაჩერე, რომლებიც მამაჩემის არასასურველი კრიტიკის შემცველი უნდა ყოფილიყო. თუ ამ აზრებისა და მოგონებების რიგს განვაგრძობთ, მასში ერთი უსიამოვნო ისტორია შეგვიძლია ვიპოვოთ, რომელშიც წიგნები და ერთი ბატონია გარეული, ვისთანაც მამაჩემი საქმეებს აწარმოებდა და ვისი გვარიც იყო მარბურგი, იგივე სიტყვა, რაც კონდუქტორმა წამოიძახა ჩემი გაღვიძებისას. ანალიზისას მე მსურდა დამემალა ეს ბატონი საკუთარი თავისა და მკითხველებისგან; მან შური იძია საკუთარი თავისთვის, შეძვრა რა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო და შილერის სამშობლო მარბახიდან მარბურგად აქცია.
მაგალითი ბ) შეცდომა, რომლის წყალობითაც მე ჰასდრუბალი დავწერე ჰამილკარის ნაცვლად – ძმის სახელი მამის სახელის ნაცვლად – სწორედ იმასთან კავშირში იქნა დაშვებული, რომელშიც საქმე ჩემს გიმნაზიის დროინდელ ოცნებებს ეხებოდა ჰანიბალის შესახებ და ჩემს უკმაყოფილებას მამაჩემის დამოკიდებულების გამო „ჩვენი ქვეყნის მტრებისადმი“. მე შემეძლო გადმოცემა გამეგრძელებინა და მომეთხრო, როგორ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება მამის მიმართ ინგლისში ვიზიტის შემდეგ, სადაც მე ჩემი ნახევარძმა გავიცანი, მამაჩემის ვაჟი პირველი ქორწინებიდან. ჩემს ძმას ჰყავს უფროსი ვაჟი, ზუსტად ჩემი ასაკისა. ვინაიდან საქმე ასაკს ეხებოდა, არაფერი უშლიდა ხელს ჩემს ოცნებებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, თუ მე არა მამაჩემის, არამედ ჩემი ძმის შვილი ვიქნებოდი. სწორედ ჩემ მიერ დათრგუნულმა ამ ფანტაზიებმა დაამახინჯა წიგნის ტექსტი იმ ადგილას, სადაც მე ანალიზი შევწყვიტე, მაიძულა მამის სახელის ნაცვლად ძმის სახელი დამეწერა.
მაგალითი გ) ძმის შესახებ მოგონებების გავლენას მივაწერ მესამე შეცდომასაც – როდესაც მთელი თაობით გადავწიე მითური ბოროტება ბერძენ ღმერთთა ისტორიიდან. იმ ყველაფრიდან, რასაც ჩემი ძმა მიქადაგებდა, ერთი დიდხანს შემომრჩა მეხსიერებაში. „რაც ცხოვრების სტილს შეეხება, – მითხრა მან. – ერთი რამ არ დაგავიწყდეს: შენ არსებითად არა მეორე, არამედ მესამე თაობას ეკუთვნი, თუ მამიდან დავითვლით“. მამაჩვენი შემდგომში მეორედ დაქორწინდა და ამგვარად გვარიანად უფროსი იყო მეორე ქორწინებიდან შეძენილ შვილებზე. მითითებული შეცდომა მე წიგნის სწორედ იმ ნაწილში დავუშვი, რომელშიც პატივისცემის გრძნობის შესახებ ვსაუბრობ, რაც მშობლებსა და შვილებს აკავშირებს.
რამდენჯერმე ისიც მომხდარა, რომ ჩემი მეგობრები და პაციენტები, რომელთა სიზმრებს გადმოვცემდი ან მათზე მინიშნებას ვაკეთებდი ანალიზისას, ჩემს ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ მე არასწორად გადმოვცემდი ჩვენ მიერ ერთობლივად განცდილს. ეს ისევ ისტორიული შეცდომები იყო. შესწორების შემდეგ მე ცალკეულ შემთხვევებს გადავხედე და კვლავ დავრწმუნდი, რომ საქმის ფაქტობრივ მხარეს არასწორად მხოლოდ იქ ვიხსენებდი, სადაც ანალიზისას მე რაღაც განზრახ დავამახინჯე ან დავმალე. აქ ისევ, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი შეცდომა განზრახ მიჩუმათების ან განდევნის ჩანაცვლებას წარმოადგენს.
მსგავსი შეცდომებისგან, რომელთა საფუძველი განდევნაშია, მკვეთრად განსხვავდება სხვა სახის შეცდომები, რომლებიც რეალურ არცოდნაზეა დამყარებული. მაგალითად, არცოდნით აიხსნება ის, რომ ერთხელ, ვაჰაუში სეირნობისას, მე ვფიქრობდი, რომ რევოლუციონერ ფიშგოფის ბინადრობის ადგილი მოვინახულე. აქ სიტყვათა თანხვედრას ჰქონდა ადგილი: ფიშგოფის ემერსდორფი კარინთიაში მდებარეობს. მაგრამ მე ეს უბრალოდ არ ვიცოდი.
კიდევ ერთი ჩემთვის სამარცხვინო და, ამავდროულად, ჭკუის სასწავლებელი შეცდომაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დროებითი არცოდნის მაგალითი. პაციენტმა ერთხელ შემახსენა, რომ მე მას ორი წიგნი დავპირდი ვენეციის შესახებ, რომელთა მიხედვით ის სააღდგომო მოგზაურობისთვის მომზადებას გეგმავდა. ისინი უკვე გადავდე, ვუპასუხე მე და ჩემი ბიბლიოთეკისკენ გავემართე. სინამდვილეში მე მათი გადმოღება დამავიწყდა, რადგან დიდად კმაყოფილი არ გახლდით ჩემი პაციენტის მომავალი მოგზაურობით, რაშიც მკურნალობის კურსის არააუცილებელ დარღვევასა და ექიმისათვის მატერიალურ ზიანს ვხედავდი. ბიბლიოთეკაში სწრაფად ვპოულობ ორ წიგნს, რომელიც მხედველობაში მქონდა. ერთ-ერთი მათგანია – „ვენეცია – ხელოვნების ქალაქი“.
გარდა ამისა, მე კიდევ ერთი ისტორიული თხზულება უნდა მქონდეს მსგავსი სერიიდან. სწორია, აი, ისიც: „მედიჩი“. ვიღებ და პაციენტისთვის მიმაქვს, რათა შეცბუნებულმა ჩემი შეცდომა ვაღიარო. მე ხომ მშვენივარად ვიცი, რომ მედიჩების გვარს არაფერი აქვს საერთო ვენეციასთან, მაგრამ იმ წუთს ამაში არასწორს ვერაფერს ვხედავ. იძულებული გავხდი, სამართლიანი ვყოფილიყავი: მე იმდენად ხშირად მივუთითე პაციენტს მის სიმპტომატურ ქმედებებზე, რომ საკუთარი ავტორიტეტის გადარჩენა მხოლოდ მისი მოგზაურობისადმი ჩემი ნეგატიური დამოკიდებულების ფარული მოტივების აღიარებით შემეძლო.
ზოგადად გასაკვირია, იმაზე რამდენად ძლიერია ადამიანთა სწრაფვა სიმართლისკენ, ვიდრე ჩვენ, ჩვეულებრივ, ვვარაუდობთ. შესაძლოა ეს ფსიქიკურ ანალიზებზე ჩემი მუშაობის შედეგი იყოს, მაგრამ სიცრუე არ შემიძლია. საკმარისია ნაბიჯი გადავდგა ამ მიმართულებით, რომ მყისვე რაიმე შეცდომას ვუშვებ, რითიც ჩემი არაგულწრფელობა თავს გასცემს; სწორედ ასე იყო იმ მაგალითებში, რომლებიც ზევით მოვიტანე და შემდეგაც გიჩვენებთ.
ყველა ცთომილ ქმედებას შორის შეცდომა-ცთომილების მექანიზმს ყველაზე ნაკლებად ახასიათებს გადაბმულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეცდომის არსებობა მხოლოდ ზოგადი ფორმით ადასტურებს იმას, რომ შესაბამის სულიერ ქმედებას რაიმე დაბრკოლებასთან უწევს ბრძოლა, ამასთან, თავად შეცდომის ხასიათის დეტერმინირება ფარული დამრღვევი იდეის თვისებებით არ ხდება. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მცდართქმათა მრავალ არცთუ რთულ შემთხვევაში იგივე უნდა ვივარაუდოთ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილი აქვს მცდართქმას ან მცდარწერას, უფლება გვაქვს გამოვიტანოთ დასკვნა დაბრკოლების შესახებ სულიერ პროცესებში, რომლებიც ჩვენი განზრახვის გარეთ მდებარეობს. თუმცა უნდა დავუშვათ, რომ მცდართქმა და მცდარწერა ხშირად მსგავსების, კომფორტის ან პროცესის დაჩქარების კანონებს ემორჩილება, ამასთან ფაქტორი, რომელიც დაბრკოლების როლს ასრულებს, ვერ ახერხებს საკუთარი ბეჭედი დაასვას მცდართქმის ან მცდარწერის შედეგად მიღებულ შეცდომას. მხოლოდ სათანადო სიტყვიერ მასალას ძალუძს შეცდომის განპირობება, იმავდროულად კი საზღვარსაც იგი უწესებს მას.
მხოლოდ საკუთარი მაგალითებით რომ არ შემოვიფარგლო, კიდევ ორს მოვიტან. ისინი იმავე საფუძვლით შეგვეძლო მიგვეკუთვნებინა მცდართქმებისა და ცთომილ ქმედებათა რიგისთვის, მაგრამ ყველა ამ მოვლენის ტოლფასობის პირობებში ეს როლს არ ასრულებს.
ა) ჩემს პაციენტს ტელეფონით საუბარი ავუკრძალე ქალთან, რომელთანაც იგი განშორებას აპირებდა, რადგან ყოველი საუბარი კვლავ აჩაღებს გადაჩვევასთან დაკავშირებულ ბრძოლას. ვთავაზობ, წერილობით აცნობოს თავისი უკანასკნელი სიტყვა, თუმცა ფოსტის საქმიანობაში შეფერხებები შეინიშნება. დღის პირველ საათზე ჩემთან მოდის და მეუბნება, რომ იპოვა ამ სირთულეთა გვერდის ასავლელი გზა, სხვათა შორის კი მეკითხება, შეუძლია თუ არა ჩემი, როგორც ექიმის, ავტორიტეტი დაიმოწმოს. ორი საათის განმავლობაში ის წერილის შედგენითაა დაკავებული, მაგრამ უეცრად წყვეტს წერას და იქვე მყოფ დედას მიმართავს: „დამავიწყდა პროფესორისთვის მეკითხა, შეიძლება თუ არა მისი სახელის ხსენება“. სასწრაფოდ მიდის ტელეფონთან, რაღაც ნომერთან დაკავშირებას ითხოვს და კითხულობს: „ბ-მა პროფესორმა უკვე ისადილა? შეგიძლიათ, ტელეფონთან სთხოვოთ?“ პასუხად ისმის გაოცებული ხმა: „ადოლფ, ჭკუიდან შეიშალე?“ – სწორედ ის ხმა, რომელიც, ჩემი დანიშნულების თანახმად, მას აღარ უნდა გაეგონა. მას მხოლოდ „შეეშალა“ და ექიმის ნომრის ნაცვლად საყვარელი ქალის ნომერი აკრიფა.
ბ) ერთ სააგარაკო ადგილას სკოლის ერთი მასწავლებელი, ღარიბი, მაგრამ კარგი შესახედაობის ახალგაზრდა კაცი, იმდენ ხანს ეარშიყებოდა ადგილობრივი მიწათმფლობელის ქალიშვილს, სანამ ამ უკანასკნელს არ შეუყვარდა იგი და არ დაარწმუნა ოჯახი, თანხმობა მიეცა ქორწინებაზე, მიუხედავად სოციალური და რასობრივი სხვაობისა. ერთხელაც მასწავლებელი წერილს სწერს ძმას, რომელშიც ნათქვამია: „გოგონა სრულებით არაა ლამაზი, მაგრამ სანდომიანია და ეს საკმარისი იქნებოდა, მაგრამ შევძლებ თუ არა ებრაელ ქალზე დაქორწინებას, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი“. წერილი საცოლეს ჩაუვარდება ხელთ და ქორწინება იშლება. მეორე მხრივ, ძმა გაოცებულია მის მიმართ გამოვლენილი სიყვარულით. პიროვნება, რომელმაც ეს ამბავი მაცნობა, მიმტკიცებდა, რომ აქ ადგილი ჰქონდა შეცდომას და არა მოხერხებულ კომბინაციას. ჩემთვის კიდევ ერთი შემთხვევაა ცნობილი: თავისი წინამორბედი ექიმით უკმაყოფილო ქალბატონს, რომელსაც პირდაპირ ამის თქმა არ სურდა, ასევე აერია წერილები. ამ შემთხვევაში მეც შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ჩვეულებრივი ვოდევილური ოინი არა ცნობიერი ეშმაკობის წყალობით, არამედ შეცდომის გამოისობით იქნა გამოყენებული.
შესაძლოა მკითხველებმა შეცდომათა აქ განმარტებული ჯგუფი ნაკლებად გავრცელებულ ან არცთუ დიდი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნიონ. მიუხედავად ამისა, მსურს მათი ყურადღება გავამახვილო იმაზე, ხომ არ გაგვაჩნია საფუძველი, იმავე თვალსაზრისით მივუდგეთ ადამიანთა მცდარ შეხედულებებს (ცდომილებებს) ცხოვრებასა და მეცნიერებაზე?! შესაძლოა მხოლოდ რჩეულ და უკიდურესად გაწონასწორებულ ადამიანებს ძალუძთ აღქმული გარე სინამდვილის სურათის დაცვა იმ დამახინჯებისგან, რომელსაც იგი განიცდის, როდესაც აღმქმელის ფსიქიკურ ინდივიდუალობაზე გაივლის.
© ზიგმუნდ ფროიდი / ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია