რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

არმან ემანუელ სოფი სეტიმანი დე ვინიერო (ჰერცოგი რიშელიე)

არმან ემანუელ სოფი სეტიმანი დე ვინიერო (ჰერცოგი რიშელიე)

დე რიბასთან ერთად ოდესის კიდევ ერთი ამაგდარი იყო ფრანგი არისტოკრატი, არმან ემანუელ სოფი სეტიმანი დე ვინიერო, ჰერცოგი რიშელიე, რომელიც უკრაინასა და რუსეთში უბრალოდ „დიუკის“ (ჰერცოგი) სახელითაა ცნობილი. დაიბადა 1766 წლის 25 სექტემბერს პარიზში. თხუთმეტი წლისა დაქორწინდა და მასწავლებელთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა ევროპაში. მოინახულა ჟენევა, ფლორენცია და ვენა.

სამი წლის შემდეგ შევიდა დედოფალ მარი-ანტუანეტის დრაგუნთა რაზმში და სასახლეში მიიღო ერთ-ერთი კარისკაცის ადგილი.

1789 წლისთვის გახდა ჰუსართა ესტერჰაზის რაზმის კაპიტანი. რევოლუციის დასაწყისისას ვერსალზე მარშისას დედოფალი გააფრთხილა და ფაქტიურად მისი სიცოცხლე გავეშებული ბრბოსგან იხსნა.

1790 წელს დედოფლის მითითებით ვენაში გაემგზავრა, რათა მარი-ანტუანეტის ძმისგან, წმინდა რომის იმპერატორისგან ინსტრუქციები მიეღო, მაგრამ იოზეფ მეორე გარდაიცვალა და ტახტზე ახალი იმპერატორი ავიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთის არმიაში განეგრძო სამხედრო კარიერა. მონაწილეობა მიიღო იზმაილის აღებაში და ეკატერინე მეორემ წმინდა გიორგის ორდენით და ოქროს ხმლით დააჯილდოვა.

ამახსობაში მამამისი გარდაიცვალა და არმანმა მიიღო ჰერცოგ რიშელიეს ტიტული. საფრანგეთში დაბრუნებისას შეატყო, რომ მას სასახლის კარზე ფუნქცია არ ჰქონდა და ვენაში დიპლომატის ადგილი ითხოვა. ცოტა ხნის შემდეგ ჩაეწერა პრინც კონდეს კონტრ-რევოლუციურ ემიგრანტთა არმიაში, თუმცა კონდეს არმიამ დიდი დანაკლისი განიცადა და ეკატერინე მეორემ ამ არმიის ნარჩენებს რუსთის არმიაში სამსახური შესთავაზა. იქ მან გენერალ-მაიორის წოდებამდე მიაღწია, თუმცა მომდევნო იმპერატორი, პავლე პირველი მას არ სწყალობდა. ალექსანდრე პირველმა ის დაიახლოვა და მისი მეგობარი გახდა. 1803 წელს იმპერატორმა ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ამას ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორობაც დაემატა. ოდესას რიშელიე 1814 წლამდე ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდში ეს ქალაქი იმპერიის სიდიდით მესამე ქალაქი გახდა. ჩატარდა დიდი მშენებლობები. მადლიერმა ოდესელებმა მას 1828 წელს ბრინჯაოს მონუმენტი დაუდგეს, რომელიც აგვირგვინებს ცნობილ პოტიომკინის კიბეებს.

რიშელიე საფრანგეთში დაბრუნდა 1814 წელს. ნაპოლეონის ელბადან გამოქცევისას ლუი მეთვრამეტე ლილამდე მიაცილა. შემდეგ ისევ შეუერთდა რუსეთის არმიას და ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ დიდი სამსახური გაუწია საფრანგეთის სამეფო კარს უცხოეთიდან. მას პორტფელი შესთავაზეს ტალეირანის კაბინეტში, რაზეც უარი თქვა, თუმცა შემდეგ დათანხმდა პრემიერ-მინისტრის პოსტს 1815 წელს. ამ პოსტზე მან სამი წელი იმსახურა. 1818 წელს დაესწრო ე-ლა-შაპელის კონგრესს, სადაც გამარჯვებული კოალიციის წევრებმა, რომლებსაც საფრანგეთი ოკუპირებული ჰქონდათ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტეს და პირობა დადეს, რომ რევულუციური სიტუაციის შემთხვევაში საფრანგეთის მეფეს დაეხმარებოდნენ. 1821 წელს მეფის ნათესავის, ბერის ჰერცოგის მკვლელობის შემდეგ მას პრემიერის პოსტის დაკავება ისევ სთხოვეს, რაზეც დათანხმდა, თუმცა ულტრა-რადიკალების და ლიბერალების შეტევის ქვეშ მოჰყვა და ათი თვის შემდეგ, 1821 წლის დეკემბერში გადადგა.

გარდაიცვალა 1822 წლის 17 მაისს პარიზში.

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი Pat Aab 

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *