ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ კვირაში 14 მილიარდით გაიზარდა
30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება რეკორდულად გაიზარდა. დროის ამ მონაკვეთში გამოცემა Blooоmberg-ის მონაცემებით მსოფლიოს პირველი 5 უმდიდრესი ადამიანის ქონების ზრდამ ათეულობით მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფრანგული კორპორაციის LVMH აღმასრულებელი დირექტორის, ბერნარ არნოს კაპიტალს, რომელიც რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, 11 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა, რომელიც ამ დროისთვის 96,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ ილონ მასკსკის ქონება 7,8 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ის კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ბოლო მონაცემებით მისი მთლიანი ქონება ჯამში 107 მილიარდი აშშ დოლარია.
Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი კი, რომლის ქონებაც 111 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მესამე ადგილს იკავებს, თითქმის 11 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა.
ასევე კაპიტალის გაზრდა შეძლო Microsoft-ის დამფუძნებელმა და რეიტინგში მეორე პოზიციაზე მყოფმა ბილ გეითსმაც. მან საკუთარ ქონებას 5,4 მილიარდი აშშ დოლარი შემატა და ამჟამად 127 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია.
პირველ ადგილზე კი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიის Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება ერთ კვირაში 14 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც Amazon-ის აქციების ფასის 9 პროცენტიანი ზრდის შედეგია. ასევე აღსანიშნავია კორონავირუსის პანდემიის ფაქტორიც, რის გამოც ვაჭრობამ ძირითადად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, Amazon-ის აქციების ფასი კი საერთო ჯამში 80 პროცენტით გაიზარდა. ბიზნესმენის ქონება მოცემული დროისთვის 194 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველი ათეული უმეტესად ტექნოლოგიური კომპანიების დამაარსებლებითა და ხელმძღვანელებითაა დაკომპლექტებული.