ჯერომ სელინჯერი და “გაყინული ბარდა”
ყოველ დილით ბატონი სელინჯერი, ამერიკის ეს ლიტერატურული ლეგენდა, თავის ცოლს, ჯოის მეინარდს, საუზმეზე მხოლოდ უმ გაყინულ ბარდას აჭმევდა. ქალი მთელი დღე ბუზღუნებდა და ჭირვეულობდა. სწორედ ასე წერს მეინარდი თავის წიგნში “სახლი მსოფლიოში”, რომელიც დრევანდელი ამერიკის ყველაზე სკანდალურ წიგნად არის შეფასებული. სკანდალურად იმიტომ, რომ სელინჯერი, ამერიკელთათვის სანდომიანი, მოხუცი კერპი, რომელიც მათთვის “ჭვავის ყანაში დადის და სიკეთეს თესავს” მისმა ექს-მეუღლემ შიგნიდან გააშიშვლა და არცთუ ლამაზი ფერებით დახატა.
– სელინჯერს დიდი ხანია “დაუბლაგვდა კალამი”. ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნის. მეტიც, ერთხელ თქვა: მეშინია რაიმე დასაბეჭდად გავიტანო, ვიცი, ამით სელინჯერი სამუდამოდ დაიმსხრევაო.
ერთმანეთს 1972 შეხვდნენ. იმ დროს მწერალი 53, ხოლო მეინარდი 18 წლის იყო. “ამიტომ, – წერს ჯოისი, – ჩვენი სექსუალური ცხოვრება, შეიძლება ითქვას ნანატრ იშვიათობას წარმოადგენდა. მე ჯერ ბარბით თამაშის ასაკიდან არ ვიყავი გამოსული, სელინჯერი კი გადაღლილ, გამოფიტულ ადამიანად იყო ქცეული.”
მათი ურთიერთობა ფლორიდაში დასრულდა.
სელინჯერი ხელმეორედ დაქორწინდა, მან კორნიში ახალგაზრდა ო`ნილი გაიცნო და ცოლობა სთხოვა. 79 წლის მწერალი თავს კარგად გრძნობს და ექს-მეუღლის წიგნს – “ნაბოდვარს” უწოდებს. მეინარდმა კი, რომელიც ამდენი ხანი დუმილს ამჯობინებდა – დაგროვილი ტკივილი სწორედ ამ წიგნით გამოხატა. შესაძლოა მას უმი, გაყინული ბარდის ჭამა მობეზრდა და ხალხს მწარე საკმაზიანი კერძი მიართვა.