რას ეძებ?

გართობა ისტორია საზოგადოება საქართველო სპორტი

ლელობურთი, იგივე გატანიე ბურთი (ლელო)

ლელობურთი - ლელო

,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი”. – შაკო ორაგველიძე, დოკუმენტური ფილმი ,,ლელოს შემობრუნება” (1984).

,,ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს, ძველად კი თურმე ლელობურთის მაგვარ თამაშს კილაშურს ეძახდნენ. ნ. ღოღობერიძის ცნობით, ბახვში ზოგიერთი ლელობურთს ,,ზედაურ-ქვედაურობას” ეძახდა. სერგი ჟღენტის ,,გურულ კილოში” ვკითხულობთ: ,,…გაჩთა მიორეხელ კიდომ თამაშობა. ქვედაბახველები ცოტა იყვენ: საცხა წასული იყვენ დღეობაზე. ზედაბახველები ბეური იყვენ. იშონეს დროი და წაგუართუენ ბულთი. გეიქცენ და მივსდევთ. რომ დევედევნეთ, დაგვიჭრენ აი თუთხმეტი კაცი და ზრუგზე შესმული წაგვიყვანენ კარქა მანძილზე.

ზედაბახველებმა ჩვენზე თქუენ: ევიყვანოთ და კანცელარიაში დავანწყვტიოთო. ამ დროს ანტონა ნაკაიძემ მეიგდო ბულთ ხელში და გუუწვა ბაღდადისკენ, მარა მისი დაწევა აღარ იქნა. ბახვში ატანილი ბულთი ქე დააბრუნა ანტონამ”.

აპოლონ წულაძის მიხედვით ლელოს, იგივე გატანიე ბურთს თამაშობდნენ ორგვარს: ,,ღლეტით” და ,,არა ღლეტით” ან ,,უღლეტია”… ბურთი იწონის დაახლოებით ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი სპეციალურად იკერება და შემდეგ ივსება რიონის სილით და ნახერხით (როგორც ჩანს, წინათ ბურთი ასეთი მძიმე არ ყოფილა, რადგან ხშირად თურმე, როცა ლელოს თამაში მდინარის პირას მიმდინარეობდა, მოთამაშეთა ის მხარე, რომლის ლელო მდინარის ქვემოთ იყო, სპეციალურად აგდებდა ბურთს წყალში, რათა დინებას ის რაღაც მანძილზე წაეღო. ბურთი მძიმე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ჩაიძირებოდა…

აპოლონ წულაძის მონათხრობის მიხედვით ,,ხშირად, რომ ბურთი მდინარეში ჩავარდებოდა, ბურთის თამაშით დამთვრალი, გაბრუებული მოთამაშეებიც წყალში ჩაყვინთავდნენ (მოთამაშეები თავდაუზოგავად ხტებოდნენ წყალში ბურთის დასაუფლებლად და მდინარეში დიდი ,,ბრძოლა” ჩაღდებოდა), ს აბა, ღობეს ვინ ერიდებოდა – ,,პინტრიშით” გაჰქონდათ, ეზოს ზიანს აყენებდნენ, მაგრამ ზარალის ანაზღაურებას არავინ მოითხოვდა…

”წინათ ლანჩხუთის სასაფლაოს ეზოში დიდი ეკლესია იდგა, რომლის წინამძღვარი სოლომონ იმნაიშვილი ყოველ წელს, ლელობურთის წინ სასაფლაოს ღობეს თანასოფლელების დახმარებით შლიდა, შემდეგ ძველ ანაფორას იცმევდა და ლელობურთს თამაშობდა. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ალადასტურის, თაფლის, ბროწეულის წვენის და კიდევ სხვადასხვა ინგრედიენტების ნაზავია. ამ ნაზავს მოთამაშეებს თამაშის წინ ასმევენ, რადგან ის ადამიანს ძალას და გამბედაობას ჰმატებს.

გადმოცემით, ლელობურთის თამაში ოდითგანვე აღდგომის დღესასწაულზე იმართებოდა, მაგრამ კომუნისტების დროს თამაში პირველ მაისს დაამთხვიეს (ერთი ჯურუყვეთელი გლეხის გამოთქმა რომ ვიხმაროთ – ,,აღდგომის მოადგილეა პირველი მაისიო”). თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურმე გურულებსა და მეგრელებს შორის, ანუ კუთხეებს შორის შეჯიბრი–თამაში ყოველ წელს ფოთში იმართებოდა პირველ მაისს.

ერთ ასეთ თამაშს აღწერს ,,კვალი” (#20, 1897): ,,მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო… აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ მეგრელებსა და გურულებს… ნაშუადღევს 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა… და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენინეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: ,,დევიღუპეთ კოჩი, გურულებმა მორჯგინესო”.

ლანჩხუთში, კერძოდ კი სოფელ შუხუთში, თამაში სოფლის შუაგულში, ზედ საავტომობილო ტრასასთან მდებარე ცაცხვის ქვეშ იწყება და როგორც ჩვენი ფილმის გმირი იძახის – ტრასა, უკაცრავად ვარ, მარა იკეტება. მოწინააღმდგეთა მიზანია ლელო საკუთარ მხარეს გაიტანონ – ქვემოურებმა ჟორდანიას ღელეში, ზემოურებმა კი ე. წ. ,,უკან ღელეში” (ჩოხატაურლები ლელობურთის განკუთვნილ ადგილს ,,სათამაშო ეწერს” უწოდებდნენ).

ვლასა მგელაძე ასე აღწერს ლელობურთის თამაშს: ,,დაჩაქურებულ, დაკოტავებულ მობურთალების შუა გუგუნავების ეკლესიის კარის მიძღვარი იდგა, რომელმაც მთვარესავით დიდი, მრგვალი ბურთი აკურთხა. ბურთი მოხუცებულ მამა-შვილმა ზევით ააგდეს და წრიდან გავიდენ, მაყურებელთა შორის დადგენ (ჩვენ ფილმშიც ბურთი თამაშში არა საეკლესიო პირს, როგორც ახლა ხდება, არამედ ვეტერან ლელობურთელებს – კოსტა ორაგველიძეს და გირგოლ აფხაძეს შეაქვთ – ი.მ.).

როგორც მწევრები ბუჩქიდან გამოვარდნილ კურდღელს, ისე მიესიენ გურულები ბურთს და შეიქნა ბდღვნა, ღლეტა, ყვირილი, ყიჟინა…”ვლასა მგელაძის მიხედვით მობურთალები ლამის ყაბალახ-ჩაქურებში გამოწყობილნი თამაშობდნენ, შეიძლება ზოგჯერ ასეც იყო, მაგრამ როგორც წესი, მოთამაშეები ძველ ტანსაცმელს იცვამდნენ, ანდა წინასწარ ტილოსაგან იკერავდნენ, რათა ამ ორომტრიალში ტანზე არ შემოეგლიჯ-შემოეხიათ ყოველდღიური ტანსაცმელი.

ახლა აპოლონ წულაძეს მოვუსმინოთ: ,,…მოქიშპე მხარეები ცდილობენ ბურთი ხელთ ეგდოთ და გაქცეულიყვნენ ლელოსაკენ, მოწინააღმდეგე გამოუდგება…. ცხადია (ყოველი მხარე) ცდილობს თავისი ლელოსკენ წაიღოს ბურთი…” ,,მეტად კარგი საყურებელი და წარმტაცი თამაში ერთი სოფლის ცოლიანებისა და უცოლოების შეჯიბრება იყო… უცოლოები გაიხდიდნენ ჩოხას, შემოიხსნდნენ ქამარ-ხანჯალს, გადასცემდნენ გასათხოვარ ქალიშვილებს, ქალიშვილები ჩოხას კაბაზე გადაიცვამდნენ, ქამარ-ხანჯლით ვაჟურად მოირთვებოდნენ…

ახალმოყვანილებიც ასევე მოირთვებოდნენ თავიანთი ქმრების ჩოხა-ქუდით, ქამარ-ხანჯლით. ქალებიც ბურთის მოთამაშეებს დასდევდნენ და თავისიანებს ამხნევედნენ, გასათხოვარი – უცოლოებს, გათხოვილები ქმრებს… შეუძახებდნენ: აბა, ბიჭებო, თქვენ იცით, მარჯვედ იყავით, თვარა თუ მაჭამეთ სირცხვილი და ,,ყაზილარებმა” გაჯობათ, ქალები გაგექცევათ, აბა, ბიჭებო! არ გაჯობოს ცოლიანებმა, თვარა, უცოლოდ დარჩებით და სხვა.” ცნობილია, რომ ლელობურთში ხანდახან გურული ქალბატონებიც მონაწილეობდნენ. ისტორიამ შემოგვინახა მათი სახელები: ელპიტე გოგოლაშვილი, ათინო ბაჯელიძე, ელისაბედ ანდღულაძე, ლისა შავიშვილი…

თამაშის მსვლელობისას აკრძალული იყო წესების დარღვევა, როგორიცაა მოწინააღმდეგის ფიზიკური შეურაცხყოფა თუ გინება, მაგრამ აზარტში შესულ გურულებს ძალიან ხშირად წესების დაცვა ავიწყდებოდათ, იყო ერთი გაწევ-გამოწევა და ხელჩართული ჩხუბი… ხშირად წაქცეული – ბურთის, ამ ,,განძის” ბედნიერი და ამავე დროს საცოდავი მფლობელია, რადგან მას ზემოდან მოთამაშეების რამდენიმე იარუსი აწვება. მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს ბურთის წართმევას, მომხრე კი მოთამაშის ბურთიანად ან მხოლოდ ბურთის გათავისუფლებას.

ლელოს თამაშის დროს თუ ვინმე წაიქცა, თამაში ჩერდება. მოთამაშეები ხელების მაღლა აწევით ყველას აფრთხილებენ ამის შესახებ. ,,იყო ყვირილი: ,,გაშალეთ ბურთი! – ნუ იღლიტებით! არიქა დაიხჩვა კაცი, გეიშალეთ!” ფეხით გამოათრევდნენ თავპირ დასისხლიანებულ გულშეღონებულ მობურთალს, მარა მაგიორ ათი შედიოდა შეკრულ წრეში ბურთის გამოსატანად, გამოსაღლეტად.”

კოსტა ორაგველიძეს მონათხრობიდან ვიგებთ: ,,ერთ-ერთ თამაშზე პაწე ნასმი ვიყაი და შივედი, და რა თქმა უნდა წევიქეცი. გადიარა ჩემ ზრუგზე ერთი ასი კაცი მაინც, ჩემი გვერდენები რუმ ინტრიოოდა, მე ვყურობდი, როგორც ნაღობარა გაგიტეხია, ისე, მარა რას იზამდი! რუმ გადაიარენ და წევიდენ, გამომათრიენ, წამიყუანენ სავანტყოფოში, რვაი გვერდი მქონდა გატეხილი. ერთი კიკიბაი (ლავიწი) მქონდა გატეხილი. დანტროული ვიყაი თელათ… დანსხროული ვიყაი ქლა და მერე რაცხა, რაცხა, რაცხა და… ძაღლი ვიყაი მუშაობაშიც, იმაშიც , ამაშიც და ქე მოვჩი!”

თურმე ხანდახან მოთამაშეები ეშმაკობასაც მიმართავდნენ – ორომტრიალში ჩუმად გააპარებდნენ ბურთიან კაცს, რომელიც, თუ გაუმართლებდა, საკუთარ ლელოში გაიტანდა ბურთს, მაგრამ ვაი მისი ბრალი თუ ,,შპიონს” შეამჩნევდნენ, მას გახურებული გურულების უზარმაზარი მასა ისე დაედევნებოდა, როგორც ფუტკრების გუნდი დედა ფუტკარს…

,,ხშირად, რომ ბურთი მდინარეში ჩავარდებოდა, ბურთის თამაშით დამთვრალი, გაბრუებული მოთამაშეებიც წყალში ჩაყვინთავდნენ, აბა, ღობეს ვინ ერიდებოდა – ,,პინტრიშით” გაჰქონდათ, ეზოს ზიანს აყენებდნენ, მაგრამ ზარალის ანაზღაურებას არავინ მოითხოვდა…”

ყოფილა შემთხვევები რომ ბურთი შუაზე გაუჭრიათ: ,,შეიქნა ყვირილი: ბურთი გასჭრეს, ბურთიო! და, თავპირ დასისხლიანებული, ტანისამოს შემოხეულ-შემოწეკვილი ხალხი ზე წამოდგენ, წრე დაიშალა, ბურთაობა გათავდა.” ზოგიერთ რაიონში ლელობურთში ცხენოსნებიც იყვნენ ჩართულნი. ისევ სერგი ჟღენტს მოვუსმინოთ: ,,აქანე ტევრში დიდი თამაშობა იცოდენ. ქვედაბახვს ორი საზოგადოება რომ მოსულიყო, ბულთს ვერ წაართუმდა. ერხელ ესოფ ქიქოძემ მეინდომა, ცხენით წიეღო ბულთი, მარა არ გაატანენ. ცხენზე რომ იჟდა და მიაჭენებდა, დიეწია აგია თენეიშვილმა, შამუახტა ცხენზე, გადმუაგდო ძირს. შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი, ნამეტარი წეკვა, მარა ქვედაბახვს მაინც ვერ წაართუეს ბულთი”.

თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული მხარის წარმომადგენლები, დამარცხებულებთან ერთად, მიდიან რომელიმე ახლადგარდაცვლილი ახალგაზრდას საფლავზე, ბურთს დებენ საფლავის ქვაზე, პატივს მიაგებენ და შესანდობარს შესვამენ (სავარაუდოდ, ეს უფრო გვიანდელი რიტუალია, რომელმაც ფეხი, ალბათ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიკიდა). დღესაც რომ გახვიდეთ სასაფლაოზე, იქ ნახავთ საფლავებზე დადებულ ბურთებს, რომელთაგან ზოგიერთი ჟამთასვლამ ლამის მთლიანად გაანადგურა…

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *