რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

სეფიანთა სახელმწიფოს წარმოშობა ირანში

სეფიანთა სახელმწიფოს წარმოშობა ირანში

XVI საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ირანის ცხოვრებაში. ეს პერიოდი ქვეყნის ისტორიაში აღინიშნება ხელისუფლების სათავეში სეფიანთა დინასტიის მოსვლით. XIV საუკუნის დამდეგს ერთ-ერთ ორდენს შეიხ-სეფი-ედ-დინი (1252-1334 წწ.) მეთაურობდა. XV საუკუნის II ნახევრიდან სეფიანთა შეიხები, რომლებმაც თავიანთი რელიგიური რეპუტაციით ისარგებლეს, შეუდგნენ უფლება-მოსილებათა გაფართოებას. მათ რელიგიური უფლებები პოლიტიკურ სფეროშიც გაავრცელეს. ამ დროიდან ისინი პერიოდულად იბრძოდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით, განსაკუთრებით მიზანში ჰქონდათ ამოღებული კავკასიის ხალხები, საიდანაც ტყვეები მიჰყავდათ და ნადავლიც მიჰქონდათ. სეფიანთა დინასტიის დამაარსებლის ისმაილ შაჰის წინაპრებს – პაპა ჯუნეიდს (გარდაიცვალა 1460 სელს) და მამა ჰეიდარს (გარდაიცვალა 1488 წელს) არაერთხელ მოუწყვიათ ლაშქრობა საქართველოსა და კავკასიის სხვა მხარეებში. 1502 წელს ისმაილმა შეძლო საბოლოოდ დაემარცხებინა თავისი მოწინააღმდეგენი და სეფიანთა დინასტია დაეფუძნებინა.

თავიანთ მეომრებს სეფიანები „ყიზილბაშებს“ („წითელ თავსაბურავიანებს“) უწოდებდნენ, რადგან ისინი ატარებდნენ წითელი ზოლებით დამშვენებულ თორმეტნაკეციან ჩალმებს. მ. ჰეიდარის გადმოცემით ასეთი ჩალმები მათ თავზე მკვიდრად ადგათ. ზოგიერთი ისტორიკოსის მოწმობით, თვითნ ჰეიდარიც ყიზილბაშურ თავსაბურავს ატარებდა. შაჰ აბას I-ის დროინდელი ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ისქანდერ ბეგ თრქემანი (ისქანდერ მუნში), შემდეგნაირად ხსნის სახელწოდება „ყიზილბაშის“ წარმოქმნას და სეფიანთა ხელისუფლების ხასიათს: „მან (ჰეიდარმა) ერთხელ სიზმარი ნახა, რომ იმქვეყნიურ მახარობელთა მითთებით, მას წითელი მაუდისაგან თორმეტნაკეციანი გვირგვინი უნდა დაეწნა, თორმეტი შიიტი იმამისადმი რწმენის სიმბოლოდ და ამ გვირგვინებით ქვეშევრდომების კეფა დაემშვენებინა. ამ სიზმარის შემდეგ სულთანმა (ჰეიდარმა) მოიხადა იმ დროის ტრადიციული თურქმენული ფაფახი და თორმეტნაკეციანი გვირგვინი დაიხურა, შემდეგ მას ხელქვეითებმაც მიბაძეს. ამრიგად, – განაგრძობს ისქანდერ ბეგი, – ჰეიდარმა ერთმანეთს შეუხამა საერო და სულიერი მეუფება. სინამდვილეში, ღვთსმოსავი შეიხების ნებით, ის დაადგა წინამძღოლობის გზას, ხოლო ფორმალურად ტახტზე მეფური წესით იჯდა“.

სეფიანთა გამგებლობის ორასწლოვანი პერიოდის (1502 – 1736 წწ.) ისტორიული მოვლენები მოწმობენ სეფიანთა შაჰების განზრახვას – გაეფართოვებინათ თავიანთი ტერიტორია, დაეპყროთ ახალი მიწები. „ჯაჰადის“ (საღვთო ომი უწმინდურთა წინააღმდეგ) საბაბით იბრძოდნენ მეზობელი ქვეყნების, კერძდ ეკონომიკურად და პოლიტიკურად დიდმნიშვნელოვანი ამიერკავკასიის წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ 1521 წელს, შაჰ ისმაილ I შეეცადა ხელში ჩაეგდო აღმოსავლეთ საქართველო. შემდეგში სეფიანთა შაჰების შემოსევები საქართველოში არაერთხელ განმეორებულა.

თავისი ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის მანძილზე (1514 – 1576 წწ.) შაჰ თამაზ I მუდამ პოულობდა საბაბს შესეოდა კავკასიის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს. „ჯაჰადისა“ და მოსახლეობის გამუსლიმანების ლოზუნგით მან არაერთ ლაშქრობა მოაწყო და ახალი ტერიტორიები ჩაიგდო ხელში. 1555 წელს შაჰ თამაზსა და თურქეთის სულთან სულეიმან I-ს შორის ამასიაში დადებული ზავის პირობების თანახმად საქართველო ორ ნაწილად გაყვეს: თურქეთმა დასავლეთ საქართველო (იმერეთი, გურია, აფხაზეთი, სამეგრელო და სამცხის ნაწილი) აირჩია, ხოლო სეფიანებმა ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონები (სამცხის მეორე ნაწილი, ქართლი და კახეთი) დაისაკუთრეს. შაჰ თამაზის შვილის შაჰ მოჰამედ ხოდაბანდეს (1578 – 1587 წწ.) გამგებლობის პერიოდში თურქეთის სულთანმა მურადმა ომი განაახლა სეფიანებთან და აღმოსავლეთ საქართველოც დაიკავა.

ყიზილბაშთა ჯარების სამხედრო მოქმედებამ საქართველოში კულმინაციურ წერტილს შაჰ აბას I-ის (1587 – 1629 წწ.) დროს მიაღწია. თავისი მმართველობის პირველ წლებში ოსმალეთთან ომში შაჰ აბასმა ვერ მოიპოვა წარმატება და 1590 წელს კონსტანტინეპოლში დადებული ხელშეკრულების თანახმად, იგი იძულებული იყო თურქეთისათვის დაეთმო თავისი სამფლობელოები კავკასიაში. მაგრამ შემდეგში (1603 – 1613 წწ.) ირანმა თურქეთთან ხანგრძლივ ომში კვლავ დაიბრუნა აღმოსავლეთ საქართველოს რიგი რაიონები. თუმცა ირანელები 1613 წლისათვის თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ბატონად თვლიდნენ თავს, მაგრა ქართველი ხალხი არც ერთ მოძალადის ბატონობას არ ემორჩილებოდა გმირულად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. შაჰი კი ქვეყანას არ ეხსნებოდა და არაერთხელ (1614, 1616, 1617, 1625 წწ.) შეიჭრა საქართველოში.

შაჰ აბას I-ის მემკვიდრეებს შაჰ სეფის (1629 – 1642 წწ.) და აბას II-ს (1642 – 1666 წწ.) თურქეთთან ომის გაგრძელების თავი არ ჰქონდათ. 1639 წელს თურქეთსა და ირანს შორის დადებული ზავის თანახმად ირანის მმართველებმა შეინარჩუნეს შაჰ აბასის დროს დაპყრობილი ტერიტორიები. ამასთან, ისინი მოხერხებულად სარგებლობდნენ ხოლმე ადგილობრივ თავადებს შორის არსებული უთანხმეობებით და თავიანთ ვასალებს ნიშნავდნენ საქართველოში.

ყიზილბაშების არაერთგზის შემოსევები დიდ მსხვერპლად უჯდებოდა ქართველს ხალხს. მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და მოსახლეობის დატყვევება-გადასახლება, ქვეყნის სიმდიდრის ძარცვა, ისტორიული ძეგლების დანგრევა – აი, არასრული სია იმ უბედურებებისა, რაც ხალხს ატყდებოდა თავს.

მუსლიმანური კანონები ნებას რთავდა გაეჟლიტათ უცხო სარწმუნოების ხალხი ან სხვადასხვა ხარკითა და გადასახადით დაებეგრათ (მათ შორის „ხარაჯით“, „ჯიზიათით“ და სხვებით), თუ ისინი მუსლიმანური რწმენის მიღებაზე უარს იტყოდნენ. განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს, რომ ტერმინი „ჯაჰადი“ თავისთავად გულისხმობს ადამიანთა ხოცვა-ჟლეტას და ფასეულობათა მოწპობას. შაჰ თამაზ I-ის ოთხგზის შემოსევებს საქართველოში (1540, 1546, 1551, 1553 წწ.) ისეთი გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა, რომელსაც თვით სასახლის მოღვაწენი და ისტორიკოსები ვერ უვლიან გვერდს. ამის თვალსაჩინო სურათს წარმოადგენს ჰასან რუმლუს მიერ დაწერილი ისტორიული თხზულებების – „აჰსან-ოთ-თავარიხიდან“ მოტანილი ერთი ნაწყვეტი, რომელიც შაჰ თამაზის საქართველოში მეორე ლაშქრობას ეხება. „რელიგიის მფარველი უძლეველი შაჰი, – აღნიშნავს ჰასან რუმლუ – უამრავი მხედრობით საქართველოში გაემართა, მოულოდნელად თავს დაესხა ღებრებს (უღმერთებს – მ. ფ.), ხელთ იგდო მათ საცხოვრებელი ადგილები, წამოასხა ურიცხვი ძროხა და ცხვარი, გადაწვა მათი სახლები. იმ დღეებში, – განაგრძობს ავტორი – მზე ჯედის (იანვრის თვე) ბოლოში იყო. სასტიკად ციოდა. მდინარე მტკვარს ვერცხლისფერი ყინული გადაკვროდა. დიდთვლიანობის გამო ველი მთის მწვერვალებს გათანაბრებოდა“. საქართველოს კიდევ უფრო მეტი უბედურება მოუტანა შაჰ აბას I-ის ლაშქრობებმა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ 1614 წელს სპარსელებმა ტყვედ წაიყვანეს 30 ათასი კაცი და ხელთ იგდეს 40 ათასი სული პირუტყვი, ხოლო 1616 წელს დახოცეს 70 ათასი და ტყვედ ჩაიგდეს 130 ათასი კაცი (11, გვ. 875 – 876 და 900 – 901).

შაჰ აბას I ფართოდ ეწეოდა მოსახლეობის დატყვევებისა და გადასახლების პოლიტიკას. ბევრი ქართველი, სომეხი და სხვა კავკასიელი ხალხების მნიშვნელოვანი ნაწილი ირანის სხვადასხვა კუთხეში გადაასახლეს. ქართველ ტყვეთა დიდი ნაწილი დაასახლეს მაზანდარანში (ფარაჰ-აბადის და თაღი-აბადის რაიონები), ისფაჰანში (ფერეიდანი, ნეჯაფაბადი), ფარსში, აზერბაიჯანში, ხორასანში, ქურთსტანში, ხუზისტანში და სხვა.მარტო 1614 წელს 15 ათასი ოჯახი ფარაჰ-აბადში გადაასახლეს (II, გვ. 881), ხოლო 1616 წელს კიდევ 30 ათასი კაცი მიუმატეს. ამ გადასახლებათა ფართო მასშტაბების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ იმ ფაქტითაც, რომ 1625 წელს აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, მხოლოდ კახეთიდან 100 ათას კაცამდე იქნა გადასახლებული ირანში. შაჰ აბასი მკაცრად უსწორდებოდა სახელმწიფო მოღვაწეებს და მათ ოჯახის წევრებს. მან სიკვდილით დასაჯა გიორგი სააკაძის უმცროსი შვილი პაატა და სხვა ქართველი დიდგვაროვნები.

მიუხედავად მკაცრი სამხედრო პოლიტიკური ზომებისა სეფიანთა შაჰებმა ვერ შეძლეს გაეტეხათ კავკასიელი ხალხების წინააღმდეგობა, რათა შემოემტკიცებინათ მიტაცებული ტერიტორიები. კავკასიის მოსახლეობა განუწყვეტლივ უბრძოდა მათ წინააღმდეგ. დიდმა სახალხო აჯანყებამ იფეთქა საქართველოში ცნობილი პატრიოტებისა და სახელმწიფო მოღვაწეების – თეიმურაზის, გიორგი სააკაძის და სხვათა მეთაურობით. მრავალი წლის მანძილზე (1606 – 1663 წწ.) თეიმურაზი არაერთხელ შებრძოლებია სეფიანთა შაჰებს. შაჰ აბას I-ის წინააღმდეგ დიდ აჯანყებას სათავეში ედგა გიორგი სააკაძე 1624 – 1625 წლებში.

ქართველი ხალხის ქედმოუხრელი ბრძოლა სეფიანთა შაჰის სულთან-ჰუსეინის (1625 – 1626 წწ.) გამგებლობის დრომდე გრძელდებოდა. მაგრამ, მიუხედავად დიდი ზარალისა და მსხვერპლისა, საქართველო ამ დროს საბოლოოდ ვერ გათავისუფლდა და სახელმწიფო სუვერენიტეტის მოპოვება ვერ შეძლო. 1723 წელს, ოსმალეთის ჯარები, რომლებმაც უკანასკნელი სეფიანი შაჰების სისუსტით ისარგებლეს, შეიჭრნენ აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისი დაიკავეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში თავისი გმირობისა და ვაჟკაცობის წყალობით, მრავალი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე ამაღლდა ირანში სამოქალაქო და სამხედრო სარბიელზე. ამასთან, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებში.

როგორც ცნობილია, უშუალო ურთერთობა ქართველს სახელმწიფო მოღვაწეებსა და სეფიან შაჰებს შორის დამყარდა შაჰ-თამაზ I-ის გამგებლობის პერიოდში (XVI საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში მისი პირველი ლაშქრობის დროს). სეფიანთა ირანის დამაარსებელ ისმაილ I-ის საქართველოსთან კავშირების შესახებ, ირანელი ისტორიკოსი ხონდემირი (1475 – 1536 წწ.) იხსენებს ისმაილის პირველ შეხვედრას საქართველოს ცალკეული მხარეების მმართველებთან, მათ შორის დაუდ ბეგთან, ლევან ბეგთან, ყვარყვარესთან, მანუჩართან, რომლებიც, როგორც ავტორი წერს, შაჰმა დიდი პატივით მიიღო. ცნობილ ისტორიულ თხზულებაში – „თარიხე ალამ არაიე აბასი“ – ისმაილის მიერ საქართველოში მოწყობილი ლაშქრობების მიზეზების თაობაზე აღნიშნულია: „თავის გამგებლობის დასაწყისში (XVI საუკ. დამდეგი – მ. ფ.) სულთან სულეიმანმა (ოსმალეთის სულთანი – მ. ფ.) თავისი ჯარი გაგზავნა რუსეთსა და ევროპაში (ალბათ, ავტორი ბალკანეთის ქვეყნებს გულისხმობს, – მ. ფ.), რათა ჯაჰადი და ღაზავათი (წმინდა ომი) ეწარმოებინა მათ წინააღმდეგ. მის უდიდებულესობას ეწადა, აგრეთვე, ებრძოლა სხვა ურწმუნოთა წინააღმდეგ. წლების მანძილზე იგი უძლეველ ჯარებს გზავნიდა საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო თვითონ ამ დროს განცხრომით ცხოვრობდა“ (11, გ. 43).

საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობა სეფიანთა პერიოდში ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდებოდა: კახეთისა, (რომლის ცენტრი გრემი იყო) და ქართლის სამეფოს (დედაქალაქი თბილისი) შორის. ცალკეულ შემთხვევებში სეფიანთა შაჰები დაკავშირებულნი იყვნენ აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მმართველებთან. შაჰ-თამაზ I-ის საქართველოზე პირველი ლაშქრობების დროს (XVI საუკუნის 40-იანი წლები) კახეთის მეფე ლევან გიორგის ძე იყო, ხოლო ქართლისა – ლუარსაბ დავითის ძე, ამ დროს იმერეთში ბაგრატი (1510 – 1565 წწ.) მეფობდა.

შემდეგში ამ სამეფოების გამგებლები აღNიშNული პირების მემკვიდრეები იყვნენ, რომლებსაც ერთმანეთთან ნათესაური კავშირი ჰქონდათ. ამ პერიოდის ირანელი ისტორიკოსები იხსენიებენ ლევანის შვილების – ალექსანდრეს, იესეს და მისი შვილიშვილების კონსტანტინეს, დავითის და გიორგის, ამ უკანასკნელთა შვილების – სიმონისა და დავითს, სიმონის შვილის გიორგის, მისი შვილიშვილის ლუარსაბ II-ის , აგრეთვე ხოსროს და შაჰნავაზის სახელებს. დასავლეთ საქართველოს მეფეთაგან მოხსენიებულია ბაგრატ მეფე, სიმონის ძე მანუჩარი, მისი შვილი ათაბაგი და სხვები.

წყარო: Ambri Qartveli

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *