თბილისის ალყა და აღება 628 წელს რომაელთა და მათი მოკავშირეების მიერ
მე VII საუკუნის დასაწყისში გრანდიოზული ომი დაიწყო სასანიანთა ირანსა და რომის იმპერიას შორის. თავიდან ირანმა დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მერე ლეგენდარული იმპერატორის, ჰერაკლეს მეთაურობით რომაელთა არმიებმა შეძლეს ომში გარდატეხის შეტანა და ომის თავის სასარგებლოდ წარმართვა. კავკასიაში ირანის მთავარ დასაყრდენად იქცა თბილისი. მაშინ როცა კავკასიის ქრისტიანი მოსახლეობა გმირულად იბრძოდა გმირი ქრისტიანი იმპერატორის გვერდით, თბილისის მმართველმა ელიტებმა გადაწყვიტეს ბოლომდე ეომათ ზოროასტრელი ხოსროვ მეორეს გვერდით.
627 წელს ჰერაკლემ გადაწყვიტა კავკასია გაეწმინდა სასანიდური არმიებისგან და აეღო თბილისი როგორც მათი მთავარი დასაყრდენი რეგიონში. მან აგრეთვე კავშირი გააფორმა ხაზართა კაგანთან და შემოიერთა ლაზთა მეფის ჯარები, რომლებიც ომში 602 წლიდან იყვნენ ჩართული და დაიძრა თბილისისკენ.
რიკოთის უღელტეხილზე მათი შეჩერება ირანის არმიამ სცადა , მაგრამ ის უბრალოდ განადგურდა, მათ მაშველად დაძრული ძალები კი აჯანყებულებმა იბერებმა გაანადგურეს.
მეორე მხრიდან ხაზარებმა გაანადგურეს ირანის კიდევ ერთი არმია დარუბანდთან, გადალახეს კასპიის კარი და მაშინდელი ალბანეთის და ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია გაიარეს ბრძოლით, მოსახლეობის მასობრივი მხარდამჭერით და შემოუერთდნენ მოკავშირეებს თბილისთან.
ქართლის ერისმთავარმა სტეფანოსმა კი ისევ უარი განაცხადა ჰერაკლეს მხარეზე გადასვლაზე, შეკრიბა თავისი მომხრეები და ქალაქში ჩაიკეტა, აგრეთვე თბილისში მოიყარეს თავი ალბანეთიდან გამოქცეულმა ირანის ჯარის ნაწილებმა და ასევე რიკოტთან დამარცხებული ჯარის ნაწილებმა. დამატებით მათ შეუერთდა 10 ათას კაციანი ახალი ირანული არმია შარკაგის მეთაურობით , რომელიც გამოგზავნილ იქნა ქალაქის დასაცავად და კავკასიაში სიტუაციის შესაცვლელად. დიდი ბრძოლა გაიმართა ქალაქის კედლებთან რათა მომხდარიყო ალყის გარღვევა, მაგრამ ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა ირანელებისთვის. ისინი საბოლოოდ შეიკედლნენ ქალაქში და დაიწყო მისი დაცვა. ქალაქს სტეფანოსი და შარკარგი გააფთრებით იცავდნენ და რამოდენიმე იერიში მოიგერიეს.
როგორც მემატიანე აღნიშნავს გაკვირვებით, ამ წარმატებულ თავდაცვას ხელს უწყობდა ქალაქის მოსახლეობის მასობრივი მხარდაჭერა. თუ სხვაგან კავკასიაში ყველგან ჰერაკლეს ხვდებოდნენ როგორც გმირს და განმათავისუფლებელს, აქ მოსახლეობა ბოლომდე ედგა გვერდით ირანელებს.
ბოლოს ლაზეთიდან ჩამოიტანეს კატაპულტები და სპეციალური საალყო მანქანები. სპეციალური იარაღის გამოყენებით , 628 წელს თბილისი აღებულ იქნა გააფთრებული იერიშით. ირანის არმია და მათი მოკავშირეები პირწმინდად განადგურდნენ გამართულ ქუჩის ბრძოლებში.
ქრისტიანული კავკასია სრულიად თავისუფალი იყო ირანის ჯარებისგან. პარალელურ რეჟიმში 627 წლის დეკემბერში ქალაქ ნინევიასთან იმპერატორი ჰერაკლე გაანადგურებს ირანის ჯარებს და იღებს დედაქალაქ კტესიფონს. 628 წელს ირანი კაპიტულაციას აცხადებს, ხოსროვს კლავენ, ქრისტიანული სამყარო კი უდიდეს ტრიუმფს ზეიმობს, წარმართულ იმპერიაზე რომელიც მას წალეკვით ემუქრებოდა!

