კოლხას სამეფოს ადმინისტრაცია და მისი ისტორია
კოლხას სამეფოს სავარაუდო პირველ მოხსენიებად მიჩნეულია ძვ.წ. მე-13 საუკუნე, შუა ასურეთის სამეფოს მეფის ტუკულტა-ნუნურტას ნაწერები. შემდგომი მისი მოხსენიება ეკუთვნის შუა ასურეთის სამეფოს მეფეს, ტიგლათფილასარ 1-ელს. ტიგლატფილასარი აღწერს, რომ მან დაამარცხა ხირიხის ქვეყანა, რომელიც კოლხას(“კილხი”) ემორჩილებოდა. ეს ხირიხი, შესაძლოა იყო, იგივე შედარებით გვიანდელი კუმუხა ან მისი შემოგარენიც (ძველი ჰაიაშა-აზი) და ან მისი მეზობელი რეგიონის აღმნიშვნელი, რაზეც მიანიშნებს სხვა მის გვერდით დასახელებული ქვეყნების ტოპონიმიკა: ხიმი, ლუხი, არირგი, ალამუნი და ნუნი. აქედან გამომდინარე, კოლხას სამეფოს ტერიტორია, ძვ.წ. მე-12-მე-11-ე საუკუნეებში აღმოსავლეთ ანატოლიის ცენტრალურ ნაწილამდე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული, მდინარე ევფრატის სათავის მიდამოებში, რომელიც მას შეიძლება დაეკავებინა, ამ ტერიტორიაზე მყოფი ხეთების იმპერიის განადგურების შემდეგ.
კოლხას ცენტრი, საიდანაც სახელი კოლხა უნდა მომდინარეობდეს, უნდა ყოფილიყო დღევანდელი კოლა-არტაანის ან მისი მახლოებელი ტერიტორია. ამაზე მიუთითებს მის გვერდით, მდებარე პროვინციის ცენტრის მაკალტუს ტოპონიმიკა. ასევე მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მეზობელი რეგიონების ტოპონიმი, რომლებსაც ერქვა კალი. სწორედ ამ რეგიონში, კლარჯეთში მდებარეობდა ურარტუს მეფის სარდურ მე-2-ის მიერ ნახსენები კოლხას დედაქალაქი ილდამუშა.
კოლხას სამეფოს ზოგადად ქართველურ სამეფოდ მიიჩნევენ, თუმცა დონალდ რეიფილდის თანახმად, კოლხას ეთნიკური შემადგენლობა ბუნდოვანია და ქართველური სახელები „კოლხურ სამარხებში ნაპოვნი რამდენიმე ანთრონიმიდან აშკარად არ გვხვდება“. სამაგიეროდ, წარმოდგენილია ბერძნული, ანატოლიური, ირანული და შესაძლოა, აფხაზური სახელებიც.
ყოველ შემთხვევაში, კოლხას სამეფომ, იბერიის სამეფოსთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, დღევანდელი ქართველების ჩამოყალიბებაში; კოლხას უშუალო მემკვიდრეებად კი დღევანდელი ლაზ-მეგრელები მიიჩნევიან.
ტიგლათფილასარის დროს, როგორც ჩანს კოლხას სამეფო, ერთიანი ეთნიკური ერთეული არ უნდა ყოფილიყო, არამედ, შესაძლოა ყოფილიყო სამეფო გაერთიანება, მსგავსი, როგორც ურარტუ. ვინაიდან, როდესაც ტიგლათფილასარმა ნაირის ქვეყნები და მათი 23 მეფე დაიმორჩილა, მათ დასახმარებლად კიდევ მოდიოდა 60 მეფე ჩრდილოეთის ზღვიდან(შავი ზღვიდან). აქედან გამომდინარე, კოლხა და ურარტუ ძვ.წ. მე-11 საუკუნეში მოკავშირეები უნდა ყოფილიყვნენ.
ძვ.წ. 1-ელი ათასწლეულის დასწყისში, კოლხას ზღვისპირა ტერიტორიებზე სახლობდნენ ამაზონთა ტომები, რომლებიც წარმოადგენდნენ ამორძალი ქალების სამეფოს. ძვ.წ. მე-9 საუკუნიდან, კოლხა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სამეფოს წარმოადგენდა. იგი ამ პერიოდში, ეცილებოდა ურარტუს, დიაოხის დაპყრობაში და შემდგომში მათ დიაოხის სამეფო ორად გაიყვეს. ძვ.წ. მე-8 საუკუნეში კი სარდურ მე-2-მ კოლხას სამხრეთ რეგიონი წაართვა და მისი სამეფო ქალაქი ილდამუშა დაიპყრო.
როგორც ჩანს, ამის შემდეგ უნდა გადასული სამეფოს ცენტრი, დღევანდელი იმერეთის ტერიტორიაზე, სადაც შემდეგში ნახსენებია მისი დედაქალაქი კვიტაია. ძვ.წ. მე-8 საუკუნეში კოლხას კიმერიელები შემოესიენ, ხოლო ძვ.წ. მე-7 საუკუნეში სკვითები. მიუხედავად ამისა, კოლხას უმდიდრესი პერიოდი სწორედ ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან იწყება და ძვ.წ. მე-4 საუკუნემდე გრძელდება. ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან, ბერძნებმა შავ ზღვის სანაპიროებზე დააარსეს კოლონიები. მათ შორის რამდენიმე მდებარეობდა კოლხას ტერიტოირაზეც.
ამ პერიოდში კოლხას სამეფოს შესახებ არაერთ ცნობას იძლევიან ძველი ბერძენი მატეანეები. ისინი ასახელებენ სხვადასხვა კოლხურ ტომებს. ზოგჯერ კოლხას სამეფო მოიხსენიება აია-ს სახელწოდებით, რომელიც შესაძლოა კოლხას თვითდასახელება ყოფილიყო. ხოლო სახელწოდება კოლხა შესაძლოა მეზობელი ტომების მიერ ძველი სახელწოდების წოდების შედეგად შერჩენოდა.
კოლხას სამეფო დაყოფილი იყო სკეპტუხიებად. კოლხური დიადემები აღმოჩენილია დღევანდელი ვანისა და საირხის ტერიტორიაზე, რომელიც მიუთითებს ამ ტერიტორიებზე სკეპტუხიების ცენტრების არსებობას. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში კოლხას სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონები აქემენიანთა ირანმა დაიპყრო. კოლხა აქემენიანთა იმპერიას ხარკს აძლევდა. კოლხას ევალებოდა აქემენიანთა ირანისთვის წელიწადში 100 ბიჭი და 100 გოგონა გაეგზავნა. ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან კოლხას სამეფო დაკნინდა, თუმცა 2 საუკუნე კოლხა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. ძვ.წ. 1-ელ ათასწლეულში კოლხას სამეფო მითრიდატე ევპატორმა დაიპყრო, რომლითაც სრულდება კოლხას სამეფოს ისტორია. მოგვიანებით, მის ტერიტორიაზე, მისი მემკვიდრე ლაზიკის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ახ.წ. მე-7 საუკუნემდე იარსება.
კოლხას სამეფომ, მსოფლიო ცივილიზაციაში თავისი კულტურული კვალი დატოვა. მას უკავშირდება მითი არგონავტების შესახებ, რომელიც ეპიკურ ნაწარმოებთაგან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო, როგორც ისტორიულად, ისე დღეს. სწორედ იქაა ნახსენები კოლხას ყველაზე ადრეული ცნობილი მეფე აიეტი.
უძველესი წყაროები კოლხას შესახებ:
ძვ.წ. მე-13 საუკუნის მე-2 ნახევარი; შუა ასურეთის სამეფოს მეფის ტუკულტი ნინურტა I-ის ირიბი ხსენება კოლხას შესახებ: “ძაფივით პირდაპირ გავჭერი ნაირის მიწების კლდოვანი მთები. ნაირისა და ზემო ზღვის(შავი ზღვის) ორმოცმა მეფემ და მათმა ჯარებმა ჩემს ფეხებთან თაყვანი სცეს.”(აქ ზემო ზღვის ქვეყნებში უნდა იგულისხმებოდეს მთლიანად ან ნაწილობრივ კოლხას ქვეყნები.)
ძვ.წ. მე-12 საუკუნის მიწურული(ძვ.წ. 1113-1110 წლები); შუა ასურეთის სამეფოს მეფის ტიგლათფილასარ I-ის ჩანაწერები(კოლხას სავარაუდო უძველესი ხსენება): “ჩემი ბატონის, აშურის ძალითა და ძალაუფლებით წავედი ცუგის ქვეყანაში, რომელიც გილხის(კოლხა) საკუთრება იყო და რომელიც არ ცნობდა ჩემ ბატონს, აშურს. მათი 4000 ჯარისკაცი – ხიმის, ლუხის, არირგის, ალამუნის, ნუნის და ახის მთელი შორეული მიწებიდან, ხირიხის ქვეყანაში, რთულ რეგიონში, რომელიც ლითონის ბოძებივით აღმართული იყო, მთელს მათ ხალხს, მე ფეხით ვებრძოდი. მე დავამარცხე ისინი; მათი მებრძოლების გვამები მთების მწვერვალებზე მასობრივად დავყარე. მათი მეომრების გვამები ხირიხის ქვეყანაში ნამჯასავით მიმოვფანტე. მთელი ცუგის ქვეყანა ავიღე. მათი ოცდახუთი ღმერთი, მათი მოძრავი ქონება, მათი სიმდიდრე და ძვირფასი ნივთები წავიღე. მათი მრავალი ქალაქი ცეცხლში დავწვი, გავანადგურე და დავამხე. მათი ჯარისკაცები ჩემს უღელს დაემორჩილნენ. მე შევიწყალე ისინი. მე მათ ხარკი და შესაწირავი დავაკისრე. აშურის, ჩემი უფლის, თაყვანისცემისადმი ერთგულებით, მე მათ მივენდე.
ამ დროს, ამ ქვეყნების 25 ღმერთი, რომლებიც ჩემ მმართველობას ექვემდებარებოდნენ და რომლებიც ავიღე, დიდების დედოფლის ტაძარს პატივსაცემად მივუძღვენი; ჩემი უფლის, აშურის, ანუს და ვულის, ქალღმერთს, რომელიც ჩემი ქალაქის, აშურის, ყველა საჯარო ტაძრისა და ჩემი ქვეყნის ყველა ქალღმერთის მფარველია.”
ძვ.წ. მე-8 საუკუნის შუა ხანები(ძვ.წ. 760-ძვ.წ. 740 წლები); ურარტუს მეფის სარდური II-ის ჩანაწერები: “[. . . სარდური] არგიშტის ვაჟი. სარდური ამბობს: მე გავემართე ყულხას(ადგილობრივთა ენაზე სავარაუდოდ კულხა ან კოლხა) მიწისკენ და დავიკავე იგი. ილდამუშას ქალაქი, მეშას სამეფო ქალაქი, ყულხას მიწის მეფე, რომელიც გამაგრებული იყო, მე ბრძოლით ავიღე მის ხალხთან ერთად და დავწვი.(აქ საუბარი შესაძლოა ჰქონდეს, კონკრეტულად კლარჯეთის და შავშეთის ტერიტორიებზე და მის მახლობელ მიწებზე მხოლოდ, სადაც შესაძლოა მდებარეობდა კოლხას ცენტრი იმ დროს, ან შესაძლოა კოლხა ერქვა მხოლოდ ამ ტერიტორიებს და მას ეწოდებოდა კოლხას სამეფო, რომელიც ძველ ბერძენ მატიანეებს შეიძლება გაეიგივებინათ აიას სამეფოსთან).
მე დავამარცხე გარნიზონი, რომელიც იქ იყო ყულხას მიწაზე.
მე გავაკეთე რკინის ბეჭედი და დავამაგრე წარწერა ქალაქ ილდამუშაში. მე დავწვი ციხესიმაგრეები (და) დასახლებები, გავანადგურე ისინი (და) გავანადგურე მიწა. მე გადავასახლე კაცები და ქალები.
სარდური ამბობს: იმავე წელს ისევ გავემართე უიწერუხის(კოლხას მეზობელი, შესაძლო მჭიდროდ მონათესავე სამეფო) მიწისაკენ; ჩემთან ერთად იყო 3 გუბერნატორი(?), 3 ადგილას კი სამხედრო კამპანია ჩავატარე.
ღმერთი ხალდის სიდიადით მე დავიკავე მიწა, (1) დღეში დავამარცხე იგი (და) გავანადგურე მიწა. კაცები და ქალები გადავასახლე.
ავაშენე ქალაქ ურაიას ციხე, იქ დავტოვე გარნიზონი, დავასახლე იქ უიწერუხის მიწის შია ხალხი.
სარდური ამბობს: ხალხი, რაც მოვიპოვე – 8100 ახალგაზრდა კაცი(?) წავიყვანე, 9110 ქალი წავიყვანე, სულ 17200 კაცი; ზოგი მოვკალი, ზოგი ცოცხალი გადავასახლე; მე წავიყვანე 1500 ცხენი, 17300 ხარი (და) 31600 ცხვარი.
სარდური ამბობს: ღმერთ ხალდისთვის მე ეს საქმეები ერთ წელიწადში შევასრულე.”

