ვინ „დააბრმავა“ ჰომეროსი?

რა ვიცით „ილიადას“ გენიალურ ავტორზე? ის, რომ ჰომეროსი ბრმა იყო.
ჰომეროსის თვალისჩინი არ ჰქონდაო, შეეძლო უსინთლო კაცს შეექმნა ორი უზარმაზარი პოემა, რომლის ორმოცი ათასი სტროფი მრავალფეროვან პალიტრას ქმნის? განა შეუძლია ბრმას დაინახოს, როგორია ბალახი, ყვავილი, შეღამება?
ან კი შეუძლია ადამიანს, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ უხილავს, მკითხველს დაანახოს, როგორ ტოკავს სხეულში ჩარჭობილი მახვილი მომაკვდავის გულისცემასთან შეწყობილი? ასეთი სტრიქონებისთვის ნებისმიერი თვალხილული პოეტი ისურვებდა ჰომეროსივით უჩინო თვალებს.
„ილიადისა“ და „ოდისეის“ ყოველი ფურცელი ფერებს ასხივებს. თითოეულ გმირს საკუთარი ფერთა გამა გააჩნია.
ზევსი – შავწარბაა, ათენა – შუქმფინარე, აქილევსი – თავთუხისფერკულულება. ხედავთ, რამდენ ფერს არჩევს პოეტი? ან ილეკროს რამდენი ფერი იცის: სპილენძი – მეწამულია, კალა – თეთრი, რკინა? დღევანდელ ტექნიკურ საძიებლებში მისთვის ძალიან მოხერხებული ფერი მიუკუთვნებიათ – „რკინისფერ-ნაცრისფერი“; ჰომეროსთან კი რკინა – ჭაღარაა!
ჰომეროსი რომ უსინათლო ყოფილიყო, ბუნებრივია, მის ლექსში უმთავრესი ხმა, შეგრძნება, სუნი იქნებოდა. მაგრამ მხედველობითისა და სხვა დანარჩენი ასოციაციის შედარება აჩვენებს, რომ ჰომეროსი სამყაროს შესახებ საკუთარი ინფორმაციის 85-90%-ს სწორედ მხედველობითი აღქმის საშუალებით გადმოგვცემს. ეს მონაცემები ბუნებრივია ყველა ნორმალური, თვალხილული ადამიანისთვის, რომელიც ინფორმაციას სწორედ ხედვიდან კრებს.
აბა რატომ მივიჩნევთ ჰომეროსს ბრმად?
მოპოვებულია ჩვ. წ. აღ-მდე IV ს მონეტები, რომელზედაც ჰომეროსი ფართოდ გახელილი, აშკარად მხედველი თვალებით არის გამოხატული. ნაპოლეონის მუზეუმში ინახება პოეტის იმავე პერიოდის მარმარილოს ბიუსტი, აქაც არავითარი კვალი სიბრმავისა.
ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი ბიუსტი ბრმა ჰომეროსისა, შექმნილია ალექსანდრიაში, ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში. თვალხილულ ბიუსტთან მას მხოლოდ ერთი საუკუნე აშორებს. მაინც რა მოხდა ამ პერიოდში?
ჰომეროსი „დააბრმავა“ ელინიზმა. ხოლო მადლობა ამისთვის პოეტმა თავის ყველაზე დიდ თაყვანისმცემელს, ალექსანდრე მაკედონელს უნდა მოახსენოს… პლუტარქე იხსენებს, რომ მაკედონელი ხელიდან არ იშორებდა „ილიადას“. მაშინაც კი, როდესაც ეგვიპტე დაიპყრო და საკუთარი სახელწოდების ქალაქს, ალექსანდრიას აარსებდა, ადგილის შერჩევაშიც ჰომეროსი დაეხმარა. იგი სიზმარში გამოეცხადა მთავართ-მთავარს და წაუკითხა ადგილი „ილიადიდან“: ხმაურიან, უკიდეგანო ზღვაზე, ეგვიპტის პირისპირ არის თვალწარმტაცი კუნძული ფაროსი…
ალექსანდრემ სიზმარი ცხადში შეამოწმა… ასე ჩაეყარა საძირკველი 332-331 წლების ზამთარში ალექსანდრიას, მომავალში ელინური კულტურის მსოფლიო დედაქალაქს. ქალაქის ცენტრში აიგო ჰომეროსის ტაძარი, თავად პოეტი კი გააღმერთეს.
მაგრამ ეს ღვთაება ელინ ინტელექტუალებს რაღაც უფერულად მოეჩვენათ. პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებებზე აღზრდილებს საუბარი ამაღლებული უყვარდათ… ფილოსოფიური მსჯელობა ერჩიათ და ხაზს უსვამდენ რჩეულთა „სხივჩამქრალი ხედვის“ უპირატესობას ბრბოს „თვალხილულობაზე“. აკი ძველბერძნული ელიტის წარმომადგენლებმა გონების ჭვრეტით მიაგნეს ატომის არსებობას, ამისთვის თვალი და ჩინი არ იყო საჭირო!
რადგან ადამიანის გონი და აზრი ყოფილა უმთავრესი, არც პოეტს დასჭირდებოდა თვახილულობა. ელინური აღქმისთვის ბრმა გენია უფრო მიმზიდველი და მისაღები აღმოჩნდა… ჰოდა, ჰომეროსი დაბრმავდა!
სახელგანთქმული ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მეცნიერთა აზრს კი მთელი ელინური სამყარო უგდებდა ყურს და მანაც აღფრთოვანებით მიიღო ჰომეროსის ახალი ხატება.
ასე დააბრმავეს ელინებმა პოეტი, რომელმაც დედაქალაქი დაუარსა.
