თბილისში ყაჩაღებმა ადამიანებს ყურები და თითები დააჭრეს, მათ 12 საათი აწამებდნენ
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა შეიარაღებულმა პირებმა სამი ადამიანი სასტიკად აწამეს და მათგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებმა დაზარალებულებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის ყურებისა და თითების არეში.
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, დაზარალებულები რუსეთის სამი მოქალაქეა, რომლებიც სხვადასხვა დროს, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩამოვიდნენ საქართველოში და საბოლოოდ ვარკეთილში მდებარე ერთ ბინაში დასახლდნენ.
სიუჟეტის მიხედვით, საცხოვრებელი ბინა ემიგრაციაში მყოფ ქალს, ლილი ონიანს ეკუთვნის. სავარაუდოდ, ბინის გასაღები მისმა შვილიშვილმა გადასცა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და დაზარალებულებს იცნობდა.
პოლიციის მასალების თანახმად, 27 მარტს ერთ-ერთ დაზარალებულს ტელეფონზე დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბინაში გაზის გაჟონვის საფრთხე არსებობდა. მას უთხრეს, რომ ადგილზე „ხელოსნები“ მივიდოდნენ, რის გამოც ის მესამე სართულიდან ეზოში ჩავიდა. ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მამაკაცი ღამის საათებში მართლაც ტოვებს კორპუსს, თუმცა ადგილზე არც ხელოსნები და არც შესაბამისი სამსახურები არ იმყოფებოდნენ. ცოტა ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის. ბინაში დაბრუნებულ მამაკაცს კი ინკასატორების ნაცვლად კრიმინალური ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს სახლში, სადაც მისი მეგობრები უკვე განეიტრალებული იყვნენ.
საქმის მასალების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ. შვიდი შეიარაღებული პირი მათზე ფიზიკურად ძალადობდა და კრიპტოსაფულეების კოდებსა და მობილური ტელეფონების პაროლებს სთხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დაზარალებულების ტელეფონებზე წვდომა მიიღეს, თუმცა კრიპტოსაფულეებში დიდი თანხა ვერ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მათ ფიზიკური ძალადობა კიდევ უფრო გაამძაფრეს და დაზარალებულებს მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ერთ-ერთ მათგანს თითის მოჭრითაც ემუქრებოდნენ და დაზიანება რეალურადაც მიაყენეს.
საქმის მასალების თანახმად, თითქმის 12-საათიანი წამების შემდეგ, ადგილზე IT სპეციალისტიც მიიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მონაცემების მოძიებაში უნდა დახმარებოდა ჯგუფს. 25 წლის შოთა გაგლოშვილი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. დაზარალებულების მტკიცებით, ვერც სპეციალისტმა შეძლო იმ თანხის აღმოჩენა, რომელსაც თავდამსხმელები ეძებდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა სამი მოქალაქის გატაცება გადაწყვიტეს.
საბოლოოდ, ნაცემი ახალგაზრდები მარნეულში გადაიყვანეს, სადაც მათ ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ პოლიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში აღნიშნულ კადრებს გაავრცელებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებულები.
