რას ეძებ?

ისტორია საზოგადოება საქართველო

ანრიდი სანაია: დისიდენტი და ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი ზუგდიდში

ქართველი დისიდენტები - ანტისაბჭოთა პროკლამაციები

ანრიდი სანაია, დისიდენტი, ,,საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაციის“ დამფუძნებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი ზუგდიდში.

ანტისაბჭოთა პროკლამაციის გასავრცელებლად საჭირო იყო საბეჭდი მანქანა, ანრიდ სანაიამ პირველად, რეზინისაგან დაამზადა საცდელი შრიფტი, მაგრამ ვერ გაამართლა. ტყვიისაგან დამზადებული შრიფტიც ვერ გამოდგა. ანრიდმა გადაწყვიტა სტამბაში მოენახა სანდო პიროვნება, რომელიც ნაწილ-ნაწილ გამოიტანდა შრიფტს. ასეთ პიროვნებად აბიბო ბუაძე ჩათვალა. დარწმუნებული იყო, თუ ვერ დაეხმარებოდა, არ გათქვამდა მაინც.

– რისთვის გჭირდება შრიფტი? – შეეკითხა ბუაძე. ანრიდმა ამჯობინა ბოლომდე გაემხილა თუ რისთვის სჭირდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ საჭირო რაოდენობის შრიფრი ანრიდის ხელში იყო.

ამასობაში ორგანიზაციას ახალი წევრები შეემატნენ: ჰამლეტ სანაია, გურამ მაკალათია, ალვერ იზორია, ვაროლი ჯინჯოლავა, ვალეტ იობიძე, ზაურ რატია და სხვა.

ახლოვდებოდა 25 თებერვალი – საქართველოს გასაბჭოების მე-40 წლისთავი. ამ თარიღისთვის მზადება საბჭოთა საქართველოში რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს თავიანთი ,,საჩუქარი“ მიეძღვნათ ამ თარიღისთვის და პროკლამაციები 25 თებერვლამდე გაევრცელებინათ. სპეციალური საბეჭდი დაზგა ანრიდ სანაიამ გააკეთა. შეიმუშავეს პროკლამაციების მოკლე ტექსტი.

ააწყვეს, წაუსვეს საღებავი და წამოვიდა პირველი ნაბეჭდი პროკლამაციები. დაზუსტდა პროკლამაციების გავრცელების დღეც – 28 იანვარი. ანრიდი სანაიას წინადადებით, გადაწყდა პროკლამაციები გაევრცელებინათ კინოთეატრებში ბოლო სეანსის ბოლო წუთებზე.

გადაინაწილეს ქალაქებიც: თბილისი – სერგო სორდია; ქუთაისი ანრიდი სანაია; ფოთი – ვალტერ შურღაია; სოხუმი – გურამი მაკალათია; ბათუმი – მუსო მორგოშია; ცხაკაია – რუსლან ქირია. კონსპირაციის მიზნით ზუგდიდში პროკლამაციების გავრცელებაზე უარი თქვეს.

ანრიდი სანაია - ,,საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაციის“ დამფუძნებელი

1961 წლის 28 იანვარი, თბილისი, კინო-თეატრი ,,რუსთაველი“კინოთეატრში ახალი მხატვრული ფილმი ,,გრაფ მონტე-კრისტო“ გადის. ფილმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინო-თეატრის თანამშრომელმა ქალმა, ჩვეულებისამებრ, წინასწარ გააღო გასასვლელი კარები. უცებ, კინო-დანადგარის ფოსფორისებრ შუქზე მაყურებლებმა მოფარფატე ფრინველი შენიშნეს. ჯერ ერთი იყო, მერე ორი, სამი და ასე ფარფატით მაყურებლების კალთაში აღმოჩნდა ზუგდიდში დამზადებული ანტისაბჭოთა პროკლამაციები.

პარალელურად პროკლამაციები გავრცელდა შემდეგ ლოკაციაებზე: ქუთაისი, კინო-თეატრი ,,კომუნა“; ფოთი, კინო-თეატრი ,,კომკავშირელი“; სოხუმი, სახელმწიფო დრამატული თეატრი;

ხობი – ცხაკაია, სამგზავრო ავტობუსი ,,ზუგდიდი-ქუთაისი“, სადაც უკანა რიგებში ანდრო ჩვამაიამ შენიშნა სიმპატიური თმახუჭუჭა ბიჭი, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა ჩასვლისას ავტობუსში ანტისაბჭოთა პროკლამაციები დატოვა. ანდრო ჩვამაიამ პროკლამაცია წაიკითხა.

ქართველნო! დამოუკიდებლობის მსურველნო – ერთად დამოუკიდებლობისაკენ! პირადი და საშვილიშვილო საქმისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მოგიწოდებთ თქვე, ქართველებო! ქართველი ახალგაზრდობის ახალგაზრდა, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ორგანიზაცია. ყოველი ქართველი ვალდებულია იბრძოლოს დამოუკიდებლობისათვის.

ამხანაგებო! მეგობრულად, ერთი გრძნობით, ამ დიდი საქმისთვის მხარდაჭერით, ქართული სიმტკიცით, გავერთიანდეთ ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა. (1961 წლის 28 იანვარს გავრცელებული პროკლამაცია. აღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოდან.)

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განყოფილებებიდან ინფორმაციები იმავე ღამეს მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური საგონებელში ჩავარდა. ერთ თვეში რესპუბლიკამ გასაბჭოების მე-40 წლისთავი უნდა იზეიმოს. ასეთ დროს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით პროკლამაციების გავრცელება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას უდრიდა.9 თვიანი ამაო ძიების შემდეგ, 1961 წლის ოქტომბერში, საქმე, სრულიად შემთხვევით გაიხსნა.

ოქტომბრის ერთ მზიან დღეს ანდრო ჩვამაიამ ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში გოგონასთან ერთად სკამზე ჩამომჯდარი ლამაზი, თმახუჭუჭა ბიჭი დაინახა. ჩვამაიამ მაშინათვე გაიხსენა: ეს ის ბიჭი იყო, რომელმაც ავტობუსში პროკლამაციები დატოვა.

თმახუჭუჭა ბიჭი და გოგონა კინო-თეატრში შევიდნენ. ჩვამაიაც შეჰყვა. კინო-თეატრიდან გამოსვლის შემდეგ თმახუჭუჭა ბიჭმა გოგონა სახლამდე მიაცილა. შემდეგ სტალინგრადის ქუჩაში შეუხვია და N28 სახლში შევიდა. ეს ბიჭი იყო, ზუგდიდელი 16 წლის რუსლან ქირია. (საინტერესოა დღეს წარმოდგენილი ქუჩის და სახლის ადგილმდებარეობა).

ანტისაბჭთა მოძრაობისთვის ზუგდიდელი ახალგაზრდები საბჭოთა სასამართლომ გაასამართლა, მათი ლიდერი ანრიდ სანაიას მიესაჯა 4 წელი, და გადაყვანილ იქნა შორეულ გულაგის არქიპელაგის კუნძულზე, სადაც მას შემდეგ შემოუერთდება მომავალი ანტისაბჭოთა ორგანიზაცია ,,აკეგოს” წევრები ზაურ ქობალია, ინდიკო ქობალია, ედემ კვირტია და სხვები.

საბჭოთა გულაგიდან სამშობლოში დაბრუნებულ ანრიდ სანაიას, არც შემდეგ ღირსებია მშვიდი ცხოვრება.

1991 – 92 წლების მიჯნაზე, როდესაც იმპერიული ძალების მიერ წაქეზებულმა და შეიარაღებულმა პუტჩისტებმა ჩაიდინეს არნახული და გაუგონარი დანაშაული ერის წინაშე, ანრიდი სანაია ზვიად გამსახურდიას გვერდით ედგა. ის იყო ეროვნული გვარდიის ზუგდიდის ბატალიონის მეთაური.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პრორუსული ძალების მიერ სისხლიანი დამხობის შემდეგ, საყოველთაო დაუმორჩილებლობის ცენტრმა ზუგდიდში გადმოინაცვლა.

7 იანვარს ზუგდიდში შეიქმნა ეროვნული დამოუმორჩილებლობის კომიტეტი. ანრიდ სანაია კანონიერი ხელისუფლების ერთგული გვარდიის წევრებთან ერთად იცავდა მოსახლეობას ხუნტის ე.წ. სამთავრობო ჯარების ყაჩაღური შემოსევებისაგანერთ-ერთი ასეთი შემოსევისას დააპატიმრეს ანრიდი და სასტიკად აწამეს.

ანრიდის მოგონებიდან: ,,დილაუთენია, ბინაში ავტომატებით შეიარაღებული 3 სამხედროფორმიანი დამადგა თავზე და ყვირილით და გინებით წამომაგდეს საწოლიდან. როგორ და საიდან შემოვიდნენ, არ გამიგია. ნასვამი არ ვყოფილვარ, რომ ისე ჩამძინებოდა, კარების შემომტვრევის ხმა არ გამიგია. არც მეუღლესა და ვაჯიშვილს გაუგია რამე. არადა, როგორ შემდეგ ვნახე, კარები შემოუმტვრევიათ. ეტყობა, რაღაც დამაძინებელი ნივთიერება გამოიყენეს.

პირველად, იარაღი მომთხოვეს. ბალიშისქვეშ რევოლვერი მედო. დამალვას აზრი არ ჰქონდა. რევოლვერი გადავაწოდე. მიბრძანეს ტანთ ჩამეცვა. ვიდრე ვიცვამდი, ბინის ჩხრეკას შეუდგნენ. გადააქოთეს ყველაფერი. წაიღეს რაც ხელთ მოხვდათ: ოქროს სამკაულები, ფული, თეთრეულიც კი.

ბინიდან რომ გამომიყვანეს, უკვე ექვსი კაცი დავითვალე. კონდახების ცემა-ცემით ჩამიყვანეს პირველ სართულზე. ეზოშ ,,რაფის“ მარკის მანქანა და ორი ,,ბეტეერი“ იდგა. თენდებოდა. ირგვლივ მიმოვიხედე. ფანჯრებიდან და აივნებიდან მობინადრეები იყურებოდნენ. თურმე გვერდითა სახლში მცხოვრებ ტელეოპერატორ რეზო ჯიქიას დასხმიან თავს. მის ბინას რკინის ჭიშკარი ჰქონდა, შემტვრევა გაძნელებიათ. რეზოს, მომხდურთ დასაშინებლად, ხელყუმბარა უსვრია, რომლის ხმასაც გამოუღვიძებია მობინადრეები.

რეზოც ცემა-ცემით გამოიყვანეს ბინიდან. ორივე რაფში შეგვაგდეს. მესმოდა ხმები: ,,ჩქარა, ჩქარა, თორემ მოგვისწრებე ძაღლისშვილები“.

მალე სასწრაფო დახმარების მანქანა და ტანკი გამოჩნდა. სასწრაფო დახმარების მანქანა ჩვენს რაფს მოადგა. იქიდან სასტიკად ნაცემი რობერტი ზარქუა გადმოიყვანეს და ისიც ჩვენთან შემოადგეს. რობერტის დაკავებისას, თურმე მისი ძმა – გულადიც უცემიათ და დაუჭრიათ. იგი სასწრაფო მანქანაში დატოვეს.

ზუგდიდიდან ხობის მიმართულებით წაგვიყვანეს. ხობში კიტოვანის ე.წ. გვარდიელები იდგნენ. მათაც სასტიკად გვცემეს, მერე, გული რომ იჯერეს, შემათრიეს რომელირაცა ოთახში, დამსვეს იატაკზე და კვლავ ცემა დამიწყეს. ერთმა ისე მძლავრად ჩამარტყა სახეში კონდახი, რომ სისხლმა ითქრიალა. ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი. მეორემ ბამბა მომაწოდა, შეიწმინდეო. მეც წავისვი ბამბა შუბლზე. ყველა ახარხარდა. თურმე სისხლი ამოვლებული ბამბა მოუციათ. ასე აწამეს რეზო და რობერტიც. მერე სამივე ისევ რაფში შეგვაგდეს და ქუთაისის მიმართულებით წაგვიყვანეს.

კოპიტნართან, ერთ-ერთმა ავტომატიანმა რაფი გააჩერებინა: სანამ ვათრიოთ ეს ძაღლისშვილი მეგრელები, აქვე დავხრიტოთო. დაგვაყენეს ავტომოსაცდელ უკანა კედელთან. გვიბრძანეს პირით კედლისკენ შევბრუნებულიყავით. შევბრუნდით თუ არა, სროლის ხმა გაისმა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი და მოცელილივით დავეცი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. უცებ, კვლავ გაისმა ყვირილი და გინება: ,,ადექით თქვენი…“

წამოვდექი, მაგრამ ტკივილისგან ისევ ჩავიკეცე. რეზო და რობერტიც ვერ დგებოდნენ ფეხზე. სამივეს მარჯვენა ფეხი გვქონდა გახვრეტილი. ასეთ მდგომარეობაში ჩაგვიყვანეს ქუთაისში. ჩაგვაბარეს პოლიციის განყოფილებას, შეგვყარეს საკანში. აქვე შემოიყვანეს დაჭრილი გულადი ზარქუაც.

მეორე დღეს ვიღაც სამოქალაქი ტანსაცმლიანებმა თითო-თითო გაგვიყვანეს, ვითომდა, გვაგინებდნენ, მოითხოვდნენ ხმამაღლა გვეგინებინა ზვიად გამსახურდიასთვის. ეს რომ არ გავაკეთეთ, ნატყვიარში რკინის ჯოხს გვიყრიდნენ და გულისწასვლამდე გვაწამებდნენ.“

თეგები: ანრიდი სანაია, საბჭოთა, დისიდენტი, დისიდენტები, ანტისაბჭოთა, ქართველი დისიდენტი, ქართველი დისიდენტები, პროკლამაცია, პროკლამაციები, სანტისაბჭოთა პროკლამაციები

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *