რას ეძებ?

ბუნება მედიცინა

აბზინდა (მწარე) – აღწერა, სამკურნალო თვისებები და გამოყენების წესი

აბზინდა (მწარე) - აღწერა, სამკურნალო თვისებები და გამოყენების წესი

თუშური – კატათკუდა ფშაური – აბზინთა, ხევსურული – აბზინტა; ზემორაჭული – სიმჭლის ბალახი, მოხეური – ყარტიმყრალაი, მეგრული – აბზინდე; სულხან-საბა ორბელიანი – აფსინდი. (Artemisia absinthium)

სააფთიაქო დასახელება: აბზინდის ბალახი ან ფოთლები

გამოყენებული ნაწილი: გამოიყენება ბალახი, ფოთლები.

შეგროვების დრო: აგროვებენ ივლის-აგვისტოში.

აღწერა: აბზინდა მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. აბზინდას ნიადაგში ვერტიკალურად ჩამავალი მთავარღერძა ფესვთა სისტემა აქვს. ფესვის ყელთან პირველივე წელს ამოდიან დამატებითი კვირტები, რომლებიც შემდეგ წელს ყლორტებს ამოიყრიან. ღერო სწორმდგომია, სუსტად გამოხატული წიბოებით, დატოტვილი ფოთლები და ღერო მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია, სქლადაა დაფარული მოკლე, აბრეშუმისებრი ბუსუსებით. ღეროს ქვედა ნაწილში ხშირად უნაყოფო, მოკლე ყლორტები აქვს. გრძელყუნწიანი ფესვთანური ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია. ღეროს შუა ნაწილის ფოთლები მოკლეყუნწიანია, ორჯერ ფრთისებრ დანაკვთული, ზედა ფოთლები სამნაკვთიანია ან მთლიანია. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავჩაქინდრულ კალათებად, 3 მმ-მდე დიამეტრის კალათაში. კალათები, თავის მხრივ, ქმნიან რთულ საგველა ყვავილედს. ნაყოფი 1 მმ სიგრძის რუხი ფერის თესლია. აბზინდა ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში შემოდის.

გავრცელება: სამშობლოდ ითვლება დასავლეთ აზია. ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. დღეს კულტივირებულია სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც. იზრდება გზის პირებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და მინდვრებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

გამოყენებული ნაწილი: სამკურნალო მიზნით გამოიყენება ფოთლები და აყვავებული წვეროები. ნედლეული შეიცავს გლიკოზიდებს – აბზინთინს და ანაბზინთინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთს, რომელშიც შედის ტუიონი, ტუიოლი, პინენი, კადინენი, ბიზაბოლონი, ქამაზულენოგენი, სელინენი, ფელანდრენი და სხვ. აღნიშნულის გარდა, აბზინდის ბალახი შეიცავს ფიტონციდებს, ალკალოიდებს, კაპილინს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავა და პროვიტამინი A), ლაქტონებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ქარვის) და მთრიმლავ ნივთიერებებს. მწარე ნივთიერებები ანაბზინტინი და აბზინთინი განაპირობებენ მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.

შეგროვება და დამზადება: აგროვებენ აბზინდის ფოთლებსა და აყვავებულ წვეროებს. ყვავილობის დაწყებამდე ან ყვავილობის დასაწყისში აყვავებულ ნორჩ წვეროებს (გაუხეშებული ღეროების გარეშე) ჭრიან დანით. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში), კარგი ვენტილაციის პირობებში, ქაღალდზე თხელ ფენად გაშლილს, ხშირად აბრუნებენ. გამხმარი ნედლეულის შენახვა უმჯობესია ქაღალდის პარკებში; შენახვის ვადა 2 წელია.

გამრავლება: უყვარს მშრალი, მწირი ნიადაგი და მზიანი, თბილი ადგილი. მრავლდება გაყოფით გაზაფხულზე, შემოდგომაზე ან მწვანე კალმებით ივლის-აგვისტოში.

ფარმაკოლოგიური თვისებები: აბზინდის პრეპარატები რეფლექტორულად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას. აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ეს ეფექტი აიხსნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ნეირორეცეპტორების აღგზნებადობითა და რეაქციის ამაღლებით საკვები პროდუქტების მიღების შემდეგ.

ამას გარდა, არის ცნობები, აბზინდის ეთერზეთებიდან გამოყოფილი ნაჯერი ნახშირწყალბადების ბიოლოგიური აქტივობის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტების მონაცემების მიხედვით, ბაქტერიციდულ მოქმედებას ახდენს. უჯერ ნახშირწყალბად კაპილინს აქვს ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) თვისება და ეფექტურია იმ დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პათოგენური სოკოებით. იაპონელი მკვლევრები აბზინდიდან გამოყოფილ კაპილინს მიაკუთვნებენ აქტიურ ანტიბიოტიკებს.

აბზინდის პრეპარატები, განსაკუთრებით, მოქმედი ქიმიური ნაერთები – არსუმინი (ლაქტონების კრებული) და აბზინთინი (ინდივიდუალური ლაქტონი) ხასიათდება მთელი რიგი ფარმაკოთერაპევტული ეფექტებით. თეთრ ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აბზინთინი და არსუმინი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მცენარის ნახარშისა და ნაყენების წყლულის საწინააღმდეგო თვისებები განპირობებულია ამ პრეპარატებში ლაქტონებისა და აბზინთინის არსებობით. არსუმინთან შედარებით აბზინთინი მეტად ასტაბილურებს იმუნურ რეაქციებს.

აბზინდის პოლისაქარიდებით მკურნალობისას შეხორცების დაჩქარება არ დაფიქსირებულა, თუმცა, თეთრ ვირთხებში ექსპერიმენტული ასეპტიკური ანთებისას აღინიშნა ანთების საწინააღმდეგო ერთგვარი დადებითი მოქმედება.

მცენარეში არსებული ტერპენოიდული ნაერთები გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს, ასტიმულირებს რეტიკულ-ენდოტელიალურ სისტემას და ფაგოციტარულ აქტივობას. აბზინდის ეთერზეთი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ქაფურთან და ახასიათებს კარდიომასტიმულირებელი მოქმედება. აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

თუშური – კატათკუდა ფშაური – აბზინთა, ხევსურული – აბზინტა; ზემორაჭული – სიმჭლის ბალახი, მოხეური – ყარტიმყრალაი, მეგრული – აბზინდე; სულხან-საბა ორბელიანი - აფსინდი. (Artemisia absinthium)

გამოყენება: ჯერ კიდევ ავიცენა აბზინდას მადის მომგვრელ საშუალე-ბად ხმარობდა, ხოლო სალერნოს სკოლაში მას იყენებდნენ ზღვის ავად-მყოფობის დროს.

ხალხურ და სამეცნიერო მედიცინაში, ძირითადად გამოიყენება, როგორც სიმწარე, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს მადას და აღადგენს დასუსტებული პაციენტების ძალებს. აბზინდის ნაყენს ძალიან მწარე გემო აქვს, რომელიც ქინაქინის გემოს მოგვაგონებს. ითვლება, რომ აბზინდის სიმწარე (აბზინთინი), ისევე როგორც სხვა მწარე ბალახისა, ზრდის კუჭისა და ნაწლავების რეცეპტორების გზნებადობას და ამით ასტიმულირებს კუჭისა და ნაწლავების, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას.

აბზინდა აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ჰემატოპოეზს, ნაჩვენებია ასთენიის, უძილობის, ანემიისა და ეპილეფსიის დროს. აბზინდის პრეპარატებს აქვთ სიცხის დამწევი და ამოსახველებელი მოქმედება, ზოგჯერ გამოიყენება ფებრილური დაავადებების, მალარიის, გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს. გამოიყენება დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, კოლიტის, ბუასილის, წყლულოვანი კოლიტის დროს.

აბზინდა ეფექტური საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, ჰეპატიტისა და ქოლეცისტიტის სამკურნალოდ. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალო ნაკრებებში აბზინდის დამატება ჩვეულებრივ მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ თერაპიულ ეფექტს. ყველაფერთან ერთად, აბზინდას აქვს შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მცენარეული პრეპარატები ინიშნება მეტეორიზმის, დანამატების ანთების დროსაც. დისმენორეის შემთხვევაში, აბორტის საშუალებად, თირკმლებისა და თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. ჭიების საწინააღმდეგოდ, ზოგჯერ გამოიყენება მსუბუქ საფაღარათო საშუალებად. გარეგანი დანიშნულებით მცენარეს იყენებენ კომპრესებისა და საფენების, ასევე ოყნების სახით – ჭიების საწინააღმდეგოდ.

აბზინდას იყენებენ გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ, ჭიების დასაყრელად, სისხლნაკლებობის დროს. მისი ნაყენი კარგი საშუალებაა არასასიამოვნო სუნის დროს პირის ღრუში გამოსავლებად.

ავიცენა მიუთითებდა, რომ აბზინდის ნახარშის ორთქლი აყუჩებს ყურის ტკივილს, ხოლო მისი დალევა ღვინის სმის წინ აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას ნაბახუსევზე, ის კარგ შედეგს იძლევა თვალების ანთების დროსაც.

აბზინდის ნაყენს, ჩაისა და ექსტრაქტს იყენებენ მადის მოსამატებლად და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოქმედების გასააქტიურებლად. აბზინდა შედის კუჭის წვეთების, აბებისა და ჩაის შემადგენლობაში. კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებისთვის ნაღვლმდენი ჩაის დანიშვნისას, მცირდება ან საერთოდ ქრება ტკივილები, დისპეფსიური მოვლენები, უმჯობესდება მადა, ნორმალიზდება კუჭის მოქმედება. სიმწარის მიღება, რომელსაც ნაღვლმდენი თვისებები აქვს, მნიშვნელოვნად ამაღლებს თერაპიულ ეფექტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას.

კოლიტების დროს წარმატებით გამოიყენება აბზინდისა და სალბის ფოთლების ნაყენი. ყოველ ორ საათში მიიღება თითო კოვზი 2-3 დღის განმავლობაში. ჭიებით ინვაზიისას (ენტერობიოზის დროს) კეთდება ნივრის ნახარშისა და აბზინდის წყლიანი ნაყენის ოყნა. ჰელმინთოზის დროს ეფექტურია მცენარის ნაყენის მიღებაც. აბზინდას იყენებენ სალბისა და პიტნის ფოთლებთან კომბინირებულად, პირის ღრუში გამოსავლებად, ცუდი სუნის გასაქრობად.

გვერდითი მოვლენები: აბზინდის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი მოწამვლა. რთულ შემთხვევებში შეიძლება თან ახლდეს ჰალუცინაციები და კრუნჩხვები.

წამლის ფორმები, მიღების წესები და დოზები:

აბზინდის სქელი ექსტრაქტი (Extractum Absinthii spissum) – სქელი მუქი წაბლისფერი მასა, არომატული სუნითა და მწარე გემოთი. მიიღება მცირე რაოდენობით წყალში გახსნილი. ინიშნება 10-20 წვეთი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში.

აბზინდის ნაყენი (Tinctura Absinthii) (1:5) 70%-იან სპირტზე – გამჭვირვალე მომწვანო მოწაბლისფრო სითხე, დამახასიათებელი სუნით, ძალიან მწარე გემოთი. მიიღება 15-20 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

აბზინდის ბალახის ნაყენი (Infusum herbae Absinthii): 10 გ (2 სუფრის კოვზი) ბალახს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ მდუღარე წყალს, თავზე ახურავენ და ორთქლზე დგამენ 15 წუთით. შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში აგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ ნაყენს 200 მლ-მდე მდუღარე წყლით ავსებენ. მიღებულ ნაყენს ინახავენ ცივ ადგილას არა უმეტეს 2 დღე-ღამისა

მიიღება ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ბალახს ინახავენ მშრალ, ცივ ადგილას.

რეცეპტები:

/ 2 ჩაის კოვზ ბალახს ასხამენ 1,5 ჭიქა მდუღარეს და აჩერებენ. მიღებულ ნაყენს მეორე დღეს ყოფენ სამ ნაწილად და სვამენ 3-ჯერ დღეში. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე (სადღეღამისო დოზაა 1,5 ჭიქა ნაყენი). მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა.

/ ნაყენი: 1 ჩაის კოვზ დაჭრილ ბალახს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, აჩე-რებენ 10 წთ. მიიღება 1/2 ჭიქა ჭამამდე.

/ ნაყენი: დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 70%-იან სპირტს 1:5 შეფარდებით, აჩერებენ 10-14 დღე და გადაწურავენ. მიიღება 15-20 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გარეგანად იყენებენ ჭრილობების, ნაკაწრების დასამუშავებლად.

ნაყენს ამზადებენ 1:5 შეფარდებით 70-გრადუსიან სპირტთან ერ-თად. აჩერებენ 2 კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურავენ. მიღებულ მომწვანო-მოწაბლისფრო სითხეს ინახავენ თავდახურულ ჭურჭელში.

აბზინდის ნაყენი: 10 გ (ორი სუფრის კოვზი) გამხმარ ბალახს მოათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, დაახურავენ თავზე და მოათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღებენ 15 წთ. შემდეგ გააჩერებენ 45 წთ, გადაწურავენ, დარჩენილ მასას გამოწურავენ. მიღებულ ნაყენს შეავსებენ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). ინახება გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღება 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე.

სისხლნაკლულობისა და ასთენიური მდგომარეობის დროს აბზინდის ნაყენს მცირე დოზებით მიიღებენ: 1 წვეთი სპირტიანი ნაყენი 1 სათითურ წყალზე 1-ჯერ დღეში დილით უზმოზე. მკურნალობის კურსი სამი კვირაა, 2-კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.

აბზინდის ჩაი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას ასხამენ 2 ჩა-ის ჭიქა მდუღარე წყალს. დააყენებენ 20 წთ, გადაწურავენ, მიიღება 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.

უკუჩვენებები: დოზის გადამეტება ძლიერ აღაგზნებს ნერვულ სისტემას. ბალახის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება დაწიოს ჰემოგლობინის დონე, გამოიწვიოს ღებინება. არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის დროს.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა