რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო ფილოსოფია

ცოტა რამ ცოდნასა და უმეცრებაზე

ცოდნის საპირისპირო უმეცრებაა, ხოლო ილუზიის - ცოდნა

საინტერესოა, რომ ცოდნის საპირისპირო უმეცრებაა, ხოლო ილუზიის – ცოდნა. სწორედ ასეთი დიალოგი მქონდა ორ მებაღესთან, რომლებიც მთელი სიმტკიცით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ჩემთვის, რომ მცენარე მასას ნიადაგიდან იღებს.

– ჩვენ ხომ საკუთარ თვალით ვნახულობთ თუ როგორ ‚ქრება‘ მიწა ქოთანში. ჩვენ ვამატებთ კომპოსტს და მცენარე იზრდება! აბა საიდან იღებს მცენარე მასას, თუ არა მიწიდან?!“ – მეუბნებოდნენ ისინი.

საღ აზრზე მოწოდება არაფერს ნიშნავდა. არც მეცნიერეების საუკუნოვანი ექსპერიმენტები. არც ელემენტარული კითხვები…

კი მაგრამ სად არის უზარმაზარი ორმო ხის ქვეშ? – ვკითხე მე მათ – თუ ხე, რომლის მასაც ერთ ტონამდე ადის, მთელ საკუთარ მასას მიწიდან იღებს, მაშინ მისი ქვეშ მართლა უნდა იყოს რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმო.
რომ არა – მაშინ საიდან მოდის ეს უზარმაზარი ერთ ტონიანი სხეული? ან ის ხეები, რომლებიც კლდეებზე იზრდებიან, საიდან იღებენ „საშენ მასალას“?
ჰიდროპონიკაში მოყვანილ მცენარეებს რას იტყვით?
ან წყალმცენარეები? სად არის მათი „ნიადაგი“?

ყველა ამ შეკითხვას ერთი პასუხი მოჰყვებოდა:
„ჩვენ პრაქტიკოსები ვართ, შენ კი თეორეტიკოსი, აზრზე არა ხარ რას ლაპარაკობ!“

მინდა მოვიყვანო ვანი ჰელმონტის ექსპერიმენტი.

1648 წელს ფლამანდიელმა მკვლევარმა, იან ბაპტისტ ვან ჰელმონტმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც მცენარეთა ზრდის ბუნება რადიკალურად შეცვალა.

მან აიღო 90 კგ გამომშრალი მიწა და ჩარგო 2.3 კილოგრამიანი ტირიფი. ხუთი წლის განმავლობაში მცენარე მხოლოდ წვიმის წყლით მორწყა.
ხუთი წლის შემდეგ კი ტირიფის მასა უკვე 76.7 კგ იყო. მიწა კი მხოლოდ 57 გრამით შემცირდა.

ვან ჰელმონტმა იფიქრა, რომ მასა წყლიდან მოვიდა.
მაგრამ ჩვენ დღეს ვიცით, მასის უდიდესი ნაწილი ჰაერიდან მოდის.

ჰაერი, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ის ტრილიონობით ტონის მასისაა.

მცენარეების მასის 95% – ჰაერია

თუ მცენარის მშრალ ნივთიერებას გავზომავთ (ანუ იმას, რაც წყლის აორთქლების შემდეგ რჩება), იგი შემდეგნაირად ნაწილდება:

45% – ნახშირბადი (CO₂-დან)

45% – ჟანგბადი (CO₂ და H₂O)

5% – წყალბადი (H₂O)

და მხოლოდ 5% – ნიადაგიდან, საიდანაც:

1 – 3% აზოტია

2 – 4% მინერალები (კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი და სხვ.)

მოკლედ:
მწვანე მასის 19/20 ჰაერის პროდუქტია.

ნიადაგი მხოლოდ „ვიტამინებია“, ხოლო „აგური“ – ნახშირბადი, ჰაერიდან ამოღებული CO₂.

რატომ „ქრება“ კომპოსტი?

კომპოსტის გროვა იმ მარტივი მიზეზით მცირდება, რომ ორგანული ნივთიერება იშლება და მისი მასა ჰაერში გადადის, სწორედ ამიტომ მცირდება კომპოსტის მოცულობა

ამიტომ მცენარე არ „ჭამს მიწას“.
მიწა უბრალოდ ქრება, ოღონდ სხვა მიმართულებით.
იგი ჰაერად იქცევა.

როცა ხეს ვწვავთ, სად მიდის მისი მასა?

დატოვებული ნაცარი, ეს არის ის 5% მინერალი, რაც ნიადაგიდან მოვიდა.
მთელი დანარჩენი კვამლი, CO₂, სწორედ ის არის, რაც ფოტოსინთეზით ჰაერიდან იქნა მოზდებული.

წვისას ხდება ის, რაც ფოტოსინთეზის საპირისპირო პროცესის დროს. ფოტოსინთეზი ჰაერიდან ქმნის ხის მასას, ხოლო წვა ამ მასას კვლავ CO₂-ად აქცევს და ჰაერში აბრუნებს, თითქოს ერთი და იგივე წრე კვლავ იკვრება
ფოტოსინთეზი: CO₂ → ხე და წვა: ხე → CO₂

დასასრული და სულაც არა დასასრულისთვის.

ეს მტკიცებულებები მებაღეებს ვუამბე.
დავუსაბუთე ექსპერიმენტები, დავანახე ლოგიკა, მოვიყვანე მაგალითები.

მაგრამ დამიჯერეს?
რა თქმა უნდა – არა.

„შენ თეორეტიკოსი ხარ, ჩვენ კი პრაქტიკოსები“, – და დაამთავრეს ჩემთან ლაპარაკი ამ თემაზე.

და სწორედ ეს არის ცოდნის ყველაზე დიდი მტერი. არა უმეცრება, არამედ მყარი რწმენა, რომ მეტი აღარაფერია სასწავლი!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *