რას ეძებ?

საინტერესო

ცერნის ლაბორატორია და “ბაბილონის პოტენციალი”

ცერნის ლაბორატორია და "ბაბილონის პოტენციალი"

ის ლაბორატორია, რომელსაც დღეს ცერნის სახელით ვიცნობთ, 1952 წელს დაარსდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ბირთვული იარაღის გამოჩენიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ.

“ცერნი” ფრანგული აკრონიმია და იმ სამუშაო კომიტეტის სახელწოდებას ეფუძნება, რომელიც მიიჩნევდა, რომ ფიზიკის ლაბორატორიის შესაძლებლობებს კიდევ ერთი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი ორგანო – ერთიანი ბაზარი განაგებდა (ეკონომიკური სავაჭრო ბლოკი, რომლის წევრი ქვეყნებიც აუქმებენ სავაჭრო საზღვრებს, რაც საქონელს, მომსახურებას, კაპიტალსა და მუშებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს), მოგვიანებით მკვდრეთით აღმდგარ რომის იმპერიად – ევროკავშირად რომ გარდაიქმნა. კომიტეტს Conseil Européen pour la Recherche Nucléaire ეწოდებოდა – ბირთვული კვლევების ევროპული საბჭო. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, 1954 წელს, სამუშაო კომიტეტი დაიშალა, ის ფორმალურმა ორგანიზაციამ ჩაანაცვლა და ლაბორატორიას სახელიც შეეცვალა – ამჯერად Organisation Européenn pour la Recherche Nucléaire-დ, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციად იქცა.

უცნაურია, რომ როცა დაწესებულებას ოფიციალური სახელი შეუცვალეს, მისი აკრონიმი არ შეცვლილა და კვლავ იმ ადრეული “კომიტეტის” ერთგული დარჩა, დროებით დაჯგუფებას რომ წარმოადგენდა და ამ უმნიშვნელოვანეს კვლევით ლაბორატორიას რომ დაუდო დასაბამი. არადა, CERN-ის აბრევიატურა და მისი ფრანგული სახელწოდება, Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, ჯერ კიდევ არ იყო იმდენად ცნობილი და გავრცელებული, რომ მისთვის სახელის შეცვლა რთული ან პრობლემური გამხდარიყო. მაშინ, რატომ არ შეცვალა ახალმა ორგანიზაციამ მისი აბრევიატურა სახელთან ერთად?

სცენაზე შემოდის ვერნერ კარლ ჰაიზენბერგი, სახელგანთქმული გერმანელი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც ხშირად “კვანტური მექანიკის მამასაც” კი უწოდებენ ხოლმე. მეორე მსოფლიო ომის დროს ის კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო და ნაცისტებს ატომური იარაღის შექმნაში ეხმარებოდა. დასავლეთში ბევრი დღემდე ამტკიცებს, რომ მოკავშირეებისთვის მან უდიდესი საქმე გააკეთა, რადგან რეალურად, ნაცისტებს აფერხებდა და განზრახ შეჰყავდა შეცდომაში, რათა მოკავშირეებს მოეხერხებინათ და ეს იარაღი მათზე ადრე შეექმნათ. ჰაიზენბერგის ერთ-ერთი კოლეგა, ლიუ კოვარსკი ირწმუნებოდა, ჰაიზენბერგი, მათთვის გაურკვეველი მიზეზით, დაჟინებით მოითხოვდა, ცერნის აკრონიმი უცვლელი დარჩენილიყოო.

ჰაიზენბერგს ბრწყინვალედ ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო კვანტური ფიზიკა კაცობრიობისთვის. ამ თეორეტიკულ სამეფოში, ბუნდოვანი, გაურკვეველი განტოლებებითა და ჩიბუხის მწეველი მეცნიერებით რომ არის დასახლებული, ის ძალა იმალება, რასაც ჩვენ “ბაბილონის პოტენციალს” ვუწოდებთ. ეს “საიდუმლო ცოდნაა”, სულიერი მრჩევლების მიერ წარმართული სამეცნიერო იმპერატივი, რომელსაც ბიბლია “ღმერთების კარიბჭის გასაღების” სახელით მოიხსენიებს. ისაა ენტემენანკი, ბაბა-ალუ, აბზუს შესასვლელი და მიწისქვეშეთის კარი.

კი მაგრამ, როგორ უნდა უკავშირდებოდეს ბაბილონის პოტენციალი ერთი შეხედვით მარტივ აკრონიმს, ცერნს? აგიხსნით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჰაიზენბერგს ეს ყველაფერი არც კი სცოდნოდა, ცერნი იმ ანტიკური ღმერთის აბრევიატურული სახელწოდებაა, რომელსაც კელტები ეთაყვანებოდნენ: ცერნუნოსი, რაც ითარგმნება, როგორც “რქიანი”, მისი საზარელი გამოსახულება კი სხვადასხვა სახითა და ფორმით გვევლინება. როგორც წესი, თავზე “ირმის რქები” ადგას და ვერძისთავიანი გველეშაპი ახლავს თან. ის ხალხი, ვინც მას ეთაყვანებოდა, ცერნუნოსის დაბადებას დეკემბერში, ზამთრის ბუნიობის პერიოდში აღნიშნავდა.

მას, როგორც მიწისქვეშეთის კელტ ღვთაებას, ჰადესთან და პლუტონთანაც აქვს ბევრი რამ საერთო. ცერნუნოსი აჩრდილებს განაგებს და ოსირისისა და ჰორუსის ორდენის ჩამანაცვლებელი გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთია. ის სამყაროს მთვარის ქალღმერთთან, დანუსთან ერთად განაგებს. ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვული და ზოგჯერ ანტაგონისტური ურთიერთობა, შივასა და კალის წყვილს მოგვაგონებს – არ უნდა დაგვავიწდეს, რომ სწორედ შივას ქანდაკება ეგებებათ სტუმრებს ჟენევაში, ცერნის სათაო ოფისში.

შივას ეს ქანდაკება ინდუისტურ ღვთაებას “ნატარაჯა”-ს პოზაში წარმოგვიდგენს, რომლის დახმარებითაც ის იმ კოსმიურ ცეკვას აღასრულებს, ძველი სამყარო რომ უნდა გაანადგუროს და ახალ სიცოცხლეს დაუდოს დასაბამი. ეს რიტუალი ჯუჯა დემონის, სახელად აპასმარას ზურგზე სრულდება, რომელიც უმეცრებას განასახიერებს. მისტიკური რელიგიებისა და საიდუმლო საზოგადოებების მსგავსად, განდობილები იმ დაფარულ ცოდნას იღებენ, რომელიც ოსტატიდან შეგირდს გადაეცემა და ის თითოეული საფეხური, რომელზე ასვლასაც ახერხებენ, კიდევ უფრო მეტად უცხადებს მათ იმ ორგანიზაციის ან კულტის ჭეშმარიტ მიზანსა და დანიშნულებას, რომელსაც ემსახურებიან. მისი წევრები “გასხივოსნებულებად” მიიჩნევიან, ყველა სხვა დანარჩენი კი მიწიერ, ყოველდღიურ სამყაროს მიეკუთვნება და წყვდიადში დააბიჯებს. ეს ჩვენ ვართ უმეცარნი. ამგვარად, შივას ცეკვა გასხივოსნებულთა ცეკვას განასახიერებს იმ სულთა ზურგზე, რომლებიც ჯერ კიდევ ბრმანი არიან და თვალები არ ახელიათ.

შივას ხშირად დიონისესაც ადარებენ ხოლმე – ნაყოფიერების, მცენარეულობის, ტყეების, ნაკადულებისა და ცეკვის ღმერთს – ეს ყველაფერი ცერნუნოსსაც მიეწერება, სამივე მათგანს მჭიდრო კავშირი აქვს მიწისქვეშეთთან. დიონისე, ზევისისა და მოკვდავი სემელეს ძე, საკუთარ მიმდევრებს შთააგონებს, ჭკუიდან შეიშალონ. მისი თაყვანისმცემელი მენადები, გაშმაგებულნი ცეკვავდნენ, ძალიან ბევრს სვამდნენ, ღია ყავისფერი ტყავის სამოსით იყვნენ შემოსილნი და ექსტაზურ სიგიჟეში იძირებოდნენ (ამ მხრივ საოცრად ჰგავდნენ ცერნუნოსის მიმდევრებს), ხელთ კი ფიჭვის გირჩით (ეპიფიზის სიმბოლო, რომელიც სხვა სამყაროში გამავალ კარიბჭედ ითვლება) შემკული გრძელი ჯოხი ან კვერთხი ეპყრათ.

საინტერესოა იმ უძველესი პეტროგლიფების შესწავლაც, რომლებზეც ხშირად არის გამოსახული მორევებთან ახლოს მდგარი რქიანი ქმნილებები. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს გამოსახულებები იმ პორტალს უნდა წარმოადგენდნენ, რომელიც ხანგრძლივ მოგზაურობას აღნიშნავს.
ცერნი, საკუთარი აბრევიატურითა და სათაო ოფისში აღმართული შივას მოცეკვავე ქანდაკებით, ყველა იმ მაძიებელს, “ვისაც თვალი აქვს, რომ იხილოს”, მიანიშნებს, რეალურად რა მიზნები ამოძრავებს.

იცით, რომ დასავლეთის მეცნიერები დიდი ჰადრონული კოლაიდერის აშენებას უკვე მეორედ ცდილობენ? პირველი მასიური ჰადრონული კოლაიდერი აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ვაქსაჰაჩიში ააგეს და მოულოდენლად მიატოვეს მას შემდეგ, რაც კონგრესმა მის მშენებლობას თითქმის სამი მილიარდი დოლარი დაახარჯა. დეზერტრონის სახელით ცნობილი ამ მოწყობილობის გარშემოწერილობა 87 კილომეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო, ცერნის დაწესებულებაში არსებულ კოლაიდერზე დაახლოებით 3.3-ჯერ უფრო დიდი.

დეზერტრონს თითო პროტონზე ორმოც ტრილიონ ელექტროვოლტამდე ენერგიის გამომუშავება შეეძლო მაშინ, როცა დღემდე, ცერნის მიერ გამომუშავებული ენერგიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სულ ოდნავ თუ აღემატება რვა ტრილიონ ელექტროვოლტს და სამომავლოდ გეგმავენ რომ ის ცამეტ ტრილიონ ელექტროვოლტამდე გაზარდონ. თუ ვაქსაჰაჩის კოლაიდერს ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ჰქონდა პოტენციალი, ცერნზე გაცილებით უკეთესი და შთამბეჭდავი შედეგი ეჩვენებინა, რატომ შეჩერდა მისი მშენებლობა? პასუხი მარტივია, “იმიტომ, რომ გასასვლელს არასწორ ადგილას ეძებდნენ”.

“უკვდავთა კვალდაკვალ” / ტომას ჰორნი და კრის პიუტნემი

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *