დიდგორის ბრძოლა

დიდგორის ბრძოლიდან 903 წელი გავიდა – 1121 წლის 12 აგვისტო, დავით აღმაშენებლმა თავისი მეომრების დახმარებით, საქართველოს ისორიაში ჩაწერა როგორც “ძლევაი საკვირველი”. დიდგორის ბრძოლის შესახებ რამდენიმე ისტორიკოსი მოგვითხრობს, თუმცა კონკრეტული რაოდენობა მებრძოლებისა უცნობია.
ქართველების მხრიდან დაახლოებით 40-56 ათას მეომარს თვლიან, მეორეს მხრივ კი – სომეხი ისტირიკოსის “მათე ურჰაელის” გადმოცემით მაჰმადიანი ლიდერების გაერთიანებული ლაშქარი 560 ათასს აღწევდა.
ანტიოქიის სამთავროს კანცლერი – “გოტიე” ასახელებს 600 ათასს. ხოლო ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით მტრის ჯარი 300 ათასი მეომრისგან შედგებოდა.
ყველაფრისდა მიუხედავად ის დაზუსტებით ვივით, რომ მაჰმადიანთა ლაშქარი ბევრად აღემატებოდა ქართველ მეომართა რაოდენობას – რაც კიდევ უფრო დიდებულს ხდის გამარჯვებას.

გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე – სარგის (სერგო) კაკაბაძე თავის ნაშრომში “დიდგორის ომი” (1121 წლის აგვისტო) წერს: “დიდგორის ომი ჩვენი ხალხის ისტორიაში უდიდესი შედეგი ჰქონდა, საქართველო განთავისუფლდა გარეშე ძალთა (უმთავრესად მომთაბარე თურქთა) მძლავრობისაგან – რასაც მოჰყვა მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული აღორძინება.
დიდგორის ომში გამარჯვების გარეშე ჩვენს ხალხს არც თამარ მეფის ხანა ექნებოდა და ალბათ არც შოთა რუსთაველი ეყოლებოდა.”
დიდგორის ბრძოლის შესახებ ივანე ჯავახიშვილი თავის “ქართველი ერის ისტორიაში” წერს: “თურქების სულთანმა შემოიერთა არაბეთის მეფე, სხვა მაჰმადიანი მთავრებიც და საქართველოსაკენ უზარმაზარი ჯარი გამოაგზავნა. დავითმა არჩია მტრისათვის დაესწრო ბრძოლის დაწყება, თავისი ჯარი მაჰმადიანებს დიდგორის მთაზე – მანგლისთან მახლობლად შეაგება და ეკვეთა თურქებს. თუმცა თურქები რიცხობრივად ბევრად უფრო მეტი იყვნენ, მაგრამ დავითის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭმა და სამშობლოს დამცველების მხნეობამ გაიმარჯვა და მაჰმადიანთა უზარმაზარი ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და ქართველებს აურაცხელი სიმდიდრე ჩაუვარდათ ხელში.”
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Beka Fachulia