დორაისხეველი / ხიბალ-კუდიანთა უფროსი, მანათობელი ავსული
ხიბალ-კუდიანთა უფროსი, მანათობელი ავსული, ეშმაკ-ქაჯების საქმეთა განმწესრიგებელი „მათთვის ბედ-ყისმათის მწერელი“, განძის მცველი თუშური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, არის გოლიათური აღნაგობის, შავნაბდიანი დემონი, შუბლზე საცრისოდენა „წითელი თქანთქალა“ თვალით, მკვიდრობს დორაის ხეობაში; დადის თეთრ ჯორზე შემჯდარი. მისი გამოჩენა ხიბალ-კუდიანთა აქტიურობის, არევის ჟამს ხდება. როცა ხიბალ-კუდიანები ადამიანის დაშინებას, მის „დატომებას“ (ჭკუიდან შეშლას) ვერ ახერხებენ, დასახმარებლად თავიანთ ხელმძღვანელს უხმობენ, ეს უკანასკნელი ცდილობს შეაშინოს, გააცინოს ან სიტყვა დააცდევინოს, ეტყვის: „აბარკული ჩაბარკული, აქ შუაში რაღა კრული“, თან ხელს ბარკლებზე აუსვამს და დაუსვამს, შემდეგ ფეხებს შორის ამოუსვამს, თუ რაიმე ათქმევინა გააგიჟებს და ტყვედ წაიყვანს, თუ არადა დაწყევლის, მისი წყევლა კი აუცილებლად ახდება.
თუშურ რწმენაში, ხიბალ-კუდიანები არიან ყველა ჯურის ალქაჯის გაერთიანება, რომლების მთავარი მიზანიც ხალხის ვნება გახლდათ: ჭკუიდან გადაყავდათ, იმონებდნენ ან თავიანთ რიგებში აწევრიანებდნენ შეკრების დროს.
ხიბალ-კუდიანებს შეეძლოთ სხვადასხვა ფორმა მიეღოთ, მაგალითად კატის, ახალგაზრდა ან მოხუცი ქალის, მაგრამ ამ დროს მათი ტერფები უკან იყო შეტრიალებული, იმ შემთხვევაში თუ სრულყოფილ ადამიანად გარდაისახებოდნენ, ისეთივე ტკივილის შეგრძნება გაუჩნდებოდათ როგორიც ადამიანებს აქვთ.
ხიბალ-კუდიანები მარტო დადიან სოფლებში და სათითაოდ არჩევენ მსხვერპლს. შეკრების ადგილი ყველა ტყეში აქვთ, სადაც კოცონს ანთებენ და ფერხულში ებმებიან.
ხიბალ-კუდიანები თუ ადამიანის გაგიჟებას ვერ ახერხებენ, მათ მთავარს დორაისხეველს უხმობდნენ, თუ ისიც ვერ შეძლებდა ადამიანის ჭკუიდან გადაშლას, მას წყევლიდნენ და ან ლოცავდნენ, ორივე შემთხვევაში მათი ლოცვაც და წყევლაც გარდაუვალი იყო და ყველა შემთხვევაში ახდებოდა.