ქაიხოსრო ხანი
ქაიხოსრო დაიბადა 1674 წლის 1 იანვარს თბილისში, მამამისი ლევანი (შაჰ ყული ხანი) იყო ქართლის მეფე ვახტანგ V-ის შვილი და ცნობილი ქართველი მეფის და ყანდაარსის ოლქის ბეგლარბეგის, გიორგი XI გურგინ ხანის (შაჰნავაზ II) ძმა. ქაიხოსრო ორი წლის იყო როცა ბიძამისი გიორგი სეფიანთა ირანში შაჰ სოლეიმან I-მა გაიწვია და ავღანელების გამუდმებული აჯანყების ჩახშობა დაავალა, ქართლის გამგებლად (ჯანიშინად) კი დაინიშნა ქაიხოსროს მამა, ლევანი. ქართლის ცხოვრება მასზე გადმოგვცემს: „ლევან იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიერო წიგნით.” მას ასევე შეუდგენია „ვედრება“ იოანე ნათლისმცემლის, პეტრეს, პავლესა და სხვათა წმინდანებისადმი.
1694 წელს გარდაიცვალა შაჰ სოლეიმანი, მისი ანდერძის მიხედვით ტახტის მემკვიდრე ჰოსეინი (მომავალში სოლთან ჰოსეინი) შეუფერებელი იყო და ტახტზე მისი უმცროსი ძმა აბასი უნდა ასულიყო, მაგრამ ფეოდალებმა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მაინც ჰოსეინი აიყვანეს ტახტზე. 1703 წელს ქაიხოსროს მამა ლევანი შაჰმა მდივანბეგად დანიშნა ხოლო თვითონ ქაიხოსრო მის მოადგილედ (ნაიბად). ლევანს უკან დაბრუნება მოუწია ქართლში და ხელახლა დაიჭირა ჯანიშინის ტიტული, რაც შეეხება ქაიხოსროს იგი ირანში დარჩა შაჰის სოლთან ჰოსეინის კარზე. ქაიხოსროს სამხედრო კარიერა იწყება 1707 წელს, როდესაც მან ჩაახშო იაპაანში მომხდარი აჯანყება, ამ გამარჯვებით მისი ავტორიტეტი გაიზარდა ირანში რასაც სამეფო კარი ეჭვისთვალითა და შურით უმზერდა.
1709 წელს ქაიხოსროს ბიძა გიორგი XI გურგინ ხანი მირ ვეის ავღანელმა იგი ღალატით მოკლა და ყანდაარსის ოლქში ახალმა აჯანყებამ იფეთქა, სოლთან ჰოსეინმა ქართლის მეფობა და ირანის სპასალარობა ქაიხოსროს უბოძა, მას ასევე დაავალა მირ ვეისის აჯანყების ჩახშობა და ბიძამისის სიკვდილისათვის ,,შურისძიება” (რათქმაუნდა ირანში ნაკლებად აინტერესებდათ გურგინ ხანის სიკვდილი, საერთოდაც აჯანყების დაწყებამდე მირ ვეისი გიორგიმ შეიპყრო და შაჰს მიჰგვარა, მაგრამ უკან გამოუშვა ჰოსეინმა.) ქაიხოსროს ყანდაარსის ბეგლარბეგობაც დაუმტკიცა და 20 ათასიანი (ზოგიერთ წყაროში 30 ათასიანი) ჯარით თავრიზიდან ავღანეთისაგენ დაიძრა, მის ლაშქარში ასევე მონაწილეობდნენ ქართველებიც (ზუსტი რიცხვი უცნობია, დაახლოებით 1500-3000) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ირანის სამეფო კარს ქაიხოსროს თავიდან მოშორება უნდოდა და მაქსიმალურად ცდილობდნენ მისთვის ხელის შეშლას.
1710 წლის დასაწყისში ქაიხოსრო ყანდაარს მიადგა, მირ ვეისი ბრძოლას არ ჩქარობდა და უკან იხევდა, მაგრამ საბოლოოდ გაიმართა ბრძოლა სადაც ქაიხოსრომ გაიმარჯვა და მირ ვეისი ყანდაარსის კედლებში შეიკეტა მცირე ჯარით, ქაიხოსროს პირდაპირი იერიში სურდა დაღლილი და მოშლილი ავღანელების წინააღმდეგ, მაგრამ ირანელი სარდლების შთაგონებით ალყას დასჯერდნენ. ალყა ძალიან გაჭიანურდა და ქაიხოსროს არმიას სურსათი ნელ-ნელა გამოელია, 1711 წელს ქაიხოსრომ ფრთხილი უკან დახევა დაიწყო რომ ავღანელებს ეჭვი არ აეღოთ, მირ ვეისს კი დამატებითი ჯარები გამოეცხადა და დაიწყო სამზადისი საბოლოო ბრძოლისათვის. და დადგა დროც, მირ ვეისი ყანდაარიდან გამოვიდა და იერიში მიიტანა ისედაც შიმშილისაგან გაწამებული ლაშქარზე, ამ ყველაფრის შემხედვარე სპარსელები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ, ქაიხოსრომ სცადა მათი უკან მობრუნება მაგერამ ამაოდ, საბოლოოდ მას მხოლოდ მისი ქართული მხედრობა დარჩა და ავღანელებს დიდი ზიანი მიაყენეს, თვითონ ქაიხოსროც ბრძოლის ველზე დაიღუპა.
ამ ყველაფრისაგან გაოგნებულმა მირ ვეისმა თ.კრუშინსკის მოწმობით თქვა: ,,სპარსელნი დიაცები არიან ავღანებთან შედარებით, მაგრამ ავღანელები დიაცნი არიან ქართველთა შედარებით”.
ქაიხოსროს მთელი ლაშქრიდან სულ მხოლოდ 700 სპარსელი გადარჩა, ირანში კი ვერ ხედავდნენ ვერაფერ საგანგაშოს, მათ მხოლოდ ქაიხოსროს ავტორიტეტის განადგურებაზე ბოღმა ახრჩობდათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ რა ბედი ელოდა სეფიანთა ირანის 200 წლიან ისტორიას…
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: გოგალაძე დავითი