„ფიქრთა დემონები“ რომელებიც ხელს გვიშლიან აზროვნების სწორად წარმართვაში

ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თვისება – ეს ყველაფრის ‘გადატანის’ უნარია. საკმაოდ რთულია ამ თემის გაცნობიერება, ამიტომაც ვეცდები დეტალურად და სიღრმისეულად განვიხილო ეს პრობლემა, რადგან ეს მგონია ‘ზე მტანჯველი ფიქრი’, იმ ‘ფიქრთა დემონებს’ შორის, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ცნობიერად ცხოვრებას. @ნინო დიდებაშვილი
(ფიქრთა დემონები) – ხომ იცით დოსტოევსკის ის სიტყვები – ადამიანი ისეთი არსებაა ყველაფერს ეჩვევაო? ეგ ფრაზა ხშირად საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში არის ხოლმე გამოყენებული, რომ ‘ აი ადამიანი ისეთი – პარაზიტია, ყველაფერს ეჩვევა, ყველაფერს ეგუება ეგ ბოროტი, ეგ უგრძნობი’ თუ ა.შ პირველ რიგში – გავიაზროთ რომ ეს მიდგომა – არასწორია, არაჯანსაღია , რადგან რეალობას უპირისპირდება.
ჰოდა ახლა ვაპირებ გონების კიდევ ერთი ეს ილუზიური დაჯერება – განვიხილოთ, რომ გაიწმინდოს ჩვენი ცნობიერება მსგავსი ნაგავი ‘იდეებისგან’, რაც ჩვენს ტანჯვას იწვევს.
ბაირონ ქეითი ამბობს ერთ კარგ ფრაზას – ‘ჩვენ ვიტანჯებით, რადგან არარეალური ფიქრების გვჯერა’. ჰოდა ნამდვილად ასეა, და ჩვენი მტანჯველი ფიქრებიდან – ეს არის ერთ ერთი ყველაზე – მტანჯველი რამ და ვეცდები აქ გამოვიკვლიო ეს ფიქრი და ერთად განვთავისუფლდეთ მისგან და გავწმინდოთ ჩვენი ცნობიერება. (ტანჯვების უმეტესობა ჩვენი ილუზიური ‘დაჯერებებისგან’ არის გამოწვეული და თუ კვლავ იტანჯები, უნდა გამოიკვლიო რა მტანჯველი ფიქრი, იდეა და შეხედულება გაქვს, რომელიც მას იწვევს? – მისგან განთავისუფლება კი გამოიწვევს – შენს განკურნებას).
ადამიანი ‘ისეთი არსება რომაა, ვინც ყველაფერს ეჩვევა’ – ეს ნეგატიური კი არა , პოზიტიური ‘თვისებაა’ ჩვენი მოდგმის. აქ არ ვგულისხმობ ინერტულ შემგუებლობას. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანი ეგუება – ყველაფერს, ნებისმიერ ცხოვრებისეულ მოვლენას, რადგან მთავარი ის არის, რომ ვარ’სებობთ – ამ წამს, აქ და ახლა და რა მოხდა გუშინ, გუშინწინ და ერთი წლის წინ – ეს ჩვენზე არ იმოქმედებს თუკი ჩვენ საკმაოდ ფხიზლები ვართ ახლა და თუ მოქმედებს ნიშნავს რომ არ ვართ – ამ წამში სიფხიზლეში და არ ვართ ცნობიერად, გვძინავს.
ხშირად გაგიგონიათ ალბათ ის ფრაზაც, რომელსაც ხშირად ამბობენ ვინმეს სიკვდილის დროს – ‘არავინ არავის გადაყვება’, ან როცა ვიღაცა ვიღაცას შორდება ‘სიყვარულისთვის არავინ მოკვდება’ – და ეს ფრაზებიც ნეგატიურ კონტექსტშია გამოყენებული. ჰოდა ეს იდეაც, რომ რადგან ჩვენ ერთმანეთს კუბოში არ ჩავყვებით ხოლმე – ეს ადამიანის მახინჯი თვისებაა – ასევე ილუზიურია და ასევე ის ფიქრია, რომელიც ჩვენ გვტანჯავს, რომლისგანაც ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ თუ გვსურს – ნათელი ცნობიერება და რეალობაში არსებობა – დაპროგრამებული გონების ტყვეობაში ყოფნის გარეშე.
არავის, არაფრის გამო – არ კვდება ადამიანი ბუნებრივად, მხოლოდ საკუთარი თავის – დაჯერებით, რომ ასე უნდა მოხდეს , საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანით – მოხდება ეს, როცა ადამიანი სრულიად დაკარგავს – ბუნებრივობას და – რეალობის აღქმის უნარს.
ეს პროგრამა საშინლად – არასწორია რეალობასთან მიმართებაში. ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს უნარი მივიღოთ სიკვდილი – და გადავლახოთ მსგავსი ‘ტრაგედიები’, რაც არის სიკვდილი, დაშორება, ან რაიმე სახის დანაკარგი – არის ზუსტადაც რომ ჩვენი ბუნების მშვენიერი თვისება. ესაა ადამიანის არსი – მას შეუძლია განახლება, გუშინ წვიმა იყო, დღეს ცისარტყელა ამოვა ცაზე და ამაში არაფერია ცუდი. ჩვენი ფსიქიკა კი, ასევე უძლიერესი მექანიზმია, რომელშიც იმდენად დიდი გადარჩენის და სიცოცხლის ინსტიქტია ჩადებული, რომ გვიცავს ყველაფრისგან, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენს არსებობას. და ეს ასევე ძალიან ძვირფასი და საყვარელი დამცველი მექანიზმია ჩვენი ფსიქიკის.
კაცობრიობამ შექმნა მტანჯველი, შიშით სავსე იდეები, იდეოლოგიები, რადგან ადამიანი დაშორებულია ბუნებას, თავის ბუნებრივობას – მას დავიწყებული აქვს თავისი ეს ნაწილი, რომელი ნაწილიც აბსოლიტურად მსგავსია , როგორებიც არიან ცხოველები, ფრინველები, მცენარეები, მზე, მთვარე, ვარსკვლავები. ისინი არ განიცდიან რა ხდება წინა წამს, ისინი მიმდინარეობენ, არსებობენ, მუდმივად თავის ჯადოსნურ ციკლს ასრულებენ. ჩვენ ვერ ვგრძნობთ ჩვენში ჩადებულ ამ უზარმაზარ სიცოცხლის ინსტიქტს და შესაბამისად, გონება ათას ილუზიურ იდეას იგონებს, რადგან დაშორებულია რეალობისგან.
მაგრამ , ჩვენი რაღაც ნაწილი აბსოლიტურად გადახსნილია სამყაროს არსთან და ყველა ადამიანი ატარებს ამ უმაღლესი ცნობიერების ერთ პატარა მარცვალს მაინც. სხვა შემთხვევაში მსგავს სამყაროში არსებობას ვერავინ შეძლებდა და ერთ წამში შიშისგან მოკვდებოდა, რადგან ჩვენს გარშემო არის სამყარო – რომელიც არ გვაქვს შეცნობილი, არ ვიცით რეალურად ვინ ვართ, საიდან მოვედით, სად მივდივართ და ა.შ. მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის ცოდნა ჩვენში ღრმადაა ჩაფლული და ჩვენ არაცნობიერ დონეზე მშვენივრად ვიცით რა ხდება ‘აქ’ და რაა ჩვენი ნამდვილი არსი. ჩვენ არაცნობიერ დონეზე, შერწყმულები და შესისხლხორცებულები ვართ არსებობას, სამყაროს, ისეთს – როგორიც ის არის.
იდეა , რომ ადამიანი ვერ უნდა შეეგუოს ცხოვრებისეულ მოვლენებს, რომ უნდა ვიტიროთ, ვიკივლოთ, თმა დავიხოკოთ, გულის შეტევა დავიმართოთ და ა.შ. არის არაჯანსაღი იდეა და აზრი, დაშინებული ფსიქიკის პროდუქტი.
რეალურად კი ადამიანს აქვს უნარი ცხოვრება, რეალობა, ისეთი მიიღოს როგორიც არის, რადგან არსებობა ყველაზე დიადი რამაა – და რომ არსებობ ამ წამს, აქ და ახლა – ეს სრულიად საკმარისია რომ იყო ბედნიერი და იყო ბუნებრივი, იყო რეალობაში გადახსნილი და არ გქონდეს არანაირი ‘ტანჯვები’.
მაგრამ რადგან ჩვენ გამოტენილები ვართ ამ არაჯანსაღი, დაპროგრამებული იდეოლოგიებით, ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავს და ვიწყებთ თამაშს, ვიწყებთ სხვების და საკუთარი თავის მოტყუებას, ვაწყობთ ისტერიკებს, ვაწყობთ სიგიჟეებს, რადგანაც თუკი შენ რეალობაში გადაიხსნები და შენს ბუნებრივ არსს ბოლომდე გამოაღვიძებ, სოციუმის უმეტესობა ვერ გაგიგებს და გაგრიყავს. ადამიანს კი იმდენად ეშინია ამის, რომ ყველანაირად ცდილობს მას მოერგოს.
მაგრამ ამ არაჯანსაღ აზრებთან მორგება იწვევს ჩვენს დაუსრულებელ ტანჯვას. აზრებთან, რომ ცუდად იქნები რაღაცეების და ვიღაცეების გარეშე, რაღაცეების მოხდენის შემთხვევაში – ეს ყველაფერი ტყუილებია რასაც ვუყვებით საკუთარ თავს და სხვებს.
შესაბამისად, თუ გსურს რომ იყო კარგად, იარსებო და შენი სიცოცხლე სიხარულით და სიყვარულით იყოს სავსე – უნდა გააცნობიერო, რომ რეალობის ისეთად მიღება როგორიც არის და მისი შეყვარება, მის ნებისმიერ გამოვლინებაში – ესაა შენი განკურნების საშუალება. რადგან თუკი შენ მოწყვეტილი ხარ რეალობისგან, ბუნებისგან – დაკარგული გაქვს ბუნებრივობა – დაიტანჯები.
გაცნობიერება იმის, რომ არ არსებობს სამყაროში არაფერი, რის გამოც უნდა მოკვდე, უნდა დანებდე და უნდა გაჩერდე – რის გამოც შენს ჯადოსნურ არსებობაზე თუნდაც წამები თქვა უარი, თუნდაც წამები იდარდო მაშინ, როცა უნდა ‘იცოცხლო’ და იზეიმო არსებობა – შენ გაგათავისუფლებს და დაგანახებს რეალობას ისეთს, როგორიც არის. და რეალურად ასეთიც ხარ – აი ამ დაპროგრამების გარეშე.
შესაბამისად, თუკი შენ ახლა გგონია, რომ რაიმეს ვერ გადაიტან, რაიმეს ვერ გაუძლებ – იცოდე, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისგან თავსმოხვეული ფიქრებია და დაჯერებებია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს შენზე და უფრო ზუსტად თუ ვიტყვი – ანგრევს შენს ფსიქიკას, ასუსტებს – მის უნარს , ამ დროს ებრძვი შენ მის უნარს – ჩართოს სიცოცხლის ინსტიქრი ნებისმიერ რთულ გარემოში.
სწორედ ამ არაჯანსაღი აზრების, იდეების, შეხედულებების ბრალია – რის გამოც ადამიანი ამდენს იტანჯება.ის იწყებს მომავლის სცენარების შექმნას გონებაში , წარმოიდგენს ათას ვარიანტს და ჰგონია რომ ვერ გადაიტანს, ვერ შეეგუება ამ ვარიანტების უმეტესობას. აქ კი უკვე მოდის შფოთვა და ადამიანი იმდენად არაცნობიერ მდგომარეობაში ვარდება, რომ საერთოდ კარგავს აზროვნების უნარს. ის განიცდის იმ წარმოდგენილ სცენარებს – ისე თითქოს ახლა ხდება და იღებს ამ საშინელ – ემოციურ ეფექტს, რაც – იწვევს მისი ცნობიერების დახშობას.
რეალურად კი ვიტყვი, რომ ადამიანი აქ და ახლა არასოდეს იტანჯება ისე, რომ ვერ გაუძლოს, შესაძლოა მოვიდეს ტკივილი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გასწავლის, გაივლის შენში ჯანსაღად, მაგრამ ეს არ არის გაუსაძლისი ტანჯვა, ის ისეთივე ბუნებრივია, როცა ხეს ტოტი ტყდება, მაგრამ ამის გამო ხე არ გახმება.
შესაბამისად, შენ ვერასოდეს ვერ მოკვდები, ვერ გაგიჟდები, ვერ გაგისკდება გული – თუ აქ ხარ – აწმყო მდგომარეობაში ადამიანს ყველაფრის მიღების, შეგუების და ჯანსაღად თვალის გასწორების უნარი აქვს.
ის რაც უაზრო ტანჯვებს, სასოწარკვეთებს და დეპრესიებს იწვევს – ეხება ჩვენს სცენარებს გონებაში, რომელთა მოხდენაც გვაშინებს. რადგან გვითხრეს რომ ეგ ყველაფერი იყო საშიში, რომ ადამიანს არ შეუძლია ამ ყველაფრის გადატანა, რომ შენ ამის გამო უნდა დაიტანჯო და ზოგჯერ ადამიანი ნაკლებად ცუდადაა , ვიდრე ‘აფეიქებს’ თავის ცუდად ყოფნას – რეალურად სიმულანტობს, რადგან იმდენად დაიჯერა რომ მსგავს შემთხვევაში ცუდად უნდა იყოს, რომ ასეა ‘წესი’, რომ სხვანაირი რეაქცია თუ ექნება ეშინია, რომ უცნაური გამოჩნდება, ეშინია რომ ამის გამო განსჯიან, ამიტომ წინასწარი პროგნოზით – ვკარგავთ ბუნებრივ მდგომარეობას.
შენ დიდი ხნის განმავლობაში გიყვებოდნენ რა ცუდად უნდა ყოფილიყავი ასე თუ მოხდებოდა, ისე თუ მოხდებოდა, ეს თუ დაგემართებოდა, ის თუ დაგემართებოდა ( შეგიძლია ჩასვა ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა ) , გიყვებოდნენ როგორ ცუდად იყვნენ სხვადასხვა დროს და რა თქმა უნდა – აბუქებდნენ და ამხატვრულებდნენ თავის ცუდად ყოფნებს – და შენც დაშინდი, რომ იგივეს დროს შენც ცუდად იქნებოდი. დიდხანს კითხულობდი ამ ტანჯვების შესახებ, უყურებდი ფილმებს – ამიტომაც შენი ფსიქიკა გამოტენილია შიშებით ‘რა შეიძლება დაგემართოს – როცა რაღაც მოხდება, როცა რაღაც მოგივა’ – და თუ რამე მსგავსი ხდება, შენ ამ შიშებისგან გამოწვეული ემოცია გხდის ცუდად და არა თავად მოვლენა.
ზოგჯერ მომავლის კი არა პირიქით, წარსულის მდგომარეობებს ისე უყვება ადამიანი თავის თავს და სხვებს, რომ ამის გამო განიცდის ტანჯვას. მსგავსი ილუზიური ტანჯვები ან წარსულის პროდუქტია, ან მომავლის.
ძალიან ბევრ რამეზე მიფიქრია ჩემს ცხოვრებაში რომ ვერ გადავიტანდი, ამას ვერ გავუძლებთქო ვიძახდი, მაგრამ უმეტესობა მათგანი – უმარტივეს დონეზე გადავხარშე და იმდენად მარტივადაც რომ ჩემი თავის მიკვირდა.
ესაა რეალობა, ნუ დავიჯერებთ უაზრო იდეების, მორალების გამო – რომ უნდა მოკვდეთ, ვიტანჯოთ, განვიცადოთ – ზედმეტად რაღაცეები. ესაა ყალბი, ცრუ მორალისტური იდეების შედეგი და არა ნამდვილი მორალის. ნამდვილი მორალი ბუნებრივობას ქადაგებს და არა – წინააღმდეგობას ბუნებრივობასთან.
ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ყველაფრის მიუხედავად კარგად ყოფნა – ეს ეგოიზმია, რომ რაღაცეების გამო ადამიანი უნდა დაიტანჯოს. მაგრამ ეს გონების დიდი ტრიუკია. გაცნობიერება იმის, რომ შენ გაქვს ყველაფრის გადალახვის, გადატანის, მიღების უნარი – და ეს შენი ძალიან ძვირფასი თვისებაა, რომ რაც არუნდა მოხდეს შენ მაინც შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას – ბედნიერად, შენს სულს მოუტანს სიმშვიდეს და აგავსებს ძალით, რომ აღარაფრის გეშინოდეს.
თუ გინდა რომ გამოიღვიძო, გახდე კარგად, შენი სიცოცხლე იყოს გაცნობიერებული – გაიაზრე, რომ ამისთვის საჭიროა სწორად გაიცნო რეალობა. ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩვენს ბუნებრივობასთან, რეალობასთან, სიცოცხლესთან – წარმოშობს ‘ჯოჯოხეთს’ შენს სულში, ნებისმიერი თანხმობა, მიმღებლობა – წარმოშობს სიყვარულის ტოტალურ მდგომარეობას – ‘სამოთხეს’ შენში.
რეალობა კი ესაა – საერთოდ არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ადამიანს აქვს უნარი – რეალობის ნებისმიერი გამოვლინება მიიღოს და თვალი გაუსწოროს მას, და ეს ყველაზე ძვირფასი თვისებაა და სწორედ ამ თვისების დამსახურებაა, რომ ჩვენი არსებობა ასეთი ჯადოსნური და საოცარია.
ავტორი/წყარო: ნინო დიდებაშვილი / სხვ სტატია: ცნობიერების ქარტეხილები: გზა ქაოსიდან წონასწორობამდე