ჰატშეფსუტი – დედოფალი უპირველესი
ჰატშეფსუტი 3600 წლის წინ ცხოვრობდა, იყო ეგვიპტის ფარაონ თუთმოს I-ის ასული. ჭკვიანი, განათლებული, უაღრესად დახვეწილი გემოვნების პატრონი, მკაცრი, მეფური თვისებების მქონე. ისტორიაში ევას შემდეგ არ მოიძებნება ჰატშეფსუტზე უფრო ცნობილი ქალი. იგი ეგვიპტეს კლეოპატრამდე 14 საუკუნით ადრე მართავდა. ისტორიაში კი შესულია როგორც უზურპატორი. ჰატშეფსუტის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მისი გამოსახულების უმეტესობა და სახსენებელი ისტორიიდან საგულდაგულოდ იქნა ამოშლილი. როგორც ზოგი ეგვიპტოლოგი აღნიშნავს, ეგვიპტე უამრავ სურპრიზს მალავს თავისი ცხელი ქვიშის საფარქვეშ.
ჰათშეფსუტი სხვა ეგვიპტელ ქალ მმართველებთან შედარებით, გაცილებიდ დიდხანს, თითქმის 21 წელი მართავდა ქვეყანას. ეგვიპტოლოგები მისი მმართველობის ხანას მშვიდობიან და წარმატებულ პერიოდად ახასიათებენ. თუ თუთმოს I-მა ეგვიპტის ისტორიაში დასაბამი მისცა „მეფეთა ველის“ ხუროთმოძღვრებას, მისმა ქალიშვილმა საძირკველი ჩაუყარა სატაძრო არქიტექტურის ახალ სტილს, რომელმაც შემდგომში უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ხუროთმოძღვრების განვითარებაზე. ამ პერიოდში ეგვიპტეში აშენდა და გარემონტდა უამრავი ტაძარი და დაიდგა ყველაზე მაღალი ობელისკები.
27 წლის განმავლობაში, რაც ჰატშეფსუტი ეგვიპტეს მართავდა, გადაიხადა დიდი ომები აზიასა და აფრიკაში, იღწვოდა ტავისი ხალხის კეთილდღეობისთვის, თებეში ააშენა ბრწყინვალე ტაძრები და სასახლეები, გაიყვანა გზები, კლდიან-ქვიშიან უდაბნოში ოაზისები გააშენა, დიდად აფასებდა ნიჭიერ ხელოვანთ, შემოქმედ ადამიანებს.
პირადი ცხოვრება დიდად ბედნიერი არ ჰქონია, მამამ ღვიძლ ძმას, თუთმოს II-ს მიათხოვა, რომელსაც გული უგვარო ქალისკენ მიუწევდა და შვილიც გააჩინა მასთან – მომავალი ფარაონი თუთმოს III… ძმისწულ-გერს სძულდა მამიდა-დედინაცვალი და შეეცადა, სიკვდილის შემდეგ მისი სახელი ამოეძირკვა ეგვიპტის ისტორიიდან, მაგრამ დედოფლის საქმენი უფრო ხანიერი გამოდგა, ვიდრე სიძულვილი – ისტორიამ შემოინახა სახელი მსოფლიოში პირველი მეფე-ქალის, მტკიცე და ღირსეული მმართველისა.