„მარტო ოკეანეში“: გაქცევა საბჭოთა კავშირიდან
1974 წლის 13 დეკემბერი, წყნარი ოკეანე. საბჭოთა საკრუიზო ლაინერი „საბჭოთა კავშირი“ ეკვატორისკენ მიემართებოდა. ეს იყო ეგრეთ წოდებული „კრუიზი არსაით“ — სპეციალური ტურისტული მარშრუტი სანაპიროზე გაჩერებების გარეშე, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება სანდო მოქალაქეებისთვის აწყობდა. გემზე იმყოფებოდა 38 წლის ოკეანოლოგი, სლავა კურილოვი, რომლისთვისაც ეს მოგზაურობა დასვენება კი არა, სასიკვდილო მისია იყო. მას სსრკ-დან გაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუნდაც სიცოცხლის ფასად.
კურილოვი პროფესიონალი მყვინთავი და იოგას მიმდევარი იყო. წლების განმავლობაში მას უარს ეუბნებოდნენ საზღვარგარეთ ვიზაზე, რამაც მასში სისტემისადმი სიძულვილი და თავისუფლებისადმი დაუოკებელი წყურვილი გააღვივა. როდესაც მან რუკაზე ნახა გემის მარშრუტი, შეამჩნია, რომ ლაინერი ფილიპინების კუნძულ სიარგაოს სიახლოვეს გაივლიდა. ეს იყო მისი ერთადერთი შანსი.
13 დეკემბრის ღამეს, როდესაც გემზე ქარიშხლიანი ამინდი იყო, კურილოვმა თავისი გეგმა სისრულეში მოიყვანა. ის ლაინერის კიჩოზე ავიდა, ხელში ლასტები, ნიღაბი და სასუნთქი მილაკი ეჭირა. მის წინაშე 14 მეტრი სიმაღლიდან (დაახლოებით 5-სართულიანი სახლის სიმაღლე) ბობოქარ ოკეანეში გადახტომის პერსპექტივა იდგა. ყველაზე დიდ საფრთხეს გემის გიგანტური პროპელერები წარმოადგენდა, რომლებსაც ადამიანი ხორცსაკეპი მანქანასავით შეეძლო დაეკეპა. კურილოვმა მომენტი შეარჩია და გადახტა.
წყალში ჩავარდნისას მან სასწაულებრივად აარიდა თავი პროპელერებს, თუმცა ძლიერმა ტალღებმა ის წყლის სიღრმეში ჩაითრია. ზედაპირზე ამოსულმა დაინახა, როგორ შორდებოდა მას გემი და მასთან ერთად — მთელი მისი წარსული ცხოვრება. ის დარჩა სრულიად მარტო, უკიდეგანო ოკეანეში, ღამით, ზვიგენებით სავსე წყლებში, ხმელეთიდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით.
მისი გამოთვლით, ნაპირამდე ცურვას მხოლოდ ერთი ღამე დასჭირდებოდა, მაგრამ ოკეანემ სასტიკი სიურპრიზი მოუმზადა. ძლიერმა დინებებმა ის კუნძულს დააშორა. ერთი ღამე გადაიზარდა სამდღიან კოშმარად. კურილოვს არ ჰქონდა საკვები, სასმელი წყალი და ძილის საშუალება. მცხუნვარე ტროპიკულმა მზემ მას სახე დაუწვა, მარილიანმა წყალმა კი სხეული დაუზიანა.
მეორე ღამეს მას ჰალუცინაციები დაეწყო. ის ხედავდა ცეკვას ცაზე, ესმოდა მუსიკა და კარგავდა რეალობის შეგრძნებას. თუმცა იოგას ვარჯიშებმა და სუნთქვის კონტროლმა მას გონება შეუნარჩუნა. ის პერიოდულად კარგავდა გონებას, მაგრამ ინსტიქტურად მაინც განაგრძობდა ცურვას. ღამით წყალი ფოსფორული ნათებით ანათებდა, რაც მას ეხმარებოდა, დაენახა მის გარშემო მოცურავე ჩრდილები — სავარაუდოდ, ზვიგენები.
1974 წლის 15 დეკემბერს, თითქმის 100 კილომეტრის ცურვის შემდეგ (დინებების გამო), სლავა კურილოვმა ფეხი სიარგაოს სანაპიროზე დადგა. ადგილობრივებმა იპოვეს მანათობელი სხეულის მქონე კაცი (ფოსფორული პლანქტონის გამო მისი კანი ანათებდა), რომელიც უცხოპლანეტელს ჰგავდა.
საბჭოთა კავშირში მას დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „სამშობლოს ღალატისთვის“. თავად სლავა კი ამბობდა, რომ მან არა სამშობლო უღალატა, არამედ საკუთარ თავს უერთგულა. მოგვიანებით ის კანადაში, შემდეგ კი ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ბედის ირონიით, კაცი, რომელმაც ოკეანეში სამდღიან ჯოჯოხეთს გაუძლო, 1998 წელს, ისრაელში, ტბა კინერეტში ყვინთვის დროს დაიღუპა, როდესაც თევზსაჭერ ბადეებში გაიხლართა და ჟანგბადი გაუთავდა.
მისი წიგნი „მარტო ოკეანეში“ დღემდე რჩება თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მანიფესტად.
წყარო: Kristina’S Page

