რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

მონ-სენ-მიშელი: საფრანგეთის უპოპულარულესი ღირშესანიშნაობა

მონ-სენ-მიშელი - საფრანგეთი

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სააბატოთი შემკული, ერთმანეთში გადახლართული ვიწრო ქუჩებით, გალავნებითა და ისტორიული შენობებით დამშვენებული მონ-სენ-მიშელი საფრანგეთის ჩრდილოეთში, ნორმანდიის სანაპიროზე მდებარეობს. უნიკალური ხუროღმოძღვრებითა და კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი ეს კუნძული საფრანგეთის უპოპულარულეს ღირშესანიშნაობად და მსოფლიოს ერთ-ერთ უცნობილეს კუნძულად ითვლება.

ოდესღაც მოტ-ტუმბის („აკლდამის მთის“) სახელით ცნობილი კუნძული მილიონობით წლის წინ წარმოიქმნა, როცა ახლომდებარე რბილი ქანები ეროზიის შედეგად დაიშალა. დარჩა მხოლოდ პატარა კუნძული, რომელიც მიქცევისას ხმელეთს მიწის ვიწრო ზოლით უკავშირდება. ეს ბუნებრივი „ხიდი“ ძალიან ვიწრო და სახიფათოა, მოძრავ ქვიშასა და უეცარ მოქცევებს საუკუნეების მანძილზე უამრავი ადამიანი უმსხვერპლია.

კუნძულზე თავდაპირველად რომაული ციხესიმაგრე იდგა. ლეგენდის მიხედვით, თურმე მთავარეპისკოპოს წმ. ობერს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და კუნძულზე ეკლესიის აშენება უბრძანა. მთავარეპისკოპოსი უარზე იყო, სანამ მთავარანგელოზმა მას თითი არ ატაკა და თავის ქალა არ გაუხვრიტა (გახვრეტილი ქალის ნახვა დღესაც შეიძლება ავრანშის სენ-ჟერვეს ბაზილიკაში). სათანადოდ დასჯილი მთავარეპისკოპოსი ანგელოზის მოთხოვნის შესასრულებლად გაიქცა.

საუკუნეების შემდეგ წმ. ობერის მიერ აშენებული სამლოცველო დიდ მონასტრად იქცა. ნორმანდიის ჰერცოგ ვილჰელმ 1-ისა და მისი მემკვიდრეების პატრონაჟით ნორმანულ-გოთიკური სტილის ახალი შენობები აშენდა, ხოლო XI საუკუნეში იტალიელი არქიტექტორის, გულიელმო დე ვოლპიანოს დაპროექტებული მაღალქიმიანი ეკლესია აიგო.

მონ-სენ-მიშელი - საფრანგეთი - კუნძული

XV საუკუნეში მონ-სელ-მიშელი პილიგრიმებში პოპულარულ მოსალოც ადგილად იქცა, თუმცა, მომდევნო წლებში მისი სიმდიდრე და დიდება თანდათან მიინავლა. XIX საუკუნის დასაწყისში იქ ციხე გახსნეს, რომელიც 1863 წელს დაიხურა, რადგან საზოგადოებამ კუნძულისა და მისი ისტორიული შენობების ეროვნულ ძეგლად გამოცხადება მოითხოვა. საზოგადოებრივი კამპანია წარმატებული გამოდგა – მონ-სენ-მიშელი 1874 წელს საფრანგეთის ეროვნულ ძეგლად აღიარეს, ერთი საუკუნის შემდეგ, 1979 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

ამჟამად მონ-სენ-მიშელი კუნძული აღარაა – კონტინენტს 1879 წელს აშენებული 1,5 კმ-იანი დამბით უკავშირდება. თუმცა, ხელოვნური მიწის ზოლი უნებურად მოქცევის დინებას გადაეღობა, რამაც კუნძულის ირგვლივ შლამის დალექვა გამოიწვია. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ დამბა ხიდით ჩანაცვლდეს. მომავალში, საუკუნეების შემდეგ მონ-სენ-მიშელი კვლავ კუნძულად იქცევა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა