რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

მსტოვრების ინსტიტუტი საქართველოში

მსტოვრების ინსტიტუტი საქართველოში (მსტოვარი)

ოფიციალურად მსტოვრების ინსტიტუტის შექმნა უკავშირდება დავით აღმაშენებელს. ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ითვლება რომ 1100 წლისთვის უკვე სრულყოფილად აწყობილი სისტემა იყო.

დავით IV-მ მსტოვრების ინსტიტუტი ქვეყნის ხერხემლად აქცია. არც ერთ მის წინამორბედს თუ მემკვიდრეს მსტოვრებისადმი ისეთი ყურადღება არ გამოუჩენია, როგორსაც დავით აღმაშენებელი იჩენდა. მან შექმნა სისტემა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის არაქართველებიც. ამ საქმეში ყველას თავისი ფუნქცია და როლი ჰქონდა. ეს კი ნებისმიერი მტრისათვის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდა.

აღმაშენებლის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა და წარმატებას მსტოვართაგან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და რეალიზაცია ედო საფუძვლად. ინფორმაციის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განიცდიდა მეფე — ურიცხვი მსტოვრებისა თუ ჯაშუშ-აეშაგების წყალობით. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გლეხი იყო, მწყემსი, აქიმი, ხელოსანი თუ მეომარი, ისინი პარალელურად მსტოვრობასაც „ითავსებდნენ“. მათ უნდა დაეფიქსირებინათ სელჩუკ მომთაბარეთა საქართველოს საზღვრებთან ყოველი გადაადგილება. გარდა ამისა თვალყური უნდა ედევნებინათ მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო პირებისთვისაც.

რაც შეეხება მოგზაურებს, მისიონერებს (იერუსალიმის ან მექას მომლოცველებს), მოგზაურებს, ელჩ-დიპლომატებსა თუ ვაჭრებს, რომლებიც ძირითადად არაქართველები (სომხები, მუსლიმები და ებრაელები) იყვნენ, მათ საქართველოს ფარგლებს გარეთ საინტერესო ინფორმაციები უნდა მოეძიებინათ და დროულად მიეწოდებინათ მეფისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ ევალებოდათ უცხო ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო დაზვერვა. ანუ, როგორც მემატიანე წერს:

მსტოვრების ქსელით ყოფილა დაფარული მთელი სამეფო. ჯაშუშებისა და მოენეების შიშით ქვეყანაში თანთადან ისეთი წესრიგი დამყარებულა, ვერავინ ბედავდა „განდრეკილად სვლად“.

მსტოვრები მარტო ინფორმაციებს კი არ მოიპოვებდნენ, არამედ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად სპეცოპერაციებსაც გეგმავდნენ და ახორციელებდნენ.

მაგალითად: კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშის ამბავს მოვიყვანთ: მეფემ შეიპყრო და დაატუსაღა ქვეგამხედვარი ერისთავი. თუმცა მერე მისი ვედრება შეისმინა, ერთგულების ფიცი ჩამოართვა და არა მარტო გაათავისუფლა, არამედ საერისთავოც დაუბრუნა. მაგრამ არ დაიშალა ლიპარიტმა ღალატი და დავითმაც წყნარად და უხმაუროდ გადაჭრა ლიპარიტის პრობლემა. მისმა მსტოვრებმა კლდეკარის ერისთავი უბრალოდ „მოიპარეს“ და მეფეს მიუყვანეს. ულიდეროდ დარჩენილ კლდეკარის ციხე დაეცა.

მეორე ამბავი.

ლიპარიტის მემკვიდრე რატი მამის პოლიტიკის აგრძელებდა დავითის მსტოვრებმა კი მისი ლიკვიდაცია ზედმეტი ხმაურის გარეშე.

მეფის წინააღმდეგ იბრძოდა ფლიდი და ვერაგი არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთის ძეც. მას ზურგს უმაგრებდა მისი ძმა, ეპისკოპოსი მოდისტოსი. ისინი ისე თვითნებურად მოქმედებდნენ, თითქოს მეფე არც არსებულიყო ქვეყანაზე. ჰოდა, დავითმაც „შეახსენა თავი“ და საკმაოდ მწარედაც: ჩავიდა არაგვის ხეობაში, მიტაცებული მამულები და ციხეები დაიბრუნა, ხოლო მისმა მსტოვრებმა — შიომღვიმის მონასტრის ბერებმა, ძაგანი და მოდისტოსი შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს.

1104 წელს ჰერეთის დიდებულმა ქავთარ ბარამის ძემ დისწულებთან — არიშიანთან და ბარამთან ერთად კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან მეორე შეიპყრო და დავითს მიჰგვარა. მეფე ფიქრობდა, რომ აღსართანის დატყვევებით კახეთ-ჰერეთს უსისხლოდ შეიერთებდა, მაგრამ ადგილობრივმა დიდებულებმა გადაწყვიტეს, იარაღით ხელში დაეცვათ „დამოუკიდებლობა“ და არ დამორჩილებოდნენ „აფხაზთა მეფეს“. ამიტომაც კახეთ-ჰერეთის შემოერთების მამულიშვილური საქმე არმიამ მიიყვანა ბოლომდე და ერწუხთან მიღწეული გამარჯვებით დააგვირგვინა.

უფრო მეტიც, დავითის მსტოვრები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მარტო ადამიანებს კი არა, ციხე-ქალაქებსაც „იპარავდნენ“. ასე წაართვეს მუსლიმებს სამშვილდე და რუსთავი. მსტოვრები, როგორც იტყვიან, ციხეს შიგნიდან ტეხდნენ, გადამწყვეტ მომენტში სწორედ ისინი უღებდნენ ციხე-სიმაგრის კარს „მოულოდნელად გამოჩენილ“ მეფის ლაშქარს.

დავით აღმაშენებელმა მსტოვართა უდიდესი ქსელი შექმნა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც — ინდოეთიდან ევროპამდე. თანაც იმდენად ეფექტური, რომ ბაღდადში რომ რამე „გაფაჩუნებულიყო“, მეფეს უმალვე მოხსენდებოდა. იერუსალიმისკენ დაძრული ჯვაროსნები საფრანგეთს არ იყვნენ გამოცდენილები, რომ დავითმა ეს უკვე იცოდა.

დავითის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 90 წელი მსტოვართა ინსტიტუტი ძალიან მაღალ დონეზე მუშაობდა და მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სპეცსამსახურად ითვლებოდა.

ამ უნიკალური სახელმწიფო ინსტიტუტის ჯერ მიზანმიმართული დასუსტება მერე კი რღვევა იწყება 1212 წლიდან როცა ივანე მხარგძელი ხდება ათაბაგი.

ეს სამსახური მეფის ცენტრალურ ხელისუფლებას აძლიერებდა და ფეოდალების უაღრესად ეფექტურ კონტროლს წევდა, რაც არ აწყობდათ აღზევებული თავადების საგრძნობ ნაწილს, რის გამოც იგი ივანე მხარგძელის და მისი მომხრე მავნებლების მხრიდან მიზანმიმართლი საბოტაჟის და თავდასხმის ობიექტი გახდა. საბოლოოდ ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო. როცა 1220 წელს მონღოლები მოადგნენ კავკასიას, ქართველებმა ფაქტობრივად არაფერი იცოდნენ მონღოლების შესახებ, რაც კარგად ჩანს რუსუდანის მიერ პაპისადმი მიწერილ წერილშიც 1224 წელს სადაც ის აღნიშნავს რომ მონღოლები ქრისტიანები ეგონათ.

საბოლოოდ რუსუდანის მმართველობის პერიოდში 1223-1245 წლებში მსტოვართა ინსტიტუტი მხარგძელთა ძალისხმევით საბოლოოდ მოიშალა და გაუქმებულ იქნა როგორც სტრუქტურა!

წყარო: ისტორია / ავტორი: Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა