ორმოცდაათიანელები – სახარებისეული რწმენის ქრისტიანები
ორმოცდაათიანელების, ანუ სხვაგვარად (როგორც თვითონ უწოდებენ თავის თავს) სახარებისეული რწმენის ქრისტიანების მიმდინარეობა წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნის დასაწყისში. აქედან გავრცელდა იგი სხვა ქვეყნებშიც. თვით სახელწოდება ორმოცდაათიანელები აღებულია ახალი აღთქმიდან, კერძოდ კი „საქმე მოციქულთა“-ში აღწერილი სიუჟეტიდან, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ქრისტეს გადმოვიდა სულიწმიდა და მათ შეძლეს თავიანთი მოძღვრების სხვადასხვა ენაზე ქადაგება. ეს საზოგადოებები სული წმიდის გარდამოსვლის გამოცდილებას უბრუნდებიან და ეკლესიის რელიგიურ გამოღვიძებას ესწრაფვიან.
ორმოცდაათიანელების მოძღვრების საფუძველი ბაპტიზმია. ამიტომ ამ ორ მიმდინარეობას ბევრი საერთო მომენტი აქვს. მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავების პოვნაც შეიძლება. ორმოცდაათიანელებს ღმერთი ფაქტიურად სულიწმინდამდე დაჰყავთ და სწამთ, რომ მას შეუძლია ჩასახლდეს ყველა ადამიანში ისევე, როგორც ჩასახლდა იგი ქრისტეში და მის მოწაფეებში. ვის სხეულშიაც ჩასახლდება სულიწმიდა, იგი გარანტირებულია მარადიული ცხოვრებით. საზოგადოების მოძღვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ქადაგებას ქრისტეს მეორედ მოვლინების და მისი ათასწლოვანი მეუფების დამყარების შესახებ.
ორმოცდაათიანელების მთავარი დღესასწაულია გ ლ ო ს ო ლ ა ლ ი ა, რომელსაც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი ჰქვია. ამ დღესასწაულს მიმდევრები უკავშირებენ ნათვლას, რის მეოხებითაც მორწმუნე ხდება საზოგადოების წევრი. გლოსოლალია ეს არის, მძიმე რიტუალი, რომლის მეოხებითაც მოსანათლ პიროვნებაზე უნდა გადმოვიდეს სულიწმიდა. ნათლობას წინ უსწრებს მკაკრი მარხვა და გულმოდგინე ლოცვა-ვედრება.
2011 წლის კვლევის თანახმად, ორმოცდაათიანელებს მსოფლიოში 279 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
ორმოცდაათიანელები საქართველოში
საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი თემები 1918 წლის ახლო ხანს აბასთუმანსა და თბილისში თურქეთიდან გამოსახლებული რუსების ბაზაზე ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ ხელდასხმით ნაკურთხი ხუცესი, რის გამოც წყლით ნათლობა არ ხდებოდა. თბილისში პირველი ნათლობა 1942 წელს შედგა, რაც უკრაინიდან ჩამოსულმა ხუცესმა, ვასილ ბიზიაევმა, შეასრულა.
საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი მასიური დაპატიმრება 1932 წელს დაიწყო. დასავლეთ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში 300 ორმოცდაათიანელი მორწმუნე დააკავეს და ფოთის პორტიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მათი ბედი დღემდე უცნობია. აღსანიშნავია, რომ რეპრესიების მიუხედავად, ორმოცდაათიანელთა ეკლესიები მალე ჭიათურაში, გორში, გუდაუთასა და სოხუმშიც იქმნება. ორმოცდაათიანელთა პირველი ქართულენოვანი ჯგუფი 1945 წელს გორში შეიქმნა. მისი ხელმძღვანელები გიორგი (ჟორა) კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაშვილი იყვნენ.
1951 წელს ახალი რეპრესიების ტალღა დაიწყო. ამ პერიოდში თბილისის ეკლესიაში 87 მორწმუნე ირიცხებოდა, მათგან 40 დააპატიმრეს. ხელმძღვანელ პირებს მიესაჯა 25-წლიანი პატიმრობა, დანარჩენებს კი 8-10 წელი.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლიდან, ორმოცდაათიანელთა დევნა შენელდა. განთავისუფლეს პატიმრების დიდი ნაწილი, თუმცა 1961 წელს კვლავ განახლდა მასობრივი დაპატიმრებები. ამ წელს მარტო თბილისში 14 ორმოცდაათიანელი დააპატიმრეს. გორის ეკლესიიდან ღვთისმსახურების დროს დააპატიმრეს გიორგი (ჟორა) კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაშვილი. მორწმუნებზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზეწოლა.
ამ პერიოდის პროტესტანტი ორმოცდაათიანელები განსაკუთრებული სიმტკიცითა და სარწმუნოებისადმი დიდი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ახალგაზრდები მკაცრად ემიჯნებოდნენ კომუნისტურ იდეოლოგიას. საბჭოთა კავშირის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მიმართული იყო ორმოცდაათიანელი მორწმუნეების წინააღმდეგ, ცდილობდნენ ხალხში გაეღვივებინათ ზიზღი მათ მიმართ. იბეჭდებოდა უამრავი ცილისწამებლური წერილები.
დღეს საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიების საერთო რიცხვი 120-ს აღემატება. მორწმუნეთა რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს. მათგან აქტიური წევრია 7 000.