რას ეძებ?

საინტერესო ფილოსოფია

ჯიდუ კრიშნამურტი / რა არის სიყვარული

ჯიდუ კრიშნამურტი / სიყვარულის შესახებ - სიყვარული

შეკითხვა: რას გულისხმობთ თქვენ სიყვარულში?

კრიშნამურტი: ჩვენ ვაპირებთ ავხსნათ ეს იმის გაგებით, თუ რას არ წარმოადგენს სიყვარული, იმიტომ, რომ რამდენადაც სიყვარული უცნობია, ჩვენ უნდა მივიდეთ მის გაგებამდე, უნდა უკუვაგდოთ რა უკვე ცნობილი. უცნობი არ შეიძლება აღმოაჩინოს გონებამ, რომელიც სავსეა ცნობილით. რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ, ის არის, რომ გავიგოთ ფასეულობა ამ ცნობილისა, შევხედოთ ცნობილს, და მაშინ, როცა თქვენ რაღაცას უყურებთ უბრალოდ, განსჯის გარეშე, გონება თავისუფალი ხდება ცოდნისაგან, ცნობილისაგან. და მაშინ ჩვენ ვხვდებით რა არის სიყვარული. ამდენად, ჩვენ სიყვარულს უნდა მივუდგეთ ნეგატიურისგან და არა პოზიტიურისგან.

რა არის სიყვარული ადამიანთა უმრავლესობისათვის? როცა ვამბობთ, რომ გვიყვარს ვიღაც, რას ვგულისხმობთ ამაში? ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ვფლობთ ამ ადამიანს. ამ ფლობისაგან ჩნდება ეჭვი, იმიტომ, რომ, თუ მე დავკარგავ მას, რა მოხდება? მე თავს ვიგრძნობ გამოცარიელებულად, დაკარგულად, ამიტომ ვახდენ ამ ფლობის ლეგალიზაციას, რითაც ვაკავებ მას. იმისგან, რომ ამ ადამიანს ვაკავებ, ვფლობ მას, ჩნდება ეჭვი, შიში და უამრავი კონფლიქტი, რომელიც თავს იჩენს რაღაცის ფლობისას. რა თქმა უნდა, ასეთი ფლობა სიყვარული არ არის. ხომ ასეა?

ნათელია, რომ სიყვარული სენტიმენტალური გრძნობა არ არის. იყო სენტიმენტალური, იყო ემოციური – ეს სიყვარული არ არის. სენტიმენტალობა და ემოციები ხომ უბრალოდ შეგრძნებებია. რელიგიური ადამიანი, რომელიც ტირის იესოს გამო, ან კრიშნას გამო, ან თავისი გურუს თუ სხვა ვინმეს გამო, უბრალოდ სენტიმენტაალურია, ემოციურია. ის დაჰყვა შეგრძნებებს, რაც აზრის პროცესს წარმოადგენს, აზრი კი სიყვარული არ არის. აზრი არის შედეგი შეგრძნებისა.

ასე რომ, მას, ვინც სენტიმენტალურია, ვინც ემოციურია, არ აქვს შესაძლებლობა იცოდეს რა არის სიყვარული. და, მიუხედავად ამისა, განა ჩვენ არ ვართ ემოციურები? არ ვართ სენტიმენტალურები? ემოციურობა, სენტიმენტალურობა, უბრალოდ ფორმებია „თვითობის“ და საკუთარი „მე“-ს ექსპანსიისა. იყო ემოციებით სავსე – რა თქმა უნდა, სიყვარული არ არის. სენტიმენტალური ადამიანი ხომ შეიძლება სასტიკიც იყოს, როცა მის გრძნობებს არ პასუხობენ, როცა მისი გრძნობები გამოსავალს ვერ პოულობს. ემოციური ადამიანი შეიძლება მიიყვანო სიძულვილამდე, ომამდე, სისხლიან შეტაკებებამდე. მას, ვინც სენტიმენტალურია, სავსეა ცრემლებით თავისი რელიგიის გამო, რა თქმა უნდა, სიყვარული არ შეუძლია.

არის თუ არა მიმტევებლობა სიყვარული? რა იგულისხმება მიტევებაში? თქვენ მე შეურაცხყოფა მომაყენეთ და მე ნაწყენი ვარ ამის გამო, მახსოვს ეს. შემდეგ ვაიძულებ რა საკუთარ თავს ან მონანიების გრძნობის გამო, მე ვამბობ: „მიპატიებია თქვენთვის“. მე ჯერ ვიკავებ, შემდეგ უარვყოფ მას. რას ნიშნავს ეს? მე კვლავ ცენტრალურ ფიგურად ვრჩები. მე ისევ მნიშვნელოვანი ვარ. განა სწორედ მე არ მივუტევებ ვიღაცას? სანამ ასეთი დამოკიდებულებაა მიტევების მიმართ, მნიშვნელოვანი სწორედ მე ვარ და არა ის ადამიანი, რომელმაც სავარაუდოდ მე შეურაცხყოფა მომაყენა. ამიტომ, როცა მე წყენას ვაგროვებ, შემდეგ კი ვნთავისუფლდები მისგან – რასაც თქვენ მიტევებას ეძახით – ეს სიყვარული არ არის.

ადამიანი, რომელსაც უყვარს, ნათელია, რომ არავითარ წყენას არ განიცდის და გულგრილია ამ ყველაფრის მიმართ. სიმპათია, მიტევება, ურთიერთობა, ფლობა, ეჭვი და შიში – სიყვარული არ არის. ეს ყველაფერი გონებისგან მოდის. ასე არ არის? სანამ გონება არბიტრის როლში გამოდის, სიყვარული არ არის, რამდენადაც გონებას გამოაქვს გადაწყვეტილება, როგორც მესაკუთრეს, ფლობის საშუალებით, მისი არბიტრაჟი კი, უბრალოდ სწრაფვაა ფლობდეს სხვადასხვა ფორმით. გონებას შეუძლია მხოლოდ დაანგრიოს სიყვარული. მას არ შეუძლია ხელი შეუწყოს სიყვარულის დაბადებას, მას არ შეუძლია შექმნას სილამაზე. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ პოემა სიყვარულის შესახებ, მაგრამ ეს სიყვარული არ იქნება.

ნათელია, რომ სიყვარული არ არის მაშინ, როცა არ არის ნამდვილი პატივისცემა. როცა თქვენ პატივს არ ცემთ სხვას, იქნება ის თქვენი მსახური თუ მეგობარი. თქვენ არ შეგიმჩნევიათ, რომ პატივს არ სცემთ, არ ხართ კეთილად განწყობილი, არ ხართ გულუხვი თქვენი მსახურების მიმართ, ადამიანებისადმი, რომლებიც, როგორც იტყვიან, თქვენზე „დაბლა“ დგანან? თქვენ პატივს სცემთ მათ, ვინც თქვენზე მაღლაა, თქვენს ბოსს, მილიონერს, ადამიანს, რომელსაც დიდი სახლი და მაღალი ტიტული აქვს, ადამიანს, რომელსაც შეუძლია კარგი ადგილი მოგინახოთ, კარგი სამსახური – მათ, ვისგანაც თქვენ შეიძლება რაიმე მიიღოთ.

მაგრამ თქვენ პანღურით უმასპინძლდებით ყველას, ვინც თქვენზე დაბლა დგას და მათთვის განსაკუთრებული ენა გაქვთ. ამიტომ იქ, სადაც არ არის პატივისცემა, არ არის სიყვარულიც. იქ, სადაც არ არის ლმობიერება, თანაგრძნობა, დიდსულოვნება, იქ არ არის სიყვარული. და რამდენადაც ჩვენი უმრავლესობა სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, ჩვენ არ გვაქვს სიყვარული. ჩვენ არ გვაქვს არც პატივისცემა, არც გულმოწყალება, ჩვენ არ ვართ გულუხვები. ჩვენ ვართ მესაკუთრეები, ჩვენ სავსე ვართ სენტიმენტებით და ემოციებით, რომლებიც შეიძლება მიმართულ იქნეს სხვადასხვანაირად, მაგალითად, მოკვლა, სისხლიან ბრძოლაში მონაწილეობა, ან გაერთიანება რაღაც სულელური, უმეცარი განზრახვით. როგორ შეიძლება აქ სიყვარული იყოს?

თქვენ შეგიძლიათ შეიცნოთ სიყვარული მხოლოდ მაშინ, როცა ეს ყველაფერი შეჩერებულია, დასრულებულია, მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ არ ფლობთ, როცა თქვენ არა მხოლოდ ემოციური ხართ თქვენს გატაცებაში ობიექტით. ასეთი გატაცება, თაყვანისცემა არის ვედრება რაღაცისა, სწრაფვა რაღაცისაკენ სხვა ფორმით. ადამიანმა, რომელიც ლოცულობს, არ იცის რა არის სიყვარული. თუკი თქვენში არის სწრაფვა ფლობისაკენ, თუკი თქვენ შედეგზე ხართ ორიენტირებული თქვენი გატაცებულობით, თქვენი ლოცვებით, რაც თქვენ სენტიმენტალურად, ემოციურად გაქცევთ, სიყვარული, ბუნებრივია არ არის. ცხადია, რომ სიყვარული არ არის მაშინაც, როცა არ არის პატივისცემა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ პატივისცემა გაგაჩნიათ, მაგრამ ეს მხოლოდ მათ მიმართ, ვინც თქვენზე აღმატებულია. ეს არის უბრალოდ პატივისცემა, რომელიც მოდის რაღაც სურვილის გამო. ეს არის შიშის პატივისცემა.

თქვენ მართლა რომ გრძნობდეთ პატივისცემას, ყველაზე დაბლა მდგომის მიმართაც ისეთივე პატივისცემით იქნებოდით განწყობილი, როგორც ეგრეთ წოდებული, ყველაზე მაღლა მდგომის მიმართ. თუ თქვენ ეს არ გაქვთ, მაშინ სიყვარულიც არ არის. რა ცოტაა ჩვენს შორის სულგრძელი, თანამგრძნობი, გულმოწყალე! თქვენ სულგრძელი მაშინ ხართ, როცა ეს ხელსაყრელია თქვენთვის, როცა იცით, რომ რაღაცას მიიღებთ სანაცვლოდ. როცა ეს რაღაცები ქრება, როცა შენი გონება ასეთი რამეებით არ არის დაკავებული და როცა ყველაფერი, რაც გონებიდან მოდის არ ავსებს თქვენს გულს, მაშინ არის სიყვარული.

და მხოლოდ სიყვარულს, ერთადერთს, შეუძლია გარდაქმნას ახლა მთელ მსოფლიოში გამეფებული სიგიჟე და უგუნურება – და არა სისტემებს, არა თეორიებს, მემარჯვენე იქნება ისინი თუ მემარცხენე. თქვენ ნამდვილად მხოლოდ მაშინ გიყვართ, როცა არ ფლობთ, როცა თქვენ არ ხართ შურიანი, არ ხართ ხარბი, როცა თქვენ სულგრძელი ხართ, პატივისცემით გამსჭვალული, როცა გულმოწყალე და თანამგრძნობი ხართ, როცა ყურადღებიანი ხართ საკუთარი ცოლის მიმართ, ბავშვების მიმართ, მეზობლების მიმართ, თქვენი უბედური მსახურების მიმართ.

შეუძლებელია სიყვარულზე ფიქრი, შეუძლებელია სიყვარულის კულტივირება, შეუძლებელია სიყვარულის პეაქტიკა. სიყვარულის პრაქტიკა, ძმობის პრაქტიკა – ჯერ კიდევ გონების ველის შიგნით არის, ამიტომ ეს სიყვარული არ არის. მხოლოდ მაშინ, როცა ეს ყველაფერი შეჩერებულია, ჩნდება სიყვარული.მხოლოდ მაშინ ხვდებით თქვენ რას ნიშნავს გიყვარდეს. მაშინ სიყვარული არ არის ის, რაც იზომება. მას არ აქვს განზომილება, აქვს მხოლოდ ხარისხი.

თქვენ არ ამბობთ: „მე მიყვარს მთელი სამყარო“, მაგრამ როცა იცით როგორ გიყვარდეთ ერთი, თქვენ იცით როგორ გიყვარდეთ ყველა. რამდენადაც ჩვენ არ ვიცით როგორ გვიყვარდეს ერთი, კაცობრიობისადმი ჩვენი სიყვარული ფიქციაა. როცა თქვენ გიყვართ, მაშინ არ არის ერთი და არ არის მრავალი – არის მხოლოდ სიყვარული. და მხოლოდ მაშინ, როცა არის სიყვარული, შეიძლება ყველა ჩვენი პრობლემა გადაიჭრას და მაშინ ჩვენ შევიცნობთ მის ნეტარებას და ბედნიერებას.

© ჯიდუ კრიშნამურტი / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *