რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საზოგადოება

მოჯანყე მთავარი / კონსტანტინე დადეშქელიანი

კონსტანტინე დადეშქელიანი - მოჯანყე მთავარი

ეს უმაგალითო შემთხვევა იყო რუსეთის იმპერიაში – მეფის მოხელეზე ხელი აღმართეს! კონსტანტინე დადეშქელიანის სახელი უმალ ლეგენდით შეიმოსა.

სვანეთის უკანასკნელი მთავარი 1832 წლის შეთქმულების შემდეგ პირველი იყო, ვინც წინ აღუდგა, მარტოდმარტო შეებრძოლა რუსიფიკატორულ პოლიტიკას, მეფის ხელისუფლებას, სიცრუეს, უზნეობას, უსამართლობას.

…1857 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში, ეკლესიაში წირვაზე მდგარ კონსტანტინე დადეშქელიანს ლოცვა გააწყვეტინეს და გუბერნატორ გაგარინთან წაიყვანეს.

გუბერნტორმა მთავარს გამოუცხადა: მეფისნაცვალმა საჭიროდ დაინახა საცხოვრებლად ერევანი დაგენიშნათ და ახლავე უნდა წახვიდეთ… თქვენს ოჯახს კი სანდო ადამიანს ჩავაბარებთო.

– მე სვანეთის მთავარი ვარ და სხვისი ბრძანებების შესრულებას არა ვარ ჩვეული, – განრისხდა მურზაყან დადეშქელიანი.

მაგრამ გაგარინმა თავისუფლების სანაცვლოდ ფული შესთავაზა მთავარს. მოთმინების ძაფი გაუწყდა შეურაცხყოფილს, იშიშვლა მახვილი და ფულიან მარჯვენაზე დაჰკრა გუბერნატორს, მერე გულში აძგერა და მაგიდას დააკლა. სატევარმა მაგიდის ზედაპირი გაანგრია და მის ქვეშ შეფარებული ადიუტანტიც განგმირა…

კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი

მეფის 6 მოხელე გაისტუმრა იმ დღეს საიქიოს. გზა ხმლით გაიკაფა და ვინმე ბაქრაძის სახლს შეაფარა თავი. სახლს გარსშემოადგნენ რუსები. აქაც 2 ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. ბედმა უმუხთლა დადეშქელიანს – მარტო მებრძოლი დაჭრეს, ტყვია-წამალიც გაუთავდა, ხმალი ვადაში გადაუტყდა…

ხელმოცარული მთავარი კარზე გამოდგა და შესძახ ჯარს, – თუ ვინმე ქართველი ხართ, გამოდით, წამიყვანეთო…

მეორე დღეს დახვრიტეს. კონსტანტინე მაშინ 32 წლის იყო.

მისმა მეუღლემ, აფხზთა მთავრის, მიხეილ შერვაშიძის ძმისწულმა ადილხანმა (დედამისი, კესარია, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის და იყო) არქიელის გორაზე დაკრძალა და მისი სულის საოხად წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ააშენა.

„23 ოქტომბერს მოკლეს სვანეთის უკანასკნელი მთავარი კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი.

რუსეთის მეფის ხელისუფლება იეზუიტური სიფრთხილით „აპატიოსნებდა“ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს უკანასკნელ მოჰიკანებს… ცდილობდა, კავკასიელი ხალხების აბსორბირებას…

კონსტანტინე დადეშქელიანი გოლიათური აღნაგობის ვაჟკაცი ყოფილა. ორი დადიანი სკამზე შედგებოდა თურმე და მის ჩოხაში ორივენი ეტეოდნენ. მე მინახავს მისი სვანური სატევარი, მეტრანახევარი სიგრძისაა“. – კონსტანტინე გამსახურდია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა