მატერჰორნი, ალპების მშვენება
ევროპული ალპების ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი, მატერჰორნი, მისი მრუდე პირამიდისებრი ფორმითაა ცნობილი რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. ხშირად ღრუბლებში გახვეული ციცაბო მწვერვალი შთამბეჭდავი სანახავია: ამაყად აღმართულა მისი კალთებიდან დაგორებული ზვავისგან წარმოქმნილი მყინვარების თავზე.
შვეიცარია-იტალიის საზღვარზე მდებარე მატერჰორნი (4478 მ) ალპების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მთაა. მატერჰორნი და მთლიანად მთაგრეხილი ორი ტექტონური ფილის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა და გამყინვარების ეპოქებში ჩამოყალიბდა. მატერჰორნს თავიდან მომრგვალებული ფორმა ჰქონდა. მისი ამჟამინდელი წახნაგოვანი ფორმა „ყინვა-დნობის“ დამსახურებაა. გამოფიტვის პროცესი დღემდე გრძელდება; ყოველ ზამთარს მატერჰორნი თოვლითა და ყინულით იფარება და ყოველ ზაფხულს თოვლი თითქმის მთლიანად დნება. ქანის ნაპრალებში ჩაღვრილი წყალი ცივ ზამთარში ისევ იყინება. ქანი იფშვნება და ძირს ცვივა. ამ დროს წარმოიშობა ზვავი, რომელიც მატერჰორნის ძირში ხვავდება და მყინვარად იქცევა.
მატერჰორნის ციცაბო კალთები და არაპროგნოზირებადი, მცოცავი ქანები გამოცდილ მთასვლელებსაც აფრთხობს. XIX საუკუნის შუა ხანებში რამდენჯერმე ამაოდ სცადეს მისი დალაშქვრა. მხოლოდ 1865 წლის 14 ივლისს მოახერხა ოთხმა ბრიტანელმა (ედვარდ უიმპერი, ჩარლზ ჰადსონი, ლორდ ფრენსის დაგლასი და დაგლას რობერტ ჰედოუ) და სამმა ალპელმა გიდმა მატერჰორნის მწვერვალზე ასვლა. მათ სულ ცოტა ხნით დაასწრეს მეტოქე მთასვლელთა გუნდს, რომელიც მწვერვალზე ბრიტანელების დანახვისთანავე უკან გაბრუნდა.
ბრიტანელების მთიდან დაშვებისას ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: ჰედოუს ფეხი დაუცურდა, ფრანგ გიდს, მიშელ კროს დაეჯახა და მთიდან გადააგდო. ვინაიდან მთასვლელები ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულები, ორი კაცის წონამ ჰადსონი და დაგლასიც გადაიყოლა და ოთხივე უფსკრულში გადაიჩეხა. უიმპერი და მისი ორი შვეიცარიელი გიდი სიკვდილისგან შეცდომით გამოყენებულმა გაცვეთილმა თოკმა იხსნა, რომელიც შუაზე გაწყდა.
მას შემდეგ მატერჰორნმა კიდევ 500-მდე მთასვლელის სიცოცხლე შეიწირა. ამჟამად მატერჰორნს „საკმაოდ“ რთულ მთად მიიჩნევენ. მწვერვალის დალაშქვრის მსურველთათვის კლდეებზე ბაგირებია მიმაგრებული, ხოლო ღამის გასათევად ქვის ქოხი ააშენეს. მიუხედავად ამისა, ციცაბო, ყინულიანი მთის კალთებზე ყოველ წელს რამდენიმე ადამიანი მაინც იღუპება.