დედამიწაზე ტემპერატურამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

როგორც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში წერია, დედამიწაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტემპერატურამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი დონე ატმოსფეროში ბოლო 800 000 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით ვგებულობთ, რომ დედამიწაზე დათბობა სულ უფრო ძლიერდება. ამის ნიშნები ვლინდება ოკეანის ტემპერატურის ზრდაში რეკორდულ მაჩვენებლამდე, მყინვარების სწრაფი ტემპით დნობასა და ზღვის დონის მატებაში.
კლიმატის ცვლილება მეტწილად ადამიანის აქტივობითაა გამოწვეული, კერძოდ, ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის გადამუშავებით არის განპირობებული. ორგანიზაციის ცნობით 2024 წელი დაკვირვებების მთელ 175-წლიან ისტორიაში ყველაზე თბილი წელი იყო.