რას ეძებ?

მსოფლიო საინტერესო

ევროპის ყველაზე გრძელი – ორესუნდის ხიდი

ევროპის ყველაზე გრძელი - ორესუნდის ხიდი

ორესუნდის ხიდი ევროპის ყველაზე გრძელი, 7845 მ სიგრძის საგზაო-სარკინიგზო ხიდია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გრძელ, ბაგირებით დამაგრებულ მალს შეიცავს. ხიდი შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქიდან, მალმედან ორესუნდის სრუტეში მდებარე ხელოვნურ კუნძულამდეა გადაჭიმული. კუნძულზე გზა გვირაბში შედის და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სიახლოვეს გამოდის. ეს შესანიშნავი ნაგებობა ცოცხალი მაგალითია ორი ქვეყნის საინჟირნო ოსტატობისა და მრავალი სკანდინავიელისთვის ერთა შორის თანამშრომლობის წარმატებულობის სიმბოლოა.

დანიური საარქიტექტორო ფირმა Dissing+Weitling-ის მიერ დაპროექტებულ ორესუნდის ხიდზე ორი რკინიგზა და ოთხზოლიანი შოსეა, რომლითაც ორესუნდის სრუტით გაყოფილი შვედეთი და დანია ერთმანეთს უკავშირდება. 1995-1999 წლებში აშენებული ხიდი ბეტონის ბურჯებზე დგას, ხოლო მისი ბაგირებით დამაგრებული მალი მსოფლიოში უგრძესია (490 მეტრი). კოშკები, რომლებზეც ბაგირებია მიმაგრებული 204 მეტრის სიმაღლისაა და ორესუნდის ხიდს დაკიდულის იერს აძლევს, არადა, სულ სხვა პრინციპითაა აგებული. დაკიდულ ხიდზე ბაგირები მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული და ხიდი მათზე მართლაც დაკიდებულია, ორესუნდის ხიდის შემთხვევაში კი სწორედ ის კოშკები იტვირთება მაქსიმალურად, რომელზეც ბაგირებია დამაგრებული.

ორესუნდის ხიდი - დანია - შვედეთი

გარდა იმისა, რომ ხიდს დაკიდულის იერს აძლევს, ბაგირებით დამაგრებული მალის ქვეშ გემებსაც შეუძლიათ გავლა, თუმცა, გემები ხშირად საერთოდ გვერდს უვლიან ხიდს და ხელოვნურ კუნძლთან ახლოს, დროგდენის სრუტის გავლით მიცურავენ. დანია-შვედეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი წყალქვეშა გვირაბია. გვირაბის თავი ოთხი კილომეტრის სიგრძის ხელოვნურ კუნძულ პებერჰოლმზეა, რომელიც ხიდის მშენებლობისას ამოთხრილი მიწისა და ქვებისგან აიგო.

შვედებისა და დანიელების ეროვნული სიამაყის, ორესუნდის ხიდის მშენებლობა 1999 წლის 14 აგვისტოს დასრულდა, როცა ორივე ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები ხიდის შუაგულში შეხვდნენ ერთმანეთს. ხიდზე მოძრაობა ოფიციალურად 2000 წლის 12 ივნისს გაიხსნა. მას შემდეგ ორესუნდის სრუტის გადასასვლელი არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი მაღალი საფასურის გამო. თუმცა, ყოველდღე 12000 ავტომობილი და 50000 ადამიანი სარგებლობს ხიდითა და გვირაბით და ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *