რას ეძებ?

საზოგადოება ფილოსოფია

ოშო / მომავლის ადამიანის უფლებები

ოშო / მომავლის ადამიანის უფლებები

სინდისი მხოლოდ ღრმა მედიტაციის შედეგად იჩენს თავს – მაგრამ არა უფრო ადრე. სინდისი – ეს მედიტაციის გაფურჩქვნაა. მთელ მსოფლიოში, მთელი ისტორიის მანძილზე, ძალიან ცოტას ჰქონდა ცნობიერება და სინდისი. ეს ორი სიტყვა ერთსადაიმავე რამეს აღნიშნავს, მაგრამ რელიგიური ადამიანების შეცდომის გამო, ამ სიტყვებს, ყველა ენაში, გარდა ფრანგული ენისა, სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნიათ. მხოლოდ ფრანგულ ენაში აღინიშნება „ცნობიერება“ და „სინდისი“ ერთი და იგივე სიტყვით.

რელიგიები, მთელ მსოფლიოში, შეეცადნენ სინდისი და ცნობიერება ერთმანეთისაგან განეცალკევებინათ და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ცნობიერება მხოლოდ მედიტაციის შემდეგ მოდის. რამდენ ხანს შეიძლება მოატყუო ადამიანები?

ეს იმას ჰგავს, ოთახში რომ სინათლე შეიტანო. წყვდიადი ხომ მაშინვე გაიფანტება. როცა მედიტაციის მდგომარეობაში ხართ, თქვენ აცნობიერებთ და იაზრებთ.

მათ შემოიტანეს სხვა სიტყვა – „სინდისი“. სინდისი კი, ეს ის არის, რასაც თქვენ გასწავლით რელიგიაც და ეკლესიაც – რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის სათნოება და რა არის ცოდვა. მთელი ეს დარიგებები აყალიბებენ ჩვენს სინდისს. ეს ძალიან ეშმაკური ფანდი იყო – სინდისის და ცნობიერების განცალკევება. ცნობიერების გარეშე არ შეიძლება იყოს სინდისი. ცნობიერების გარეშე არ შეიძლება სინდისი არსებობდეს, მაგრამ მათ ცრუ, ხელოვნური სინდისი შექმნეს. მაგალითად, მე დავიბადე ძალიან ძველი რელიგიის გარემოში – ერთ-ერთი ყველაზე ძველი რელიგიის. ამ რელიგიას ცოტა მიმდევარი ჰყავს და მათაც აქვთ თავიანთი ცრურწმენები. – ეს არის ჯაინიზმი.

სანამ თვრამეტი წლის გავხდებოდი, ჩემს სახლში პომიდორი არასოდეს მინახავს. ნუთუ პომიდორი ასეთი სახიფათოა? მაგრამ იმის გამო, რომ ის თავისი ფერით ხორცს მოგვაგონებს, პომიდორი სახლიდან განდევნეს. სანამ თვრამეტი წლის გავხდებოდი, მე არასდროს არ მიჭამია საჭმელი ღამით, იმიტომ, რომ ამას რელიგია გვიკრძალავდა. საკვების მიღება მხოლოდ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე შუალედში შეიძლება. თუ ღამით შეჭამ, შეიძლება რომელიმე მწერი ან ჭიანჭველა გადაყლაპო საჭმელთან ერთად და ეს ხომ ძალადობაა. ამიტომ უკეთესია დღე ჭამო, როცა ყველაფერი კარგად არის განათებული.

როცა თვრამეტი წლის ვიყავი, ჩემი მეგობრები გაემგზავრნენ ციხე-სიმაგრის დასათვალიერებლად, რომელიც სულ რამდენიმე მილში იყო და მეც თან წამიყვანეს. ბორცვის მთლად მწვერვალზე ავედით. ეს მშვენიერი ძველი ციხე-სიმაგრე გახლდათ და სანახავი მასში ბევრი იყო. ჩვენ უბრალოდ დრო არ გვქონდა საჭმელი მოგვემზადებინა.

და მე ვთქვი: „მოდით სასწრაფოდ რაღაც საჭმელი მოვამზადოთ. მზე მალე ჩავა. მე ძალიან მშიერი ვარ და თქვენც ალბათ გშიათ მთელი დღის განმავლობაში მთაზე ძრომიალის შემდეგ“. მაგრამ მათ მიპასუხეს: სანამ მზე არ ჩავა, ჩვენ არ გვინდა დრო დავკარგოთ. საჭიროა კიდევ რაღაცები ვნახოთ“.

მე ვიყავი ერთადერთი მათ შორის, ვინც მიჩვეული არ იყო მზის ჩასვლის შემდეგ ჭამას. ყველა დანარჩენი საღამოობით ჭამდა, ამიტომ მათ პრობლემა არ შექმნიათ. ცხრა თუ ათი საათისთვის ძალიან გემრიელმა საჭმელმა მოგვისწრო… მე კი ისეთი მშიერი ვიყავი მთელი დღის შიმშილობისა და მთაში სიარულის შემდეგ – მაგრამ არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი.

და მე ვთქვი: „ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ადრე ღამით არასოდეს მიჭამია. ის რელიგია კი, რომელსაც წილად მხვდა უბედურება ვეკუთვნოდე, ამტკიცებს, რომ თუ მზის ჩასვლის შემდეგ საჭმელს შეჭამ, ჯოჯოხეთში მოხვდები. მე არ მინდა ერთხელ ჭამის გამო ჯოჯოხეთში წავიდე, მაგრამ ისე მშია, რომ დაძინება არ შემიძლია. გარდა ამისა, თქვენს საჭმელს ისეთი გემრიელი სუნი ასდის“…

მათ დაიწყეს ჩემი დარწმუნება. შემპირდნენ, რომ ჩემს მშობლებს არაფერს არ ეტყოდნენ და ვერავინ ვერ გაიგებდა, რომ მე ღამით ვჭამე.

მაგრამ მე ვუპასუხე, რომ საქმე სხვა რამ იყო და არა ჩემი მშობლები. „საქმე ისაა, მე თვითონ მეცოდინება რომ ღამით ვჭამე. თქვენ შეგიძლიათ მთელ მსოფლიოს მოუყვეთ და მე ეს არ მაღელვებს. უბრალოდ ვერც კი წარმომიდგენია, რომ მე, მას შემდეგ, რაც ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მკაცრად ვიცავდი წესებს, საჭმელი ღამით ვჭამო.

მაგრამ მათ გამაფრთხილეს და სწორადაც მოიქცნენ. მე ვჭამე, მაგრამ შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში დაძინება ვერ შევძელი. მთელი ღამე მაღებინებდა. ჩემს გარდა არავის არ აღებინებდა. ჩვენ სულ ოცნი ვიყავით და ყველას მშვიდად ეძინა. ისინი დაიღალნენ და კარგად იყვნენ დანაყრებული. მე კი მთელი ღამე ვერ დავიძინე. ისევ და ისევ მაღებინებდა. და სანამ მთლიანად არ გავთავისუფლდი მიღებული საკვებისაგან, დაძინება ვერ შევძელი. მხოლოდ დილის ხუთ საათზე ჩამეძინა.

და მაშინ მე ვიფიქრე, რომ ღამით ჭამა იქნებ მართლა სახიფათო იყო. მე ხომ მხოლოდ ერთხელ ვჭამე და მთელი ღამე ჯოჯოხეთად გადამექცა. მაგრამ ადამიანები ხომ მთელ მსოფლიოში ჭამენ გვიან ღამით. თუ ეს ასეა, მაშინ მთელი სამყარო ჯოჯოხეთის გზას დაადგება. ყველა ჩემს მეგობარს კი მშვიდად სძინავს. არავის არაფერი არ დამართნია. ესე იგი საჭმელი კარგი იყო, რადგან, ჩემს გარდა, არავის არ აღებინა. ესე იგი, რაღაც ვერ არის კარგად ჩემს აღზრდასთან დაკავშირებით. ეტყობა რაღაც არასწორი ცნებები ჩამინერგეს.

მაგრამ, როცა რაღაც აუცილებლად არის აღიარებული, გამომუშავდება ცრუ სინდისი, რომელიც გამუდმებით ჩაგძახით თქვენა: „გააკეთე ეს, არ გააკეთო ის“. მაგრამ ეს ცნობიერება არ არის.

ცნობიერებამ მხოლოდ იცის რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. არჩევანის პრობლემა არ არის. ცნობიერება – ეს არის მდგომარეობა, რომელშიც არჩევანი არ არის. თქვენ უბრალოდ იცით როგორ მოიქცეთ.

მაგრამ თქვენ სინდისით არ იბადებით. ის რელიგიებმა შექმნეს და მათ მიერ შობილი სინდისით ადამიანების ექსპლუატაციას ეწევიან. დადგა დრო, როცა უარი უნდა ვთქვათ სიტყვაზე „სინდისი“, იმიტომ, რომ ის ხანგრძლივ წარსულთან ასოცირდება და არასწორი დამატებითი მნიშვნელობა აქვს. უნდა გამოვიყენოთ სიტყვა „ცნობიერება“, მაგრამ ცნობიერება, ეს თქვენი აბსოლუტური დუმილის მდგომარეობის არომატია. ის ადამიანს დაბადებით არ ეძლევა.

რა თქმა უნდა, როცა თქვენ ცნობიერებას აღწევთ, თითქოს ხელახლა იბადებით. სწორედ ამას გულისხმობდა ქრისტე, როცა ნიკოდემეს ეუბნებოდა:

„სანამ ხელახლა არ დაიბადები, შენ მე ვერ გამიგებ“.

ქრისტე მომდევნო ცხოვრებას არ გულისხმობდა. ის ლაპარაკობდა იმაზე, რომ აუცილებელია საკუთარი ცნობიერების ტრანსფორმირება, ცნობიერების გაზრდა. „მხოლოდ მაშინ შეძლებ შენ მე გამიგო“.

თუ თქვენ გაგაჩნიათ ცნობიერება, შინაგანი მდუმარება, შინაგანი მდუმარება და მედიტაციურობა, მაშინ თქვენ არ გაქვთ აუცილებლობა ამტკიცოთ, რომ კაცობრიობა ერთიანია. ეს ხომ ასეა და საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი. და მაშინ იქნება არა მხოლოდ ძმობა, არამედ დობაც. მაგრამ ეს უკვე ცნობიერებიდან გამომდინარე შედეგია: და არ არის აუცილებელი ის ადამიანის ძირითად უფლებად გამოაცხადოთ.

© ოშო / მომავლის ადამიანის უფლებები

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *