რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ბაობაბი: მადაგასკარი, ბაობაბების ხეივანი

ბაობაბი - ბაობაბების ხეივანი, მადაგასკარი

მსოფლიოში ნაკლებად ცნობილ ბაობაბების ხეივანს ჯერ მხოლოდ დროებით მიანიჭეს დაცული ტერიტორიის სტატუსი; ხეივანი არც მედიის ყურადღების ცენტრშია და არც ისე კეთილმოწყობილია, რომ ტურისტები მიიზიდოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი ჩადის უბრალო, ტალახიანი გზის სანახავად, ბაობაბეს შორის რომ მიიკლაკნება.

ბაობაბების ხეივანი აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კუნძულ მადაგასკარზე, მენაბეს რეგიონში, ქალაქ მორონდავსთან ახლოს მდებარეობს. აქ ყველაზე დიდი, იშვიათი და ლამაზი ბაობაბები ხარობს. აფრიკაში ბაობაბები ბევრგან გვხდება, მაგრამ ეს ჯიში (Adansonia grandideri) გადაშენების პირასაა და მხოლოდ მადაგასკარზე იზრდება. ხეივანი ლანდშაფტს სამეცნიერო ფანტანსტიკის ჟანრის ფილმის იერს აძლევს. ხეები აქ 30 მ სიმაღლის იზრდება და გამორჩეულად მსხვილი და სწორი ღერო აქვს.

ჩვეულებრივ, ბაობაბი ნაკლებდატოტვილია და დიდი მოცულობის, თითქმის 120 000 ლიტრ წყალს ინახავს მსხვილ ღეროში, რათა მადაგასკარის ათი გვალვიანი თვის განმავლობაში იმყოფინოს. ყველზე დიდი ბაობაბის ღეროს დიამეტრი 11 მეტრია. ეს ხე თითქმის 800 წელიწადს ცოცხლობს. ადგილობრივებმა ტყეები საყანედ გაკაფეს, თუმცა, ბაობაბები დატოვეს, რადგან ამ ხეს მადაგასკარში პატივს სცემენ და „ტყის დედას“ უწოდებენ.

დღეს ბაობაბები ბრინჯისა და შაქრის ლერწმის ყანებითაა გარშემორტყმული. პლანტაციების გაფართოებასთან ერთად ეს ხეებიც საფრთხეში აღმოჩნდნენ. ადგილობრივთა თქმით, ამ ადგილას ჯერ კიდევ მათ ახალგაზრდობაში უფრო მეტი ბაობაბი ხარობდა. 2007 წელს მადაგასკარის მთავრობამ ბაობაბების ხეივანი დროებით დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა და ამით პირველი ნაბიჯი გადაიდგა ბაობაბების ხეივნის ქვეყნის პირველ ეროვნულ ძეგლად გამოცხადებისკენ.

ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად ადგილობრივები ტრადიციულ საოფლო-სამეურნეო საქმიანობას თავს ანებებენ და ეკოტურიზმში ერთვებიან. ჯერჯერობით ბაობაბების ხეივანი ღია ადგილია, მისი ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია. მცირე თანხა მხოლოდ სუვერინების გაყიდვით თუ შემოდის. სავარაუდოდ, ბაობაბების ხეივანი მალე გამოცხადდება ეროვნულ პარკად და ამით ამ დიდებული ხეების შენარჩუნება შესაძლებელი გახდება.

ტეგები: ბაობაბი, აფრიკა, მადაგასკარი, საინტერესო, ხეები, ხეივანი, madagaskari, baobabi, afrika, aprika, xeivani

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *