ბურჯ-ხალიფა: მსოფლიოს უდიდესი შენობა
828 მ სიმაღლის ბურჯ-ხალიფა, ანუ ხალიფას კოშკი (არაბ.:برج خليفة) 2020 წლის მონაცემებით ადამიანის მიერ შექმნილი მსოფლიოს უდიდესი შენობაა. ბურჯ-ხალიფა რეკორდსმენია სართულების რაოდენობის (160), უმაღლესი სათვალიერებელი პლატფორმის (422 მ სიმაღლეზე, 124-ე სართულზე) და უმაღლესი საცურაო აუზის (76-ე სართულზე) მიხედვითაც. კოშკის წვეტი იმსიმაღლეა, რომ 96 კილომეტრის მანძლიდანაც ჩანს.
ბურჯ-ხალიფა Skidmore, Owings and merrill-მა დააპროექტა. ამავე კომპანიის აშენებულია მსოფლიოს სხვა მაღალი ცათამბრჯენები: ნიუ-ორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და ჩიკაგოს „უილის თაუერი“. ორივე ცათამბრჯენი მსოფლიოს უმაღლესი შენობის ტიტულის წინა მფლობელი იყო.
ბურჯ-ხალიფას შენებისას არქიტექტორებს არაერთი პრობლემა შეექმნათ. ჯერ ერთი, ამსიმაღლე შენობა არავის აეშენებინა და მეორეც – დუბაი ხომ მიწისძვრის, შტორმებისა და ქარიშხლის ქალაქია (ძლიერ ქარში ბურჯ-ხალიფას წვეტი 2 მეტრზე ირხევა). ამიტომ არქიტექტორებმა სპეციალურად ბურჯ-ხალიფასთვის სრულიად ახალი სამშენებლო მეთოდი, „კონტრფორსის ბირთვი“, შეიმუშავეს. კონტრფორსით გამაგრებული ბირთვი სამი გარეთა კოშკის განუყოფელი ნაწილია. არქიტექტორება ინოვაციური მეთოდების შერწყმით წარმოუდგენელი და ჯერჯერობით უსაფრთხო შენობის აშენება შეძლეს. ბუჯ-ხალიფა დასავლური და ისლამური არქიტექტურის ჰარმონიული ნაზავია.
უდაბნოს ყვავილის, ჰიმენოკალისის ფურცლები ბურჯ-ხალიფის საყრდენის შთაგონების წყაროდ იქცა. ცათამბრჯენი ცენტრალური ბირთვის გარშემო შემოწყობილი, Y-ს ფორმის სამი სექციისაგან შედგება. ამგვარად სპარსეთის ყურის ხედი მაქსიმალურად გაფართოებულია. ყოველი სექცია თავბრუდამხვევი სიმაღლისაა და სპირალურ ეფექტს ქმნის. ამრეკლავი მინის, უჟანგავი ფოლადის ფურცლებისა და ალუმინის 28000 პანელის მიღმა ათასზე მეტი მდიდრული ბინაა, 49-ე სართული სხვადასხვა დაწესებულების ოფისებს უკავია. გარდა ამისა, ბურჯ-ხალიფაში 160-ნომრიანი სასტუმროც არის განთავსებული.
კოშკის შენება 2004 წელს დაიწყო და თავიდან მისთვის ბურჯ-დუბაის დარქმევას აპირებდნენ. თუმცა, მშენებლობას გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოუსწრო და ცათამბრჯენის დასასრულებლად დუბაიმ ფინანსური დახმარება ნავთობით მდიდარ მეზობელს, აბუ-დაბის სთხოვა. პატივისცემის ნიშნად, კოშკს აბუ-დაბის ამირას, ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის სახელი უწოდეს. ბურჯ-ხალიფა 2010 წლის 4 იანვარს ულამაზესი ფოიერვერკის თანხლებით ოფიციალურად გახსნა დუბაის მმართველმა, შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკრუმმა.