ჩიჩენ-იცა: მაიას ტომელთა დიდებული ტაძარი-ქალაქი
მაიას ტომელთა დიდებული ტაძარი-ქალაქი ჩიჩენ-იცა არქიტექტურული საოცრებების საგანძურია. ის 2007 წელს „მსოფლიო ახალ შვიდ საოცრებათა“ შორის შეიყვანეს. მის არქიტექტურაში ყველაზე გამორჩეულია ფრთოსანი გველის ღვთაების, კუკულკანის ტაძარი – საფეხუროვანი პირამიდა, რომელიც გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას ფრთოსანი გველის ფორმის ჩრდილს ჰფენს.
ჩიჩენ-იცა იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ შუაგულში, დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. სავარაუდოდ, ეს ადგილი ჯერ კიდევ 8000 წლით ადრე იყო დასახლებული, სანამ ახ.წ. 600 წლისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრად იქცეოდა.
ადრეული მოსახლეები ალბათ წყლით სავსე ორმა დიდმა ღრმულმა („სენოტი“) მიიზიდა. სხვათა შორის, სახელი ჩიჩენ-იცა ასე ითარგმნება: „იცას ჭის პირას“. „იც“ ერთდროულად „ჯადოსნურსაც“ ნიშნავს და „წყალსაც“. „ჯადოსნურ წყალს“ ალბათ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქისთვის. ერთ-ერთ ჭას – „წმინდა სენოტს“ – მრავალი მსხვერპლი შესწირეს. როცა XX საუკუნის დასაწყისში ჭა ამოწმინდეს, ფსკერიდან ადამიანის ნაშთებთან ერთად თიხის ნაკეთობები და სამაკულებიც ამოიღეს.
თითქმის 400 წლის მანძილზე, სანამ დაახლოებით 1000 წლიდან დაღმავლობა დაიწყებოდა, ჩიჩენ-იცა მაიას ხალხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქ-სახელმწიფო იყო. ამ პერიოდში აშენდა მაიას ცივილიზაციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები. ქალაქის ცენტრში დგას 27,5 მეტრის სიმაღლის კუკულკანის ტაძარი – მაიას ტომების არქიტექტურული და ასტრონომიული ცოდნის თვალსაჩინო ნიმუში.
გარდა იმისა, რომ დღეღამტოლობისას მის ჩრდილს ღვთაების ფორმა აქვს, ტაძარი ბუნიობებზეც არის მორგებული. მის ოთხივე კედელს ზუსტად 91 საფეხური აუყვება. თუ ბოლო, სულ ზედა საფეხურს მივათვლით, 365 საფეხურს მივიღებთ, რაც წელიწადის თითო დღეს შეესაბამება. ტაძარი მეორე, უფრო გრძელ ნაგებობაზეა დაშენებული. რომელიც 1930 წელს აღმოაჩინეს. მის წინ ღვთაება ჩაქმულის ქანდაკება დგას.
კიდევ ერთი შენობა, რომელიც მაიას ხალხის ასტრონომიაში განსწავლულობის დემონსტრირებას ახდენს, ობსერვატორიაა. ამ შენობაში ფანჯრები ისე იყო განლაგებული, რომ დამკვირვებელს ციური სხეულებისთვის თვალყურის დევნება შესძლებოდა. ტაძრების შუაში საბურთაო მოედანი იყო, სადაც თამაშობები იმართებოდა. ქვაზე ამოკვეთილი რელიეფი, თუ როგორ უყურებენ მოწინააღმდეგე გუნდის წევრები მოთამაშისთვის თავის მოკვეთას, ამ მოედანზე გამართული სპორტული ღონისძიებების რელიგიურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ მსხვერპლი დამარცხებულის კი არა, გამარჯვებული გუნდი კაპიტანი იყო. გამარჯვება მას ღირსეულ მსხვერპლად ქცევდა.
უცნობია, რამ გამოიწვია ქალაქის დაღმასვლა. როგორც ჩანს, ახალი ათასწლეულის დასაწყისში ჩიჩენ-იცას მოსახლეობა სხვაგან გდასახლდა, თუმცა, ქალაქს რელიგიური ცერემონიებისთვის მაინც იყენებდნენ.
დღეს ჩიჩენ-იცა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და რესტავრაცია უტარდება. ყოველწლიურად მისი სილამაზისა და სრულყოფილების ცქერით მრავალი ათასი ტურისტი ტკბება.