რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ჩრდილოეთის ციალი – „ავრორა ბორეალისი“

ჩრდილოეთის ციალი

ჩრდილოეთის ციალი, ანუ „ავრორა ბორეალისი“ როგორც მეცნიერები უწოდებენ, გასაოცარი ბუნებრივი სანახაობაა, რომელიც ჩრდილოეთის პოლარულ ცას არაამქვეყნიური სილამაზის სინათლის ფარდებით ამკობს. ვისაც ჩრდილოეთის ციალი უნახავს, მას მისტიკურს უწოდებს და გასაკვირი არაა, რომ ამ უჩვეულო, ჩუმმა სანახაობამ მრავალ მითსა თუ ლეგენდას დაუდო სათავე. ჩრდილოეთის ციალი მაღალ განედებში, მეტწილად, ჩრდილოეთის პოლარულ წრეში ჩანს.

სახელი „ავრორა ბორეალისი“ განთიადის რომაული ქალღმერთის, ავრორასა და ბერძნული სიტყვა „ბორეასისგან“ („ჩრდილოეთის ქარი„) წარმოდგება. მწვანე, ლურჯი, წითელი და იისფერი სხივების თამაშს მრავალი ცივილიზაცია ღმერთებსა და სულებს მიაწერდა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში, კრის ტომის ინდიელები ჩრდილოეთის ციალს „სულების ცეკვას“ უწოდებდნენ, ხოლო სკანდინავიურ მითოლოგიაში მიაჩნდათ, რომ ცაზე ვალკორიების (მეომარი ქალების) აბჯარი ბზინავდა, რომლებსაც მოკლული მეომრები ბრძოლის ველიდან ვალჰალაში მიჰყავდათ.

რასაკვირველია, ჩრდილოეთის ციალი ბუნებრივი ფენომენია, თუმცა, მისი წარმოქმნის მიზეზი ბოლომდე გაურკვეველია. ციალი დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე აღინიშნება მზის აქტივობისას გამოტყორცნილი დამუხტული ელექტრონებისა და იონების (მზის ქარის) ნაკადის მაგნიტურ ველთან და ატმოსფერულ აირთან ურთიერთქმედებისას. რაც უფრო მაღლა ხდება ატმოსფეროდან ურთიერთქმედება, ნათება უფრო წითელია, დაბალ სიმაღლეზე – მწვანე, ლურჯი ან იისფერი. ვინაიდან მზის ქარები დედამიწისთვის იშვიათობა არაა, ჩრდილოეთის ციალი ყველაზე ინტენსიური აქტივობაა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჩრდილოეთის მაღალ განედებში წელიწადის ყველაზე ცივ თვეებში სტუმრები კვირობით ელოდებიან ჩრდილოეთის ციალის გამოჩენას. მზის ქარი ყველაზე სწრაფი და ძლიერი ადრეული სექტემბრიდან ადრეულ მარტამდეა.

ჩრდილოეთის ციალი ლოდინად ღირს – სტუმრები გაწბილებულები არასდროს რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მიუწვდომელ სიმაღლეზე მიმდინარეობს, მნახველებს ეჩვენებათ, რომ იქამე არც ისე შორია. ცას მოელვარე ფარდები ეკვრის და ზოგჯერ მაღალი სიჩქარით მოძრავი სინათლის სხივების ნაკადი ეჯახება; მოელვრე ღრუბლები ხან არ მოძრაობენ, ხან ცაზე გადაიქროლებენ და გაქრებიან; მერე ისევ ჩნდებიან… ზოგჯერ დედამიწას სინათლის დიდი შუბები „დაეძგერება“ ხოლმე. ამ გასაოცარ სანახაობას მნახველები მონუსხულები და აღრფთოვანებულები შესცქერიან. ადვილი მისახვედრია, რატომ ეგონათ ჩვენს წინაპრებს, რომ ამ ნათებას სულები და ზებუნებრივი არსებები იწვევდნენ: ჩრდილოეთის ციალი თითქოს ცოცხალი არსებაა და საკუტარი ცხოვრებით ცხოვრობს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *