რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

გრანდ-ტიტონის ეროვნული პარკი

გრანდ-ტიტონის ეროვნული პარკი აშშ-ის ყველაზე მომხიბლავი ბუნებრივი ნაკრძალია. მის მშვიდ ტბებს, ღელეებსა და მდინარეებს ტიტონის ქედის კლდოვანი მწვერვალები დაჰყურებს ზემოდან. აქ 1000-მდე სახეობის მცენარე იზრდება, დაწყებული მაღალი ფიჭვებით, ტბისპირა ტირიფებითა და მინდვრის ყვავილებით, დამთავრებული დელიკატური ალპური ყვავილების „ხალიჩთ“. გრანდ-ტიტონი იელოუსთოუნის ეკოსისტემის ნაწილია და დედამიწის ზომიერ სარტყლებში მდებარე მსოფლიოს უდიდეს ხელუხლებელ ლანდშაფტს ქმნის.

გრანდ-ტიტონის ეროვნული პარკი ვაიომინგის შტატის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს. მისი ფართობი 1250 კმ2-ია. პარკის ხერხემალია გრანდ-ტიტონის ქედი – კლდოვანი მთების ერთ-ერთი მონაკვეთი. ქედის უმაღლესი მწვერვალია გრანდ-ტიტონი, რომლის სიმაღლე 3650 მეტრს აჭარბებს. მთები შთამბეჭდავ ფონს ქმნის, მით უმეტეს, რომ რაც უნდა უცნაური იყოს, მთისწინეთი არ გააჩნია – ტრიალი მინდვრები და ტყეები უეცრად მაღლდება და ყინულოვანი ხეობებით დარარულ მთებად იქცევა.

მთების ძირში ტბების ჯაჭვია. მათ შორის უდიდესია ჯექსონი. დაახლოებით 25 კმ სიგრძისა და 11,25 კმ სიგანის ჯექსონი ბოლო გამყინვარების ეპოქაში მყინვარებისგან წარმოიქმნა და დღესაც დამდნარი თოვლითა და ყინულით იკვებება. სამხრეთით შედარებით მცირე ტბები – ლი, სტრინგი, ჯენი, ბრედლი, ფელპსი და ტაგარტი – მდებარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი მკაცრია და მიწა დეკემბრიდან აპრილამდე თოვლითაა დაფარული, აქ მაინც მრავალი სახეობის ფრინველი და ცხოველი ბინადრობს. გრანდ-ტიტონის ეროვნულ პარკში, მის მიმდებარე ტყეებსა და მეზობელ იელოუსთოუნში გვხდება დათვი ბარიბალი, გრიზლი; აგრეთვე მგლები, კოიოტები, პუმები; მწვანე მინდვრებზე ამერიკული ბიზონების ჯოგი ბალახობს; ცაში თეთრთავა ფსოვები და მთის არწივები დაფრინავენ, ხოლო ზაფხულის თბილ თვეებში პარკს პაწაწინა კოლიბრი – კალიოპე სტუმრობს.

გრანდ-ტიტონის ტერიტორია ამერიკელი აბორიგენებისთვის ათასობით წლის განმავლობაში სავაჭრო ადგილი იყო და XVIII-XIX საუკუნეებში ბეწვიან ცხოველებზე მონადირეები მომრავლდენ. 1929 წლიდან ეს ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა და ნადირობა აიკრძალა. მსოფლიოს ამ უმშვენიერეს გარემოში მოწყობილია ტურისტული ცენტრები, 320-კილომეტრიანი სალაშქრო გზები და ბანაკები.

გრანდ-ტიტონი - აშშ
გრანდ-ტიტონის ეროვნული პარკი - ვაიაომინგი, აშშ
გრანდ ტიტონის ეროვნული პარკი. აშშ
გრანდ ტიტონი - აშშ - ბუნებრივი ნაკრძალი
ბიზონი - გრანდ-ტიტონის ეროვნული პარკი - აშშ - ვაიაომინგი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *