ილონ მასკი წერს, რომ კომპანია Tesla გაკოტრებას გადაურჩა
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Tesla გაკოტრებას გადაურჩა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი ავტომწარმოებელია.
Twitter-ზე კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ილონ მასკი წერს, რომ კომპანიას გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთებისგან სულ რაღაც ერთი თვე აშორებდა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის ცდილობდა ბაზარზე გამოეყვანა ახლა უკვე “ბესთსელერი“ მოდელი – Model 3.
“ყველაზე ახლოს, ერთი თვე გვაშორებდა გაკოტრებას. Model 3-ის წარმოდგენა ბაზარზე იყო უდიდესი სტრესი და ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში – 2017 წლის შუა პერიოდიდან 2019 წლის შუა პერიოდამდე. წარმოება და ლოგისტიკა ჯოჯოხეთია“, – განაცხადა ილონ მასკმა.
იმ პერიოდში Tesla განიცდიდა სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს და დანაკარგებს. ეს ადრეც ცნობილი იყო, თუმცა, მასკს ამდრომდე არასოდეს უთქვამს, რომ კომპანია გაკოტრების პირას იყო. თუმცა, 2018 წლის აპრილში “ტყუილების დღეს“ მან Twitter-ზე გაკოტრებასთან დაკავშირებით იხუმრა.
დღეს, Tesla უკვე ძლიერი კომპანიაა, მდგრადი და მზარდი შემოსავლებით. შესაბამისად ეს ყველაფერი საფონდო ბირჟებზეც აისახა. მიმდინარე წელს Tesla-ს აქციები 400%-ზე მეტით გაიზარდა. ილონ მასკმა კი უმდიდრესი ადამიანების სიაში კიდევ უფრო წინ წაიწია და რიგით მეოთხე ადგილი დაიკავა. ის ამჟამად $90 მილიარდზე მეტის მფლობელია და ამ მაჩვენებლით საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანს, ბერნარ არნოს გადაუსწრო.
Tesla ამ ეტაპზე ელექტრო მანქანების ინდუსტრიაში წამყვან ადგილს იკავებს და თვითმავალი მანქანების შექმნაზე მუშაობს. ჯერ კიდევ 2018 წელს კომპანიის მიზანს წარმოადგენდა კაპიტალის $650 მილიარდამდე გაზრდა. — ეს იმაზე 12-ჯერ მეტია, ვიდრე იმდროინდელი Tesla-ს და General Motors-ის ღირებულება ერთად აღებული. დღეისთვის კი Tesla-ს ღირებულება General Motors-ისაზე რვაჯერ მეტია.