რას ეძებ?

სიახლეები სპორტი

„ოქროს ბურთი“ 2026 – რატომ გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას შანსები

„ოქროს ბურთი“ 2026 – რატომ გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას შანსები

მას შემდეგ, რაც პრესტიჟული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის გარეკანზე ხვიჩა კვარაცხელია წარწერით – „ოქროს ბურთის კანდიდატი“ – გამოჩნდა, აშკარა გახდა, რომ მისი შანსების შესახებ დისკუსია ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ეკიპის“ მიერ წამოწყებული კამპანია მოგვიანებით ფრანგულმა ჟურნალმა Onze Mondial-მაც აიტაცა. საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აშკარა ფავორიტის არყოფნის ფონზე შესაძლოა 1978 წლის პრეცედენტი განმეორდეს და „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული „ოქროს ბურთი“ იმ ფეხბურთელს ერგოს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ არ უთამაშია.

რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება და რას ეფუძნება ფრანგულ მედიაში დაწყებული კამპანია კვარაცხელიას მხარდასაჭერად?

ბევრის აზრით, L’Equipe-მა ეს თემა მას შემდეგ გააქტიურა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ფრანგი ფავორიტებიდან – კილიან მბაპე, უსმან დემბელე და მაიკლ ოლისე – ვერც ერთი ვერ იქცეოდა აშკარა გამარჯვებულად, თუ შეფასების მთავარ კრიტერიუმად სწორედ მუნდიალს ჩავთვლიდით.

ამ სამეულში ყველაზე ძლიერი პოზიცია მბაპეს აქვს, თუმცა ბუკმეკერები მასზე წინ ჰარი კეინსა (ინგლისი) და ლამინ იამალს (ესპანეთი) აყენებენ. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა როდრის შანსებიც, რომლის გამარჯვების ალბათობა უკვე უფრო რეალურად ფასდება, ვიდრე დემბელესა და ოლისესი.

სწორედ ამიტომ, გამოცემამ, რომელიც წარსულში კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით არ გამოირჩეოდა, ყურადღების ცენტრში პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი მოაქცია. ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული ლოგიკაც ნამდვილად იკვეთება.

„ეკიპის“ შეფასებით, 1978 წლის პრეცედენტის გამეორების ალბათობა გაიზარდა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატმა ერთმნიშვნელოვანი ფავორიტი ვერ გამოკვეთა. ასეთ ვითარებაში ხმები სხვადასხვა კანდიდატზე გადანაწილდება, რაც კვარაცხელიას სასარგებლოდ შეიძლება აისახოს. მით უმეტეს, რომ ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

„ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა, სეზონი შესანიშნავად დაიწყოს და ამით საკუთარი შანსები კიდევ უფრო გაზარდოს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში“, – წერს L’Equipe.

რამდენად რეალურია ასეთი სცენარი?

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა აღინიშნოს: ეს მოსაზრება ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას ეფუძნება, თუმცა შესაძლოა პრაქტიკაში გარკვეული გავლენა მაინც იქონიოს.

საქმე ის არის, რომ „ოქროს ბურთის“ რიგით 70-ე ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. უკვე მეხუთე წელია, გამარჯვებული კალენდარული წლის ნაცვლად სეზონის მიხედვით განისაზღვრება. შესაბამისად, შეფასების პერიოდი მოიცავს 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან 2026 წლის 31 ივლისამდე მონაკვეთს.

ეს ნიშნავს, რომ ახალი სეზონის წარმატებული სტარტი წესით მიმდინარე კენჭისყრაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს — ის უკვე მომდევნო „ოქროს ბურთის“ გათამაშებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

თუმცა ერთი არის რეგლამენტი და მეორე — რეალობა.

გამარჯვებული ჟურნალისტების ხმის მიცემით ვლინდება. თითოეული ჟურნალისტი ფიფას რეიტინგის TOP 100 ქვეყნის წარმომადგენელია და ისინი საკუთარ საუკეთესო ათეულს ასახელებენ. პირველ ადგილს 15 ქულა ენიჭება, შემდეგ — 12, 10, 8, 7, 5, 4, 3, 2 და 1 ქულა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმის მიცემის პერიოდს. მისი ზუსტი თარიღი საჯაროდ, როგორც წესი, არ ქვეყნდება, თუმცა პროცესი ვერ დაიწყება მანამდე, სანამ „ფრანს ფუტბოლი“ 30 ნომინანტის საბოლოო სიას არ გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, ეს აგვისტოს პირველ ნახევარში მოხდება, ხოლო თავად კენჭისყრა აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.

ამ დროისთვის ახალი სეზონი უკვე დაწყებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა ოფიციალურად მხოლოდ გასული სეზონი უნდა შეაფასონ, ადამიანური ფაქტორის გამორიცხვა შეუძლებელია. თუ კვარაცხელია სეზონს ბრწყინვალედ დაიწყებს, ეს, შესაძლოა, ქვეცნობიერად მაინც აისახოს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე.

გასულ წელს „ოქროს ბურთი“ ხვიჩას თანაგუნდელმა, უსმან დემბელემ მოიგო. კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის იყო და საბოლოოდ 123 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა.

2023 წელს ქართველი ფეხბურთელი ნომინანტთა სიაში პირველად მოხვდა. მაშინ მან 6 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე გავიდა, ხოლო გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა.

ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი დღემდე რამაზ შენგელიას ეკუთვნის — 1981 წელს მან მე-7 ადგილი დაიკავა. იმავე წელს ალექსანდრე ჩივაძე მერვე იყო, დავით ყიფიანმა კი საზიარო მე-11 ადგილი დაიკავა. იმ სეზონის გამარჯვებული გერმანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე გახდა.

მოიგებს თუ არა კვარაცხელია „ოქროს ბურთს“, ამას დრო აჩვენებს, თუმცა ერთი რამ თითქმის უეჭველია — არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაახლოებით 99%-იანი ალბათობით, 2026 წელს ის ქართველი ფეხბურთელებისთვის ამ ჯილდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *