რა მეტსახელი შეურჩია ფრედი მერკურიმ ელტონ ჯონს
ელტონი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვისთანაც ფრედიმ კონტაქტი სიცოცხილის ბოლომდე შეინარჩუნა. ლეგენდარულ მუსიკოსებს ერთმანეთთან აკავშირებდათ მრავალწლიანი მეგობრობა. თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია, რომ ფრედი მერკური თავის გარემოცვასთან გaნსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩეოდა, ხშირად ანებივრებდა მათ, მართავდა სხვადასხვა წვეულებებს, ზრუნავდა მათ გახალისებაზე, ხოლო ზოგიერთ მთგანს მეტსახელიც კი შეურჩია.
გამოცემა Mirror-ის ცნობით, ბრიტანელ მუსიკოსებს, ფრედისა და ელტონს ჰყავდათ წარმოსახვითი ეგოები, რომლებიც დრაგ ქუინები იყვნენ. ფრედი ჯონს შერონს ეძახდა, ის კი “ქუინის” სოლისტს მელინდას. ფრედი სწორედ შერონით იხსენიებს ელტონს მისალოც ბარათში, რომელიც ჯონმა შობა დღეს, მერკურის სიკვდილის შემდეგ მიიღო.
“ძალიან დამწუხრებული ვიყავი მისი გარდაცვალების გამო, რა დროსაც კარზე მომიკაკუნა მეგობარმა და ბალიშის პირში გახვეული რაღაც მომაწოდა. როდესაც გავხსენი, შიგნით ჩემი საყვარელი ბრიტანელი მხატვრის, ჰენრი სკოტ ტუკის ნამუშევარი დამხვდა. ამ ნახატთან ერთად მივიღე ბარათიც, რომელზეც იყო წარწერა – ძვირაფასო შერონ, ვიფიქრე, მოგეწონებოდა. სიყვარულით, მელინა”, – იხსენებდა ელტონი.
ასევე აღსანიშნავია, რომ საპირისპირო სქესის სახელები ფრედის კიდევ რამდენიმე ახლობელი ადამიანისთვის ჰქონდა შერჩეული. ის მეგისა და ლიზის ეძახდა “ქუინის” წევრებს, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორს. მერი ოსტინს კი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და ყოფილი შეყვარებული იყო სტივი შეარქვა, ხოლო ბრიტანელ მუსიკოს როდ სტიუარტს მითოლოგიური გმირის სახელით, ფილიდათი მოიხსენიებდა.
ფრედი მერკურისა და ელტონ ჯონს ერთობლივი კომპოზიცია არ გაუვრცელებიათ. თუმცა, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში როდ სტიუარტმა გაამხილა, რომ მუსიკოსები გეგმავდნენ სუპერჯგუფის შექმნას, რომლის სახელი Nose, Teeth & Hair (ცხვირი, კბილები და თმა) უნდა ყოფილიყო.
ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. ელტონმა 1992 წელს უემბლის სტადიონზე გამართულ, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც შეასრულა კომპოზიცია The Show Must Go On “ქუინის” წევრებთან ერთად. BRIT Awards-ის ცერემონიაზე 1995 წელს ელტონ ჯონს მერკურის სახელობის ჯილდო გადაეცა.