რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

სერ უილიამ უოლესი / რეალური ისტორია

სერ უილიამ უოლესი / რეალური ისტორია

სერ უილიამ უოლესის რეალური ცხოვრება განსხვავდება მელ გიბსონის “მამაცი გულის” პერსონაჟის თავგადასავლებისგან. დაიბადა დაახლოებით 1270 ელდერსლიში (შოტლანდია). მისი გვარის მნიშვნელობა ძველინგლისურად არის “უცხოელი” ან “უელსელი”.

როცა უოლესი იზრდებოდა, შოტლანდიას განაგებდა ელიგზანდერ მესამე. მისი მმართველობა მშვიდობიანი პერიოდი იყო. ასე გრძელდებოდა მის გარდაცვალებამდე, 1286 წლამდე. მისი მემკვიდრე მარგარეტი მცირეწლოვანი იყო და ნორვეგიაში იმყოფებოდა, ამიტომ შოტლანდიელმა ლორდებმა დროებითი რეგენტები (მეურვეები) დანიშნეს.1290 წელს მარგარეტი შოტლანდიაში დაბრუნებისას ავად გახდა და გარდაიცვალა, შოტლანდიის ტახტი კი მემკვიდრის გარეშე დარჩა. ამ პერიოდში ტახტს ცამეტი პრეტენდენტი ჰყავდა.

შოტლანდიელებმა არბიტრად ინგლისის მეფე ედუარდ პირველი მოიწვიეს, რომელმაც უპირატესობა ჯონ ბოლიოლს მიანიჭა. ინგლისელი მონარქი შოტლანდიას და მის მეფეს როგორც ვასალს ისე უყურებდა და ყოველმხრივ ცდილობდა მათ დისკრედიტაციას. შოტლანდიელები მალე დაიღალნენ მათი დისკრედიტირებული მეფით და 1295 წელს სტირლინგში აირჩიეს 12 მეურვე,აგრეთვე დადეს ურთიერთდახმარების კავშირი საფრანგეთთან. ამის საპასუხოდ ედუარდი შოტლანდიას შეესია და მათ დანბარის ციხესიმაგრე წაართვა, შემდეგ კი დამამცირებლად აიძულა ჯოლ ბოლიოლი გადამდგარიყო მეფობიდან. ამან შოტლანდიელები აიძულა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გაეჩაღებინათ და აქ გამოჩნდა უილიამ უოლესი. მისი ადრეული კარიერიდან ცნობილია, რომ ის იბრძოდა ედუარდ პირველის ჯარში დაქირავებულის სტატუსით უელსის ლაშქრობაში, სადაც მშვილდოსანი იყო.

უოლესის აჯანყების პირველი აქტია მის მიერ 1297 წლის მაისში ლანარკის ინგლისელი დიდი შერიფის უილიამ დე ჰესელრიგის მკვლელობა. ამის შემდეგ მას შეუერთდა ლორდი დუგლასი და ორივემ გაილაშქრა სკონისკენ, საიდანაც ინგლისელების მიერ დანიშნული მოსამართლე უილიამ დე ორმსბი გააქციეს. მათ ახლა ენდრიუ მორეი და სხვა ლორდები შეუერთდნენ, თუმცა ცოტა ხანში უოლესს მორეის გარდა ყველა ლორდმა უღალატა და ინგლისელებს დამორჩილდა.

სერ უილიამ უოლესი / რეალური ისტორია / მელ გიბსონი

1297 წლის 11 სექტემბერს უოლესმა სტირლინგში ინგლისელები დაამარცხა. ამ ბრძოლის შემდეგ უოლესი და მორეი შოტლანდიის მეურვეები გახდნენ. იმავე წელს სელკერკში უოლესი რაინდად აკურთხეს. 1298 წლის აპრილში ედუარდ პირველი მეორედ შემოესია შოტლანდიას. იმავე წლის 22 ივლისს ფოლკერკში უოლესი დამარცხდა ინგლისელებთან და იმავე წელს გადადგა მეურვეობიდან.

ამის შემდეგ მისი კვალი ბუნდოვანდება და მას მივყავართ საფრანგეთამდე, სადაც იგი იქაური მეფის კარზე დახმარების სათხოვნელად ჩადის. უოლესი შოტლანდიაში დაბრუნდა 1304 წელს, ხოლო 1305 წლის 5 აგვისტოს ინგლისის მეფის ერთგულმა შოტლანდიელმა რაინდმა ჯონ დე მენტითმა დაატყვევა რობროისტონში, გლაზგოსთან ახლოს (ეს ადგილი კელტური ჯვარის ფორმის პატარა მონუმენტითაა მონიშნული) და ინგლისის მეფეს გადასცა.

იგი ჩაიყვანეს ლონდონში, გაასამართლეს ვესტმინსტერ ჰოლში სახელმწიფო ღალატისთვის და დამნაშავედ ცნეს. შემდეგ მიიყვანეს ლონდონის ტაუერამდე, გააშიშვლეს, იქიდან სიკვდილით დასჯის ადგილამდე, სმითფილდამდე (ცენტრალური ლონდონი) ცხენზე გამობმული მიათრიეს, შემდეგ უბრალოდ კი არ მოჰკვეთეს თავი, როგორც ეს მელ გიბსონის ფილმშია ნაჩვენები, არამედ გავრცელებული პრაქტიკის თანახმად ჯერ ჩამოჰკიდეს სახრჩობელაზე, შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალი ჩამოხსნეს, გენიტალიები მოაჭრეს, შიგნეულობა გამოუღეს და მის თვალწინ დაწვეს, შემდეგ თავი მოკვეთეს და ბოლოს ოთხად დაჩეხეს. მისი თავი ფისში ამოავლეს და ლონდონის ხიდზე შუბზე წამოაგეს, ხოლო კიდურები გამოფინეს ნიუქასლში, ბერვიკში, პერთში და სტირლინგში სხვებისთვის მაგალითის მისაცემად. ასეთი იყო მაშინ “ცივილიზებულ” ინგლისში სიკვდილით დასჯა.

უილიამ უოლესის მონუმენტები ამშვენებს შოტლანდიის ქალაქებს. მიძღვნილი აქვს ფილმები, რომანები და ვიდეოთამაში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *