რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

ძველი ინდური იგავი…

ძველი ინდური იგავი...

არის ასეთი ძველი ინდური იგავი: ერთხელ, ათი ბრმა, მდინარის ფონს გადადიოდა. ძალიან ძლიერი დინება იყო და მათ ერთმანეთისათვის ხელი ჰქონდათ ჩაჭიდებული. როცა მეორე ნაპირზე გავიდნენ, ვიღაცამ თქვა: „მოდით დავთვალოთ ვინმე ხომ არ დაგვეკარგა. ძალიან ძლიერი დინება იყო, ჩვენ კი ბრმები ვართ და ვერ დავინახავდით ვინმე რომ წაეღო“.

და მათ თვლა დაიწყეს. რაც არ უნდა უცნაური იყოს ყოველ ჯერზე მხოლოდ ცხრა გამოდიოდა. ყველა ითვლიდა და შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ვიღაც უცხო კაცი ნაპირთან იჯდა და სიცილით იგუდებოდა. ეს ათი ბრმა კი იქვე, გვერდით ქვითინებდა იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი დაიხრჩო.

ბოლოს, უცხო კაცი ბრმებთან მივიდა და ჰკითხა: „რა მოხდა თქვენთან?“

მათ აუხსნეს რაც მოხდა. და მაშინ უცხომ ბრმებს შესთავაზა: დადექით ერთ მწკრივად. როცა მე პირველ თქვენგანს დავარტყამ, მან უნდა თქვას „ერთი“. მეორეს ორჯერ დავარტყამ და მან უნდა თქვას „ორი“. მესამე თქვენგანს სამჯერ დავარტყამ და ის იტყვის „სამი“ და ასე შემდეგ.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მან მოძებნა მეათე, დაკარგული ამხანაგი. ყველა მათგანი მხურვალე მადლობას უხდიდა, მუხლს იყრიდა მის ფეხებთან და ეუბნებოდა: „თქვენ ხართ ჩვენი მხსნელი. ჩვენ კი გვეგონა, რომ ამხანაგი დავკარგეთ. მაგრამ აგვიხსენით, თუ შეიძლება, როგორ მოახერხეთ ეს? ჩვენც ხომ ასევე ვითვლიდით და მეათე არ ჩანდა. როგორ მოხდა, რომ ის ასე მოულოდნელად გამოჩნდა?“

მათ შეკითხვაზე უცნობმა კაცმა უპასუხა: ეს ძველი საიდუმლოა, რომელსაც თქვენ მაინც ვერ გაიგებთ. ასე რომ, განაგრძეთ გზა“.

და რა იყო ეს ძველი საიდუმლო? ის, რომ ადამიანს მიდრეკილება აქვს საკუთარი თავის დავიწყებისკენ. ის მთელ სიცოცხლეს ისე გალევს, რომ საკუთარი თავი არ ახსოვს. ის ყველას ხედავს, ყველას იცნობს, აი საკუთარი თავი კი, ავიწყდება.

მედიტაცია წარმოადგენს ერთადერთ მეთოდს, რომელიც თვითონ თქვენგან იწყებს თვლას: – „ერთი“.

და რამდენადაც ის რომელიმე რელიგიის ნაწილად არ მიიჩნევა, პრობლემა არ იქმნება – ის, შეიძლება მთელ მსოფლიოში იქნას მიღებული, თითოეულ სკოლაში, თითოეულ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში. როცა უნივერსიტეტს დაამთავრებს, თითოეული ახალგაზრდა ღრმა მედიტაციური არსება უნდა იყოს და მედიტაციის აურა მუდამ თან დაჰყვებოდეს. ახლა კი, რაც ახალგაზრდას უნივერსიტეტიდან გამოაქვს, ყველაფერი ხარახურა და სისულელეა. გეოგრაფია მან იცის. სად არის ტიმ-ბუხტუ მან იცის, შეუძლია კონსტანტინოპოლი გაჩვენოთ რუკაზე, მაგრამ თვითონ სადა არის, ეს არ იცის.

პირველი, რის ცოდნაც აუცილებელია ცხოვრებაში, ის არის, თუ ვინ ხართ თქვენ და სად ხართ თქვენ. თუ ეს გეცოდინებათ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი მოწესრიგდება და თქვენ საჭირო მიმართულებით წახვალთ.

© ოშო / მომავლის ადამიანის უფლებები

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა