ტამპლიერები და საქართველო: მითი და რეალობა
მეცამეტე საუკუნიდან ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ჯვაროსნული ლაშქრობების ერა დასასრულს მიუახლოვდა, ტამპლიერები უკვე არანაირი პოპულარობით აღარ სარგებლობდნენ ხალხში, მიზეზები კი მარტივია. თავად ევროპელი მონარქებიც კი მათ საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდნენ. ტამპლიერებს ბრალს დებდნენ გვალვებში, დაავადებებში და ყველანაირ უბედურებაში. მათ მიმართ სიძულვილს ისიც იწვევდა, რომ ეს ბერულ-რაინდული “ღატაკი” ორდენი ოქროში ცურავდა და ყველა ევროპელ ხელმწიფეზე უფრო აღმატებულ სიმდიდრეს ფლობდა. ტამპლიერების გამდიდრების წყაროდ იქცა საბანკო სისტემა, რომელიც მათ მსოფლიოში პირველებმა შექმნეს. ბანკების საშუალებით ისინი დიდ მოგებას ნახულობდნენ. ამას გარდა ფლობდნენ ძალიან დიდ ტერიტორიებს, მდიდრულ სასახლეებს, ციხე-სიმაგრეებს და მონასტრებს.
მალე რომის პაპმა (ფილიპე IV-ს ჩაგონებით) და საფრანგეთის მეფემ, ფილიპე IV ლამაზმა დაიწყეს მოქმედება, რათა ევროპიდან ჩამოეცილებინათ ეს ჯვაროსნული ომის შედეგად წარმოქმნილი მონსტრი, რომელიც უფრო და უფრო მეტ სიმდიდრეს იხვეჭდა. მაიკლ ჰააგი წერს: “რომის პაპს არ სურდა ორდენის დაშლა, რადგან ჯვაორსნული ორდენები მის დასაყრდენსაც წარმოადგენდენ ევროპაში, მაგრამ მძლავრი საფრანგეთის მეფის მოთხოვნები და ტამპლიერთა უკვე ზღვარგადასული სიამაყე და ამპარტავნება აიძულებდა, რომ ემოქმედა. მან თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ ორდენში რეფორმა მოეხდინა ან ტამპლიერები ჰოსპიტალიერებთან გაეერთიანებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ფრანგი მეფის თხოვნით (ზეწოლით!) ისევ მათ დაშლაზე დაიწყო ფიქრი, რაც საბოლოოდ 1307 წელს შინონის პროცესით დასრულდა”.
ყველაფერი ეს რაც რაინდებს გააჩნდათ, ფული, ძალაუფლება და მსოფლიოს მრავალ კუთხეში არსებული მდიდრული ადგილ-მამულები თითქოს მასონურ იდეოლოგიასთან ახლოს დგას. საბანკო საქმე, ფულის ბრუნვა და საზოგადოების ფენებზე ზეგავლენის მოხდენა სწორედ ისაა, რისთვისაც იბრძოდა “თავისუფალ კალატოზთა” ანუ მასონთა ორდენი. თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა და ასეთი არადამაჯერებელი არგუმენტებით ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ ტამპლიერებს და სხვა ჯვაროსნულ ორდენებს ამ საკითხში, ამიტომ ალბათ ჯობს ჩვენც თავი შევიკავოთ და ამ საკითხზე მეტად აღარ გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება.
ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ქართველი ეზოთერიკების და ისტორიკოსების ერთ-ერთი მოსაზრება ფრანგული სიტყვა “ტამპლიერისა” და სვანური “ფუსტელის” სავარაუდო კავშირს შორის.
ფრანგული სიტყვა ტამპლიერი (მეტაძრე) იგივე სვანური ფუსტელი (მეუფლე) იდენტურ ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებს, ამიტომაც მიაჩნდა ზვიად გამსახურდიას ვოლფრამ ფონ ეშენბახის “პარციფალი” გრაალის მოძრაობის სიმბოლოდ. გრაალის მოძრაობის ფუძემდებლებად კი, ამ შემთხვევაში, ფუსტელ-ტამპლიერთა ქართულ-ევროპული სამხედრო-სარწმუნოებრივი ქრისტიანული ორდენები კურთხევის წინ რაინდს მთელი ღამე სამრეკლოში უნდა გაეთია, გამთენიისას თავისი იალაღი საკურთხეველზე უნდა დაეწყო, ღმრთისთვის მიეძღვნა და მესის მოსმენის შემდეგ ზიარებულიყო.
ზოგიერთ შემთხვევაში კურთხევის ძირითად ელემენტს ხმლის წელზე შემორტყმას რაინდი კი არ აღასრულებდა, არამედ ეპისკოპოსი. კურთხევის რიტუალში უდიდეს როლს თამაშობდა ფერის და საგნების სიმბოლიკა. რაინდს ტილოს ან აბრეშუმის თეთრ პერანგს აცმევდნენ მისი უმწიკვლობის სიმბოლოდ, ზემოდან კი ალისფერ სიუროკს – ნიშანს სისხლისას, რომელიც ეკლესიის სახელით უნდა დაეღვარა. შოსი ყავისფერი ეცვა, რამეთუ კაცი მიწას უნდა დაბრუნებულიყო; ქამარი თეთრი ეკეთა, “წელის სიწმინდის” დასტურად; ხმლის ტარი ჯვრით იყო დამშვენებული, ორლესული პირი კი იმ სიმტკიცის და ერთგულების სიმბოლოდ ითვლებოდა, რომელიც რაინდს სუსტის ძლიერისგან და ღარიბის მდიდრისაგან დაცვით უნდა გამოემჟღავნებინა. აქ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ იარაღის სიმბოლო, რომელიც კურთხევისას ცერემონიალს აგვირგვინებდა, – ფუსტაკად (ფესტუცა) იწოდებოდა.
აქ საგულისხმოა ერთი რამ, ტამპლიერის სატიტულე მახვილს ევროპაში თუ ფუსტაკი ეწოდებოდა, საქართველოში მთაში იგივე ვადაჯვრიან ორლესულ მახვილს ფრანგული ეწოდებოდა. ხომ არ არის აქაც იმ უძველესი ქრისტიანულ-რაინდული კავშირების კვალი? ფუსტის საიდუმლო ორდენის შესახებ ცნობებს გვაწვდის XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური დონ ქრისტოფორო დე კასტელიც. იგი წერს, რომ დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ მხარეს “მრავალი ეკლესიაა, რომელიც მდიდარია უამრავი წმინდა რელიკვიით. იმ დროს, როცა ქრისტიანები ომს აწარმოებდნენ მაჰმადიანებთან, მთებში წამოიღეს რელიკვიები, რათა არ გაენადგურებინათ ისინი” (ბ.გიორგაძე. დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბ.1977). კასტელი გვაწვდის ინფორმაციას ფუსტელთა შეიარაღების შესახებაც: “მათი იარაღია შუბი, ხმალი, მშვილდ-ისარი და სხვა, მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავთ, მარცხენაში – ვერცხლის ჯვარი”.
მცირე თუმცა მნიშვნელოვანი დოკუმენტური თუ ლეგენდარული წყაროები საკმაოდ ვრცელ, თუმცა მაინც არადამაკმაყოფილებელ მასალას იძლევა, რადგან საკითხი მეტად საინტერესო და იდუმალია. მრავალმა მეცნიერმა და მკვლევარმა მთელი სიცოცხლე შესწირა სოლომონის ტაძრის ორდენის კვლევას, უამრავი წიგნი და ნაშრომი დაიწერა და არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, თუმცა საკითხი ამოუწურავია და მისი კვლევა ალბათ კიდევ საუკუნეები გაგრძელდება.
ნიკა ხოფერია / წყარო: Ambri Qartveli